წითლიძის განცხადებით, წინა სხდომაზე გოცირიძის შეფასებები და მოპასუხეთა პასუხებზე მისი რეაქციები მოსამართლის მიუკერძოებლობაში დასაბუთებულ ეჭვს აჩენდა. მან, სხვა განცხადებებთან ერთად, მოიყვანა გოცირიძის კითხვა: „მმართველი პარტია არ არის დამნაშავე საერთოდ?“
ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ პრეტენზია მოსამართლის მიერ მწვავე შეკითხვის დასმის უფლებას არ ეხებოდა: „საკითხი არის ის, რომ ხომ არ გამოავლინა მოსამართლემ წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება იმ სამართლებრივ საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც მას ჯერ კიდევ წინ აქვს“.
სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას განცხადებით, პლენუმმა გოცირიძის კითხვებში წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციის ნიშნები ვერ დაინახა. მისი თქმით, მწვავე შეკითხვა არ ნიშნავს, რომ მოსამართლეს საქმეზე მოსაზრება უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
„ვერავინ ვერ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა“, - თქვა ნადარაიამ.
გოცირიძემ განმარტა, რომ მისი კითხვები ეხებოდა მკვლელობებს, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული განაჩენები არსებობს, ამ საქმეების გამოუძიებლობას წინა ხელისუფლების პირობებში და პრეზიდენტის მიერ იმ პირების დაჯილდოებას, რომლებიც მოგვიანებით დამნაშავეებად ცნეს. მისი თქმით, სწორედ ამ კონტექსტში იკითხა, შეიძლებოდა თუ არა დაჯილდოება დანაშაულის წახალისებად შეფასებულიყო.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.
ფორუმი