თავდაპირველად ყურადღების ცენტრში იქნება პარლამენტის ახალი სპიკერის არჩევის პროცესი, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომიდან იწყება ახალი მთავრობის ჩამოყალიბების 90-დღიანი ვადის ათვლაც.
“სტუდენტური სია”, ალექსანდარ ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყნის საჭესთან იკავებს ადგილს. თუმცა, ულიდერო მოძრაობას ჯერაც გამოსაცხადებელი აქვს სპიკერობის, პრემიერმინისტრობისა და სხვა წამყვანი თანამდებობების კანდიდატთა სახელები.
კანონის უზენაესობა
მილან ბოგუნოვიჩმა, ყოფილმა ვეტერინარმა, რომელიც “სტუდენტური სიით” აირჩიეს დეპუტატად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ბალკანურ სამსახურს უთხრა, რომ მისი უმთავრესი ამოცანა ვუჩიჩის წლებში შექმნილი ავტორიტარული სისტემის მოშლაა:
“კანონის უზენაესობის დამყარება, კანონის დაცვისა და სისტემის სათანადოდ ფუნქციობის უზრუნველყოფა. ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში მოიშალა, უნდა ამუშავდეს”.
ბოგუნოვიჩის ნათქვამს ეხმიანება მისი კოლეგა მირზა რამუსოვიჩი, 35 წლის იურისტი სერბეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ნოვი პაზარიდან, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ბოსნიელია:
“14-წლიანი პოლიტიკური სტაგნაციისა და უიმედობის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა რეფორმების განხორციელებისა და სერბეთის ახალი კურსის განსაზღვრისთვის”.
“სტუდენტური სია” აღმოცენდა სტუდენტური მოძრაობიდან, რომელიც ორი წლის განმავლობაში უძღვებოდა მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს და ხელისუფლებისგან მოითხოვდა პასუხს 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევისა და შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის გამო.
“სტუდენტური სიის” პლატფორმა ორიენტირებულია კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზე.
სერბეთის პარლამენტის ახალი უმრავლესობის პირველი გამოცდა იქნება ახალი სპიკერის არჩევა. მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საკანონმდებლო დღის წესრიგი განსაზღვრაში. ამასთან ერთად, ახალი სპიკერი შეასრულებს ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას (ალექსანდარ ვუჩიჩი 2026 წლის ივნისში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან). საპრეზიდენტო არჩევნები წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.
ახალი სპიკერის არჩევამდე, პარლამენტს მისი უხუცესი წევრი, ამ შემთხვევაში - ვუჩიჩის “ერთიანი სერბეთის” სიით გასული 78 წლის მათემატიკოსი სტოიან რადენოვიჩი.
ახალი პოლიტიკური კულტურა
ალექსანდარ ვუჩიჩი უხელმძღვანელებს “ერთიანი სერბეთის” საპარლამენტო ფრაქციას, რომლის წამყვანი სუბიექტი ვუჩიჩის “სერბეთის პროგრესული პარტიაა” (SNS). პარტიაში არ უპასუხეს რთე/რთ-ის შეკითხვებს. ვუჩიჩი იძლევა დაპირებას, რომ ოპოზიციაში “წესიერად და პასუხისმგებლობით მოიქცევა”.
პოლიტიკის მკვლევარმა დუშკო რადოსავლიევიჩმა თქვა, რომ SNS-მა ვერასდროს ისწავლა საპარლამენტო ქცევა:
“როცა ის აკონტროლებდა პარლამენტს, მან ის ცირკად აქცია”.
ვუჩიჩის საპარლამენტო უმრავლესობას ხშირად ადანაშაულებდნენ საპარლამენტო პროცედურების უგულებელყოფაში. წლების განმავლობაში, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული არც კანონები და არც შესწორებები არ მიუღიათ.
საპარლამენტო სხდომების გაძღოლისას, ყოფილ სპიკერს ანა ბრნაბიჩს აკრიტიკებდნენ მიკერძოების, წესებისა და პროცედურების შერჩევითად გამოყენებისა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ტრიბუნის არდათმობის გამო.
ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნებოისა ვლადისლავლიევიჩმა რთე/რთ-ს უთხრა, რომ ახალი პარლამენტის ხასიათი განპირობებული იქნება მისი საექსპერტო შემადგენლობით:
"სტუდენტური სია” ექსპერტებით დომინირებული სიაა - ერთგვარი ტექნოკრატიული ბილეთი, რომელიც აერთიანებს უამრავ მეცნიერებათა კანდიდატსა და უნივერსიტეტის პროფესორს. მოქალაქეები ცალსახად უკმაყოფილოები იყვნენ გამოცდილი პოლიტიკოსების მოქმედების ნირით”.
დუშკო რადოსავლიევიჩს მიაჩნია, რომ “სტუდენტური სიის” კვალიფიკაცია შესაძლოა უკეთესი კანონების მიღების საწინდრად იქცეს:
“როცა იქნება არსებითი კანონმდებლობის განხილვა, იქნება ეს განათლების, ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის სფეროებში, პარლამენტში იქნება ბევრი ადამიანი, ვისაც ეს საკითხები მართლა ესმის”.
ფორუმი