Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების ნაწილისათვის ოპოზიციური ”რვიანის” მისია გაურკვეველია


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ
მიუხედავად ხელისუფლებასთან ჩიხში შესული მოლაპარაკებებისა, ოპოზიციური ”რვიანი” განაგრძობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობას და უკანასკნელი დღეების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის განმტკიცებისა და მოპოვებისათვის, როგორც თავად აცხადებენ, აქტიურად იბრძვიან. ამას მოწმობს შეხვედრები ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაისთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ფილიპ დიმიტროვთან. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური ”რვიანის” მისია, როგორც ირკვევა, საქართველოს რიგითი მოქალაქეების ნაწილმა ბოლომდე ვერ ამოხსნა. როგორ აპირებს ოპოზიციური ”რვიანი”, გარდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა, საქართველოს რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას და როგორ უხსნიან ისინი საზოგადოებას ოპოზიციური ”რვიანის” მისიას?

აი, როგორ განმარტავენ ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენლები საკუთარ მოთხოვნებს ოფიციალურ განცხადებებში, განცხადებებში, რომლებიც შემდეგ მედიას საზოგადოებამდე მიაქვს: პირველი რიგის ამოცანად ოპოზიციური „რვიანი“ ამომრჩეველთა სიის საკითხს ასახელებს. ანუ უნდა შედგეს ამომრჩეველთა ერთიანი სია და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით. ანუ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატმა ხმათა 50 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, დღეს არსებული 30%-ის ნაცვლად. და არსებობს კიდევ მეორე ვარიანტი: პარლამენტის 2/3 აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, 50%-იანი ბარიერით.

პირველ რიგში, ისინი უარს ამბობენ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლაზე. უარს ამბობენ იმიტომ, რომ ეს დათვლა გამოააშკარავებს, რომ წინა არჩევნები მკვდარი სულებით გაუყალბებიათ ...
როგორც ირკვევა, წილადები და პროცენტები საკმაოდ რთული გასაგები აღმოჩნდა რიგითი მოქალაქეებისათვის.

57 წლის ვასილ ბოჭორიშვილი:

- ვერ გავიგე მაგათი ვერაფერი.
- რა არის გაუგებარი, რა ვერ გაიგეთ?
- მგონი, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მუშაობენ, მაგრამ ვერა გავიგე რა.
- ანუ თქვენთვის გაუგებარია კონკრეტული საკითხები?
- ჰო!

ამჯერად რადიო თავისუფლების მისიას წარმოადგენდა ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენლებისაგან მარტივი, ადვილად გასაგები ენით მიეღო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. განმარტებას ”ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, იძლევა:

კახა შარტავა, ”ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი
”გავაგებინებთ, მაგრამ მთავარი რაღაც ხომ უნდა ესმოდეთ? ხელისუფლებას ვთავაზობთ ისეთ რამეს, რაზეც ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მათთვის პრობლემაა. პირველ რიგში, ისინი უარს ამბობენ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლაზე. უარს ამბობენ იმიტომ, რომ ეს დათვლა გამოააშკარავებს, რომ წინა არჩევნები მკვდარი სულებით გაუყალბებიათ. თუკი საზოგადოებისათვის ეს მაინც არის გასაგები, დანარჩენ ტექნიკურ დეტალებში, ვისაც დააინტერესებს, როგორმე გავარკვევთ”, - ამბობს კახა შარტავა.

კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს საზოგადოებისათვის რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი. თუმცა მანამდე სულ რამდენიმე სიტყვით უნდა შევჩერდეთ 8 აპრილს აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ პარტიების რეიტინგების გამოსავლენად ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა დაახლოებით 48 პროცენტით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. დავუბრუნდეთ დავით უსუფაშვილის განმარტებას. ის სწორედ აღნიშნული კვლევის დახმარებით ცდილობს საზოგადოება ოპოზიციური ”რვიანის” მუშაობის დეტალებში გაარკვიოს.

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი
”ყველაზე მარტივად გიხსნით. ახლა მეუბნებოდნენ, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, ”ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოში 48 პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ჩვენი სისტემა ამბობს, რომ თუ ”ნაციონალურ მოძრაობას” 48 პროცენტი აქვს რეიტინგი, პარლამენტშიც მისი წარმომადგენლობა უნდა იყოს საერთო რაოდენობის 48 პროცენტი და არა 85 პროცენტი, როგორც დღეს არის. რომელ პარტიასაც რამდენი ადამიანი უჭერს მხარს, იმის შესაბამისი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს პარლამენტში. ეს არის ჩვენი მოდელი. დღეს კი ორჯერ მეტი ჰყავს და სწორედ ეს არის პრობლემა”, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

როგორც რადიო თავისუფლების მიერ თბილისის ქუჩებში შეგროვებული ხმების შედეგებიდან ირკვევა, ოპოზიციურ ”რვიანს” საკმაოდ ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ საზოგადოებას საკუთარი ხმა მიაწვდინოს:

ღარიბ ქვეყანაში, ღატაკ მოსახლეობაში დემოკრატიის იდეალებზე საუბარი ძალიან ძნელია...
- თუ იცით, რაზე მუშაობს ოპოზიციური „რვიანი“?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, აზრზე არ ვარ.
- ვაიმე, ნამდვილად არ ვიცი.
- ოპოზიციური რა?
- „რვიანი“.
- არ ვიცი.
- თუ გაინტერესებთ?
- არა.
- აზრზე არ ვარ.
- არ ვიცი. აბა, საიდან უნდა ვიცოდე ან რაში მაინტერესებს.
- გაგებაში არა ვარ.
- რაში მაინტერესებს, რვიანი იქნება თუ ოციანი...
- მე რა ვიცი. აბა, საიდან უნდა ვიცოდე?
- ჩვენ, უკაცრავად, არ ვიცით, ქალბატონო, პოლიტიკაში არ ვერევით.
- არ ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე, აზრიც არ ექნება მაგათ მსჯელობას.

დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებას საზოგადოების ნიჰილიზმის მიზეზებზე ესაუბრება:

”ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ყოველდღიური თავის რჩენის პრობლემა. ამიტომ ასეთ ვითარებაში, ღარიბ ქვეყანაში, ღატაკ მოსახლეობაში დემოკრატიის იდეალებზე საუბარი ძალიან ძნელია.”

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ოპოზიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაცია მოსახლეობამდე მიიტანოს. თუ რას გეგმავენ საზოგადოების ინტერესის მოსაპოვებლად ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენლები, რადიო თავისუფლებას ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ესაუბრება:

- რამდენად იცით საზოგადოების აზრი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი ოპოზიციური ”რვიანის” მუშაობის შესახებ?
- საზოგადოების აზრი?
- დიახ.
- მე ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას ამ საკითხზე. ვიწყებთ საზოგადოებასთან შეხვედრების კამპანიას, მათ შორის რეგიონებშიც.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ ”რვიანს” ჯერჯერობით არ დაუწყია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანია, რუსთაველის გამზირზე რადიო თავისუფლებამ ასეთი კომენტარის ჩაწერაც მოახერხა:

- რაზე მუშაობს ოპოზიციური „რვიანი“?
- რაზე და ხალხის გადარჩენაზე.
XS
SM
MD
LG