Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერალური სოციალური ქსელები


სოციალურ ქსელებში ფედერალიზმი შენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური ქსელების შექმნაში ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. დღეს სოციალურ ქსელებს რამდენიმე კორპორაცია აკონტროლებს. ფედერალური სოციალური ქსელების იდეის ავტორები კორპორატიული მართვით გამოწვეულ სეგრეგაციას ებრძვიან.

ფეისბუკს აქვს ასეთი ღილაკი - „ჩამოტვირთე შენი თავი“. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ შეგიძლია ყველა შენი პოსტი, სურათი, ჩანაწერი, კომენტარი ერთ ფოლდერში, საკუთარ კომპიუტერში, გქონდეს. თუმცა ეს ყველაფერი უკვე მანამდე ფეისბუკს საკუთარ სერვერებზე აქვს განთავსებული. კომპანიას რამდენჯერმე თავის მართლება მოუწია დასავლური პრესის ფურცლებზე, რომ კომპანია ამ ინფორმაციას არ ყიდის. ფეისბუკს ეს დღეს წესებშიც ცალსახად აქვს მითითებული. თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება. შენი სოციალური იდენტობა - ისევე როგორც შენი სოციალური კავშირები - ერთი კომპანიის ხელშია. საჭიროების შემთხვევაში ფეისბუკს შეუძლია ეს ინფორმაცია არა მარტო რეკლამის მიმცემებს არამედ მთავრობას მისცეს და შენი პრივატულობა დაარღვიოს. ის, რაც მიგაჩნია, რომ შენია, რეალურად არის კომპანიის ინფორმაცია შენზე. ამაში კი პრობლემას სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს. მაგალითად, ჟურნალი „ეკონომისტი“ წერს, რომ სოციალური ქსელების მმართველი კორპორაციები არა მარტო იყენებენ იდენტობაზე ინფორმაციას, არამედ ანონიმურობას უქმნიან საფრთხეს - ლაიკის ღილაკებისა და კუკიების მეშვეობით ახერხებენ ჰქონდეთ ინფორმაცია არა მარტო შიგნით, სოციალურ ქსელში, თქვენი ყოფნის შესახებ, არამედ ინფორმაცია მის გარეთ, ვებზე, თქვენი საქმიანობის თაობაზეც. ყველაფერი - რა გაინტერესებთ, რაზე როგორი რეაქცია გაქვთ, რას ეძებთ ქსელში, ვის ეკონტაქტებით, მოკლედ, ყველაფერი… იმის საჩვენებლად, რომ ნეტში ანონიმურობა რისკის ქვეშ დგას, „ეკონომისტმა“, მაგალითად, გუგლის წარმომადგენლის, ერიკ შმიდტის, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლიდან ციტატა გამოაქვეყნა:

„აბსოლუტურ ანონიმურობას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს ვითარება, რომელშიც ჩვენს მთავრობებსა და მთლიანად საზოგადოებას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუხდება.“

დიახ, საჭირო თუ გახდა, ანონიმურობა დაირღვევა, რადგან ’რთული გადაწყვეტილებები’ საკმაოდ ძნელად მოსახელთებელი დეფინიციაა… ასეა თუ ისე, დასავლურ სივრცეში მსგავს დეტალებზე სენსიტიურობა საკმაოდ მაღალია. შეიქმნა ინტერნეტლოზუნგები, გაკეთდა საჯარო განცხადებები. ამ ყველაფრის იდეა მარტივია: ’უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი სივრცე!’ გავლენიანი ინტერნეტუფლებების დამცველი კომპანია, „ელექტრონული ფრონტიერ ფაუნდეიშენი“ (EFF), წერს:

„ფაქტების ფოტოების, ადგილმდებარეობებისა და სხვა პერსონალური დეტალების მონოლითური სოციალური ქსელის კორპორაციისთვის გადაცემით ჩვენ თავისუფლების იდეას საფრთხის ქვეშ ვაგდებთ, რადგან ამ კორპორაციების ბიზნესმოდელები ძირითადად დაფუძნებულია თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე და ფულად ქცევაზე. და, ამას გარდა, ისინი შესაძლოა მგრძნობიარენი იყვნენ სამთავრობო ზეწოლითი ტაქტიკების მიმართ.

ვთქვათ, გადაწყვიტე, რომ არ მოგწონს ეს მიდგომა კომუნიკაციის პროცესში და გინდა კარი გაიჯახუნო, თუმცა მეორე მთავარი პრობლემა სწორედ აქ იწყება. ამ პრობლემაზე ვებანალიტიკოსი ლორან ეშენაუერი საუბრობდა სოციალური ქსელებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი კონფერენციის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში:

„მაგალითად, გაბრაზდი სოციალური ქსელის რომელიმე მომწოდებელზე. შეგიძლია კარი მიუჯახუნო და წამოხვიდე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მაშინვე კარგავ კონტაქტს ყველა მეგობართან, რომელიც ქსელში რჩება. ანუ, თუ წახვედი სხვა პროვაიდერთან, რომელსაც ენდობი, ვერ შეინარჩუნებ ურთიერთობას მეგობრებთან, რომლებიც პირველ პროვაიდერთან დარჩნენ.“

როგორც ხვდებით, სოციალური ქსელი მარტო ერთი არაა, მაგრამ მათი მოდელები ერთმანეთის მსგავსია. იმისათვის რომ თავისუფლება იგრძნო სოციალურ ქსელში, შენ იქ უნდა დარეგისტრირდე. როგორც „ელექტრონიკ ფრონტიერ ფაუნდეიშენი“ წერს:

„წარმოიდგინე ვები როგორც გახსნილი ზღვა. რომ იხმარო, მაგალითად, ფეისბუკი, შენ ფეისბუკის კუნძულზე უნდა გადახვიდე და აიშენო იქ ფეისბუკის სახლი და უნდა გყავდეს ერთი ფეისბუკის მმართველი. სხვა კუნძულებთან შენ კონტაქტს კარგავ.“

ეს კი პრობლემაა. მაგალითად, შენ შეგიძლია დაურეკო ნებისმიერ ადამიანს, რომელი სატელეფონო კომპანიის სერვისითაც უნდა სარგებლობდეს იგი; შენ შეგიძლია მეილი მისწერო ასევე ნებისმიერ ადამიანს იმავე პრინციპით. თუმცა ასე არ ხდება სოციალურ ქსელებში, კორპორაციული სეგრეგაცია კი სირცეში, რომლის მთავარი ფუნდამენტი ღიაობა და უნივერსალური კავშირია, საფრთხედ არა მარტო ახალგაზრდა დეველოპერებმა, არამედ ვვვ-ს, ანუ მსოფლიო ქსელის, ეგრეთ წოდებული „აბლაბუდის“ შემქმნელმა ტიმ ბერნს ლიმაც აღიქვა. ტიმ ბერნს ლიმ ამ თემაზე საჯარო განცხადება გააკეთა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა:

„კავშირის თავისუფლება ნებისმიერი აპლიკაციით ნებისმიერ ჯგუფთან არის ფუნდამენტური სოციალური ბაზისი ინტერნეტისა და ახლა ეს არის ფუნდამენტური ბაზისი საზოგადოებისა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ინტერნეტში.“

დიახ, ვვვ, ანუ მსოფლიო ინტერნეტაბლაბუდა, ტიმ ბერნს ლიმ შექმნა. მაშინ იყო აზრი,რომ ქსელი თავისუფალია და ასეც იყო. თუმცა მოგვიანებით ამ თავისუფალ სივრცეზე კორპორაციები აღმოცენდნენ. დღეს უმრავლეს შემთხვევაში კომუნიკაციას სწორედ ისინი აკონტროლებენ და, რაც მთავარია, კორპორაციები ერთმანეთთან ბაზრის დიდი წილისათვის ბრძოლაში აშენებენ კედლებს მომხმარებელთათვის. ანუ, მაგალითად, გინდა ფეისბუკის სიკეთენი?- გახდი ფეისბუკის წევრი. არ მოგწონს რაიმე?- წადი, მაგრამ დაკარგავ ყველაფერს, რაც აქ გაქვს. მავანი შესაძლოა ამას საბაზრო კანონებით ხსნიდეს, მაგრამ, აი, რას ფიქრობს ტიმ ბერნს ლი, მსოფლიო ქსელის შემქმნელი, რომელიც ტედის კონფერენციაზე საუბრობს:

„მონაცემები, მონაცემები, მონაცემები... ნებისმიერ დროს, როცა შენ სოციალურ ქსელს იყენებ, სოციალური ქსელი იღებს შენს მონაცემებს და იყენებს მას, მიზანს აძლევს მას. კი შესაძლოა ითქვას, რომ ის იყენებს მას იმისათვის, რომ სხვა ადამიანების ყოფნა სოციალურ ქსელში იყოს საინტერესო, მაგრამ როგორც კი მიდიხარ სხვა სოციალურ ქსელში, რომელიც, მაგალითად, მოგზაურობაზეა, და ფიქრობ, აი, მე მინდა ეს ფოტო ჩემს მეგობრებს გავუგზავნოო, მაგრამ კედლებს ვერ ახტები, ეს ფრუსტრაციაა. ამიტომ სიტუაციიდან გამოსავალი დაკავშირებული დატაა, დაკავშირებული მონაცემები.

დაკავშირებულ დატას ინტერნეტში კონკრეტული სახელი - ფედერალური სოციალური ქსელები დაერქვა. „ელექტრონიკ ფრონტიერ ფაუნდეიშენი“ წერს:

„დღეს დადგა რეალობა, როცა ახალი კვალი უნდა გაიჭრას ქსელში, რომელსაც ჰქვია ფედერალური სოციალური ქსელები ან დისტრიბუცირებული სოციალური ქსელები. ეს ქსელები მომართულია საიმისოდ, რომ გამოასწორონ ამ სივრცეში დაშვებული შეცდომები.

მოკლედ რომ ავხსნა, საუბარია კომპიუტერული პლატფორმების შექმნაზე, როცა შენ შეგეძლება ეს პლატფორმები ჩამოქაჩო და შენი სურვილისამებრ მოახდინო მათი მოდიფიცირება და, ასევე სურვილისამებრ, ნებისმიერ სხვა პლატფორმებს დაუკავშირდე. პლატფორმები უფასოა და ღია. ანუ თუ ისევ „ელექტრონიკ ფრონტიერ ფაუნდეიშენს“ მოვუხმობთ:

„ინტერნეტის ზღვაში ბევრი კუნძულია და ფედერალური მიდგომებით ქსელში შენ შეგეძლება ნებისმიერი კუნძული აირჩიო და თავისუფლად დაუკავშირდე სხვა კუნძულებს ხიდებით; შეგეძლება ასევე თვითონ ააშენო შენი საკუთარ კუნძული და ხიდები.“

ლორან ეშენაუერის თქმით:

„ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი პროვაიდერის პრივატულობის პრობლემა. ეს გაცილებით ფუნდამენტური რამ არის. ესაა გარანტიის მოთხოვნა, რომ ინტერნეტში კომუნიკაცია იყოს ღია, უნივერსალური, და არ კონტროლდებოდეს რომელიმე ორგანიზაციის, კორპორაციის ან მთავრობის მიერ.“

ფედერალური ქსელების იდეის მიხედვით კი, მომხმარებელი თვითონ ირჩევს ნებისმიერ პლატფორმას და საკუთარი სურვილის მიხედვით ახდენს მის მოდიფიკაციას. ანუ შენ გაძლევენ, ასე ვთქვათ, მასალას, რომელიც უფასოდ რიგდება, და შენ შენი ხელით აშენებ კუნძულს. ამას დღეს შენთვის კორპორაციები აკეთებენ, თუმცა სანაცვლოდ შენგან არჩევანისა და თავისუფალი კავშირის თავისუფლება მიაქვთ.
სტატუს ნეტ, იდასპორა, სოშალ რივერ, ამპიფაი, დუიტ, ჯაპიქსი, კოპალი - ეს სახელები დღეს არაფერს გვეუბნება, თუმცა ისინი თეორიულად იმავე ფუნქციის შექმნაზე მუშაობენ, რასაც დღეს ფეისბუკი აკეთებს, ერთი განსხვავებით: მათი ნედლი პროდუქტი უფასო და ღიაა. ინტერნეტში დღეს 50- მდე სხვადასხვა პროექტია დამუშავების პროცესში. ხიდებისა და კუნძულების მშენებლობა დაწყებულია და პროცესში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია.

„საბოლოო ჯამში, ხალხს, შესაძლოა, დიდად არც აწუხებდეს თავისუფლების საკითხები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა პლატფორმები გაიხსნება, ჩვენ მოწმენი გავხდებით ინოვაციისა. გავიხსენოთ თუნდაც გლობალური ქსელის, ე.წ. „აბლაბუდის“, შემთხვევა. როცა პირველად ამოქმედდა, ის იყო უხეში, ცარიელი, დაუმუშავებელი, ხარვეზიანი, მაგრამ ის იყო ღია და ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა“, ამბობს ლორან ეშენაუერი.
XS
SM
MD
LG