სამშობლოში ძებნილმა, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ინტერვიუ მოსკოვში მისცა პრო-რუსული ორიენტაციის მედიაპლატფორმის „საქართველოს ტალღის“ წარმომადგენელს, ვალერი კვარაცხელიას.
6 ნოემბერს Youtube-ზე გასულ ერთსაათიან ვიდეოინტერვიუში ფარცხალაძემ ისაუბრა წლების განმავლობაში დაგროვილ საკითხებზე, – რუსეთში საქმიანობაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, სანქციებზე, „გეორგიევსკის“ ქვედანაყოფსა და ბიძინა ივანიშვილზე.
ინტერვიუს წინ უძღოდა ფარცხალაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ „რუსთა და ქართველთა ერთობის ფონდის“ დაფუძნება, შემდეგ კი რუსეთის საგარეო უწყების მიერ ამ ფონდისადმი მხარდაჭერის გამოხატვა.
რა თქვა ფარცხალაძემ ივანიშვილზე?
კვარაცხელიას შეკითხვაზე, თუ როგორი იყო და არის ოთარ ფარცხალაძის დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილთან და რა ურთიერთობა აქვს დღეს, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა განაცხადა:
„ახლა, ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი. აქეთ ვარ მე და“.
შემდეგ თქვა:
- „ბატონ ბიძინაზე ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის“.
- „თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს“.
- „გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამეა გაკეთებული… ძალიან რთულ პერიოდში მოჰყვა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“.
ინტერვიუს ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც წამყვანმა საქართველოში მის დევნაზე ჰკითხა, ფარცხალაძემ თქვა:
„მე არ მებრძვის კონკრეტულად ქართველი ვინმე ერთი ადამიანი. ისევ ისე, ის 9 წელი ვინც მოგვიტანა, ვინც მოიყვანა ეს ხალხი, და ვინც ქართველებს ტვინს ურეკაცს, ვინც დამასანქცირება. მათი ინტერესია, რაც მეტი პრობლემა შემექმნას, რათა გავჩუმდე“.
რას ამბობდა ივანიშვილი ფარცხალაძეზე
წლების წინ ოთარ ფარცხალაძეს ბიძინა ივანიშვილი უწოდებდა „კაცურ, ვაჟკაცურ კაცს“ და ამბობდა, რომ მისი „დასჯის“ საფუძველი არ არსებობდა.
- ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კი – მისი ახლო მეგობარი.
„კარგი ურთიერთობა მქონდა“ – ფარცხალაძე ჯანგველაძეზე
ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ის იცნობდა ლევან ჯანგველაძეს, – რომლის მკვლელობის ორგანიზებასაც ედავებიან და რასაც უარყოფს, – და კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან.
„ეს საქმე შეკერილია თავიდან ბოლომდე. ლევანი ჯანგველაძის მკვლელობაზე გესაუბრებით. მე მაგ ადამიანს ვიცნობდი, მქონდა ჩემი ურთიერთობა, ვხვდებოდით ხოლმე. კარგი ურთიერთობა მქონდა“, – თქვა მან.
„დანარჩენი – ბევრს არ ვილაპარაკებ ამ საქმეზე – ყველაფერი სიცრუეზეა აგებული“, – განაცხადა მან და დეტალებზე აღარ უსაუბრია.
მისი თქმით, ეს ბრალდება გამომდინარეობს მისი კავშირიდან რუსეთის ფედერაციასთან:
„პირველი ეს არ მოეწონა დასავლეთს, დამასანქცირეს. აი, მაგის მერე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ მკვლელობაზე [ბრალდება], ამას დაამატეს მეორე, თითქოს ქოლცენტრებში ვიყავი. ეგეც სისულელეა, პირდაპირ გეტყვით. არანაირი შეხება დანაშაულთან არ მქონია“, – განაცხადა მან.
გვარში რომანოვის დამატებაზე
ფარცხალაძემ პირველად ისაუბრა საჯაროდ გვარში რომანოვის დამატებაზე: „ჩემი წინაპარი იყო კნიაზი რომანოვი, საველი ზახარიჩ რომანოვი, რომელიც მოღვაწოებდა საქართველოში“, – განაცხადა მან.
„ის იყო რუსი „კნიაზი“, თავადი. დოკუენტარად ყველაფერი აღვადგინე, რაც შემეძლო“, – თქვა მან.
„ვიღაცებს რომ კითხოთ, – ოპოზიციურ მედიას – ფსბ-მ საჩუქრად მისცაო. გვარის ჩუქება პირველად გავიგე“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
„დალაგდი რუსეთთან, შე მამაცხონებულო“
ოთარ ფარცხალაძის თქმით, საქართველოს მომავალი მხოლოდ „რუსეთთან ერთად“ წარმოუდგენია. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „რუსეთი მტერი არ არის“, „რუსეთი ერთადერთი მოკავშირეა“ და მასთან „დალაგებაა საჭირო“.
„დალაგდი რუსეთთან, შე მამაცხონებულო! სამუშაო ადგილებიც იქნება, ყველაფერიც. ქართველს თავისი ადგილი ყოველთვის ექნება რუსეთში. რა თქმა უნდა, წესიერად თუ მოიქცევიან“, – განაცხადა მან.
თქვა შემდეგი ფრაზებიც:
- „ნამდვილად რუსეთს ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. ძალიან კარგი ზრახვები აქვს ჩვენს მიმართ“;
- „რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი… ცხრა წელი რაც იყო იმათი თარეში, რამაც მიგვიყვანა აქამდე, იქიდან უცებ მივიდეთ, „აბა დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი“, ასე არ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და გზა ელოდება საქართველოს. თუმცა იმ 35 წელზე ბევრად კარგი და იოლი გზა იქნება“.
დანაყოფ „გეორგიევსკზე“
ოთარ ფარცხალაძემ ამავე ინტერვიუში ისაუბრა 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით დაფუძნებულ „უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რაზმ გეორგიევსკზე“.
„რუსეთის მხარეს იბრძვის ძალიან ბევრი ქართველი. აქედან გამომდინარე დავაფუძნეთ „გეორგიევსკი“, სადაც ქართვლებს შეეძლებათ… ბევრი მირეკავს და ბევრნი მოვიდნენ ბიჭები, სხვადასხვა ბატალიონიდან, ზოგი უკვე ნაბრძოლი იყო და კონტრაქტები აღარ ჰქონდა. ძალიან დიდი [ენთუზიაზმია]“, - თქვა მან.
„მე დავანახე ყველას, რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები“, - განაცხადა მან. დეტალებზე არ ისაუბრა: „სამხედრო საიდუმლოებაა, ამის იქით… კარგად ყველაფერი, როგორც უნდა მიდიოდეს“.
ფარცხალაძე - კვლავ დუმის კომიტეტის მრჩეველი
მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო დუმაის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის ექსპერტია და დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვთან მუშაობს:
„მე ექსპერტი ვარ „გოს. დუმაში“ ისევ, ოთხი წელი ვიყავი და ახლა კიდევ გამიგრძელეს „ესენგეს“ კომიტეტში, კალაშნიკოვთან“, – განაცხადა მან [სტილი დაცულია].
„იქ ბევრი მეგობარი მყავს. ყველა გვეხმარება. ყველა მოხარულია ამითი, რომ იქნებ საქართველოსთან ყველას უნდა აღდგენა დიპლომატიის და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებსაც უნდა. მოვა ეგ დრო აუცილებლად, ვერ გავექცევით“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
სანქციები და ბრალდება ფარცხალაძეს
ვაშინგტონმა 2023 წელს მას უწოდა „ქართველ-რუს ოლიგარქი“, რომელსაც რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა, – რაც გახდა მისი სანქცირების საფუძველი.
დასანქცირებულ ფარცხალაძეს პარტიასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებიც იცავდნენ. ეროვნულმა ბანკმა „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში - „საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 19 სექტემბერს, ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებისას, მიზეზად დაასახელა მისი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
2025 წლის 29 დეკემბერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ფარცხალაძე დაასახელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა.
2026 წლის თებერვალში ფარცხალაძეს დაემატა 2020-2023 წლებში თაღლითური ქოლცენტრების დანაშაულებრივი სქემის მფარველობა ფულის გათეთრების მიზნით.
ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა „უცხოელი პატრონების დავალებით შეკერეს“.
ფორუმი