რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ბათუმი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
ბათუმი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას მოთხოვნა - წინასწარ განესაზღვრა, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღსრულდებოდა. შუამდგომლობას ყველა მოპასუხე მხარე შეუერთდა.

გვარამიას მოთხოვნა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი სასამართლოს სთხოვდა, დასკვნით სიტყვებამდე განესაზღვრა, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში აკრძალვისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგების ამოქმედება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ მცირე ერთი თვით გადაიდებოდა. მისი განმარტებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოპასუხე მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებისთვის მიმართოს და შეუქცევადი შედეგების დადგომამდე სამართლებრივი დაცვით ისარგებლოს.

გვარამიამ სამი მოთხოვნა ჩამოაყალიბა:

  • სასამართლომ დასკვნით სიტყვებამდე განსაზღვროს გადავადების საკითხზე პოზიცია;
  • საბოლოო გადაწყვეტილებაში მიუთითოს გადავადების ზუსტი ხანგრძლივობა და შედეგების ამოქმედების თარიღი;
  • გაითვალისწინოს, რომ შუამდგომლობა მოპასუხის ძირითად პოზიციას არ ცვლის - „კოალიცია“ სარჩელს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მის დაკმაყოფილებას ეწინააღმდეგება.

ამასთან, გვარამიამ განმარტა, რომ ერთთვიანი ვადა მისთვის „წითელი ხაზი“ არ არის და სასამართლოს შეუძლია სხვა გონივრული ვადაც განსაზღვროს. მისი თქმით, პრინციპულია გადაწყვეტილების მიღებისა და აკრძალვის შედეგების ამოქმედების დროში გამიჯვნა.

გადავადების საკითხზე პასუხს იგი წინასწარ ითხოვდა, რადგან, მისი განმარტებით, თუ დროის არქონის შესახებ მხარე მხოლოდ აკრძალვის მომენტში შეიტყობს, სამართლებრივი დაცვისთვის მომზადებას ვეღარ შეძლებს.

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი

მოთხოვნის დასასაბუთებლად გვარამიამ სასამართლოს პრაქტიკა მოიყვანა, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება კერძო თუ საჯარო ინტერესების დასაცავად გადავადებულა.

მან მიუთითა საქმის განხილვისთვის გათვალისწინებულ 9-თვიან ვადაზე და იმაზეც, რომ მოსარჩელემ წინა სარჩელები თავად გამოითხოვა და ხელახლა შეიტანა, რითაც განხილვის დაწყება გაახანგრძლივა.

გვარამიას მთავარი არგუმენტი აკრძალვის შედეგების შეუქცევადობაა. მისი თქმით, პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას მოჰყვება ორგანიზაციული დაშლა, დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემა და წევრების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის საფრთხე, ხოლო სტრასბურგში საქმის მოგების შემდეგ პარტიის აღდგენის სპეციალური საპროცესო მექანიზმი ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს.

მან მაგალითად მოიყვანა „მემორიალის“ საქმე, რომელშიც, მისი განმარტებით, რუსეთმა ორგანიზაცია ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მიუხედავად გააუქმა, და „რუსთავი 2-ის“ საქმე, როდესაც საქართველოში გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის მითითებით შეჩერდა. გვარამიამ ხაზი გაუსვა, რომ არ ითხოვდა პარტიის შენარჩუნებას სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე - მას სურდა, ევროპულ სასამართლოს დროებით ღონისძიებაზე მსჯელობა პარტიის დაშლამდე შესძლებოდა.

ევა გოცირიძის შეთავაზება

განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ კოლეგებს შესთავაზა, შუამდგომლობა ამ ეტაპზე განუხილველად დაეტოვებინათ და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ემსჯელათ, თუ რომელიმე პარტიას არაკონსტიტუციურად ცნობდნენ.

„ამ ეტაპზე წინასწარ იმის დაბევება, რომ ჩვენ აუცილებლად ასე მოვიქცევით, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული იქნება და ცოტა არასერიოზული იქნება“, - თქვა გოცირიძემ.

მოსამართლემ ეჭვქვეშ დააყენა აკრძალვის შედეგების შეუქცევადობის არგუმენტიც. მისი განმარტებით, სტრასბურგის მიერ დარღვევის დადგენის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვოს, რასაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. გოცირიძემ აღნიშნა, რომ გვარამიას არგუმენტებში რაციონალურ ელემენტებს არ გამორიცხავს, თუმცა საკითხი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს.

გვარამიამ უპასუხა, რომ შუამდგომლობის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაუწყვეტლად დატოვება მისთვის ფაქტობრივად უარს ნიშნავს, რადგან მოპასუხემ წინასწარ უნდა იცოდეს, ექნება თუ არა დრო სამართლებრივი დაცვისთვის. მან განმარტა, რომ პასუხს დაუყოვნებლივ არ ითხოვდა:

„ჩვენ ვითხოვთ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტას [...] დასკვნით სიტყვებამდე - არც დღეს, არც ზეგ, არც მაზეგ“.

რევაზ ნადარაიას განმარტება

ადგილზე თათბირის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ პლენუმმა შუამდგომლობა ერთხმად არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, აღსრულების განსხვავებული ვადა თავად გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე წინასწარ, ცალკე განჩინებით გადაწყვეტილების მიღებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

მან ამ ეტაპზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას „სამართლებრივი ნონსენსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას პლენუმის მთელი შემადგენლობა იზიარებს.

ნადარაიას თქმით, აღსრულების გადავადების შესაძლებლობაზე მსჯელობა თავად საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს, მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლების გათვალისწინებით.

რას ითხოვს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.

​
XS
SM
MD
LG