Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრის საერთაშორისო დღე


მაიკლ ჯექსონი და ელიზაბეტ ტეილორი 1980 წელს დამეგობრდნენ. მაიკლ ჯექსონი, როგორც ელიზაბეტ ტეილორი ამბობდა, ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა მისთვის - მათ ერთად მოაწყვეს რამდენიმე საქველმოქმედო საღამო გაჭირვებული ბავშვებისთვის. ლიზ ტეილორს იმდენად მოსწონდა ეს საქმე, რომ თავისი ავადმყოფობა გადაავიწყდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ალკოჰოლზე. ამიტომ მაიკლის დაღუპვა მისთვის ნამდვილი შოკი იყო. 2009 წელს ელიზაბეტ ტეილორს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, ამჯერად გულზე. ამ კვირაში 79 წლის მსახიობი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ლიზ ტეილორის ბიოგრაფია საუკეთესო მასალაა ჰოლივუდის მელოდრამისთვის. თუმცა შთამბეჭდავია არა მარტო ელიზაბეტ ტეილორის პირადი ცხოვრება, არამედ მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიაც. მსახიობი, რომელსაც ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში ”უნიჭო თოჯინად” მიიჩნევდნენ, 60-იან წლებში მოგვევლინა როგორც შექსპირის, ოლბის გმირების ბრწყინვალე ინტერპრეტატორი, მერე კი, 70-იან წლებში, როცა წონაში საგრძნობლად მოიმატა, თითქმის დაანება თავი კინოში მუშაობას. როგორც თეატრის ბრწყინვალე მსახიობი, თეატრმცოდნეების თქმით, იგი არასდროს ყოფილა ყალბი სცენაზე და ყველა როლს იმ ტკივილით ავსებდა, რომელიც ცხოვრებაში განეცადა. გამოდის, რომ ტკივილი და ცხოვრებისეული გამოცდილება მხოლოდ ეხმარება მსახიობს გადალახოს ხელოვნურობა ეკრანსა და სცენაზე, რაც კიდევ უფრო რთულია, თუკი თეატრის ზედმიწევნით პირობით ენას გავითვალისწინებთ.
ელიზაბეტ ტეილორი და მაიკლ ჯექსონი

ამ თვალსაზრისით, გასულ კვირაში ერთი დამთხვევა მოხდა. თეატრისა და კინოს მოყვარულები ელიზაბეტ ტეილორს იხსენებენ და 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე მსოფლიოში 1961 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს თეატრის მოღვაწეთა დაახლოებას მთელ მსოფლიოში თეატრალური ხელოვნების ენის გასამდიდრებლად.გაგახსენებთ, რომ ძველბერძნულად სიტყვა ”თეატრი” ნიშნავს ადგილს, სადაც უყურებენ, ე.ი. სანახაობას. მაგრამ თეატრის ისტორია ამავე დროს სანახაობის აღქმის ისტორიაცაა. ჯერ მაყურებლის კათარზისი გართულდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაყურებლის ერთ ნაწილს არ მოსწონს სცენიდან მანიპულაცია, მერე ბრეხტი მოვიდა და ”გაუცხოების ეფექტი” შექმნა. თეატრი იცვლებოდა, მაგრამ სიყალბეს და ხელოვნურობას მაყურებელი უფრო ადვილად აღიქვამდა.

დღეს საქართველოში ისევ საუბრობენ თეატრალური ხელოვნების კრიზისზე. კარგი პრემიერა, სპექტაკლი, რომელიც შეძრავდა ქართულ კულტურულ ცხოვრებას, რომელზეც ილაპარაკებდნენ, იკამათებდნენ, დიდი ხანია არ გამართულა. ამას ზოგი ფინანსური პრობლემებით ხსნის, ზოგი შემოქმედებითი კრიზისით. გავრცელებულია აზრი, რომ თეატრს მაყურებელი ტელევიზიამ წაართვა, უფრო მეტიც, ”პოლიტიკურმა თეატრმა”. თუმცა ბოლო დროს იმასაც ამბობენ, რომ თეატრის გარეთ, ქუჩაში, მოედნებზე ხელისუფლების მიერ დადგმულმა სანახაობებმა სრულიად დააკმაყოფილა თეატრზე ადამიანების მოთხოვნილება.
ელიზაბეტ ტეილორი

ტოტალიტარული რეჟიმი როცა განვლილი გაქვს, სიყალბე ვერ უნდა მიიღო, თუმცა საქართველოზე ამას ნამდვილად ვერ იტყვი. ხელოვნური, იმიტირებული, მოდელირებული რეალობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ცხოვრება მართლაც გადაიქცა თეატრად.

განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ თანამედროვე ქართული თეატრალური ხელოვნება თავიდან ბოლომდე გასართობმა ჟანრმა დაიპყრო. აკადემიური თეატრი ნელ-ნელა ემსგავსება შოუს ”მღერიან და ხუმრობენ მსახიობები”, რადგანაც ეს ყველაზე რეიტინგული შოუა. ბუნებრივია, რომ ფინანსების გარეშე დარჩენილ თეატრებს სურთ მაყურებელი დაიბრუნონ.

სხვათა შორის, 1962 წელს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში ჟან კოქტომ იმედი გამოთქვა, რომ თეატრი, პირველ რიგში, თავისუფლების შეგრძნებას დაუბრუნებს მაყურებელს. უყურო სანახაობას ისე, რომ დაკარგო საკუთარი თავი, ძალიან ძნელია. ამისათვის თავად არ უნდა იყო ყალბი. და თუ არტისტი ხარ, იმას მაინც უნდა შეეცადო, რომ ითამაშო, მაგრამ არ მოიტყუო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG