კანადის სამთავრობო საიტზე ახალი სანქციების დაწესების თარიღად მითითებულია 5 ნოემბერი. შემზღუდავი ზომების სამიზნედ ამჯერად იქცნენ 38 ორგანიზაცია და 24 პირი და მიზანი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი შეზღუდვაა - მისი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის ელემენტების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილე აქტორები და რუსეთის კიბერმოქმედებები. ახალი სანქციები აგრეთვე გამიზნულია რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ეკონომიკური ფასის გაზრდაზე - მისი ფინანსური ხელშემწყობების (კრიპტოკომპანიების ჩათვლით) მიზანში ამოღებით.
კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომს და სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად ის ეყრდნობა სანქციების გვერდისასავლელ ქსელებს.
ახალსანქცირებულ 38 ორგანიზაციას შორისაა: "ოზონ ბანკი", "უაილდბერიზ ბანკი" და "იანდექს ბანკი"; აგრეთვე "ვოტკინსკისა" და "კამენსკის" ქარხნები; "ექსმო იქსჩეინჯი", "რაპირა გრუპი", "აიფორი" და სხვები.
ინდივიდებს შორის არიან ტექნოლოგიების სპეციალისტები, სხვადასხვა კომპანიის მეწილეები და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები.
“კანადა მიმართავს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრის ზომებს. კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას და გავაგრძელებთ რუსეთის მიმართ ზომების მიღებას, სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და პატივს არ სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.
2014 წლიდან დღემდე კანადამ დაასანქცირა 3500-ზე მეტი პირი და ორგანიზაცია, აგრეთვე 700-ზე მეტი გემი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევებში.
ფორუმი