Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, ლტოლვილის სტატუსი კი ხუთს მიენიჭა

სტატისტიკა შსს-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკა შსს-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, მათ შორის 77 არასრულწლოვანი. ეს 2,4-ჯერ აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს, როცა ქვეყნიდან 1 311 ადამიანი გააძევეს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 363 იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გაძევებულთა დაახლოებით მეოთხედი თურქეთის მოქალაქე იყო (791). რაოდენობით შემდეგ მოდიან ინდოეთის (306), თურქმენეთის (274), რუსეთის (254) და ირანის (180) მოქალაქეები. ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში 2 017 ადამიანი მოათავსეს. მათ შორისაც ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო (292).

იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 493 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ყველაზე მეტი უკრაინის (169), თურქეთის (83) და ინდოეთის (45) მოქალაქე იყო. ამავე პერიოდში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი 461 ადამიანს ეთქვა.

ლტოლვილის სტატუსი ხუთ ადამიანს მიენიჭა. მათგან სამი ეგვიპტის მოქალაქეა (ორი კაცი და ერთი ქალი), დანარჩენი ორი კი ირანისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან (ორივე ქალი).

დამატებითი დაცვა 17 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის იყო უკრაინის 14 მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ორი არასრულწლოვანი, რომელთა მოქალაქეობაც დადგენილი არ არის.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დამატებითი დაცვა შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული ზიანის რეალური საფრთხე ემუქრება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. 18 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის მიზანია, საქართველოში უკანონო მიგრაცია „რამდენიმე წელიწადში“ აღმოფხვრას. 2026 წლის სამიზნე მაჩვენებლად მან 4 000 ადამიანის გაძევება დაასახელა.

„ოცნებამ“ საიმიგრაციო კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გაამკაცრა, მათ შორის გაამარტივა უცხოელთა გაძევების პროცედურა. 1 მარტიდან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს სამუშაოდ შრომითი საქმიანობის უფლება სჭირდებათ. ეს უფლება კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობისთვის არ გაიცემა.

საქართველოდან გაძევებულთა შორის არიან უცხოელებიც, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური დევნის საფრთხეზე მიუთითებდნენ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG