Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

ნანა სანდერი საპატიმროს დატოვების შემდეგ, 2026 წლის 6 ნოემბერი
ნანა სანდერი საპატიმროს დატოვების შემდეგ, 2026 წლის 6 ნოემბერი

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა დღეს, 6 ნოემბერს, საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაუფორმდა. მოსამართლე პაატა სილაგაძის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

სასამართლო სხდომაზე ნანა სანდერმა ბრალი აღიარა.

„ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა მან.

2026 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდერი სასამართლო პროცესების განმავლობაში აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ნანა სანდერი 16 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.

სხვა მსჯავრდადებულები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს.

4 ნოემბერს საპატიმრო დატოვეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ბერიძემ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ, ასევე ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას, სასჯელის სახით 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობაა, 2 წელი კი - პირობითი მსჯავრი.

შეთანხმების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკია საპატიმროს 6 ნოემბერს ტოვებს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს უნდა გათავისუფლდეს.

ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. ისინი უკვე გათავისუფლდნენ.

საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ საქმეზე მსჯავრდადებული პოლიტიკოსები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე მსჯავრდადებული აბო ნავერიანისა და მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენები. ნავერიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მეყანწიშვილს კი - 5000-ლარიანი ჯარიმა.

„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე, პოლიტიკოსების ჩათვლით, ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გახდა.

იმ დღეს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის ღობის გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG