Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენა, როგორც ინტეგრაციის საშუალება


14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლების ინიციატივით გამოვიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის მიცემული დავალების მიხედვით, მომავალი სასწავლო წლიდან ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი სახელმწიფო ენაზე უნდა ისწავლებოდეს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ფულადი და სხვა სახის შეღავათების დაწესებას იმ სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, რომლებიც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში გადაწყვეტენ მუშაობას. რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა და როგორ შეხვდნენ სიახლეს ეთნიკური უმცირესობები?

მარი მიქოიანი ქართველ-სომეხთა გაერთიანება “ნორ სერუნდის” თავმჯდომარეა. მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის, კონფლიქტებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მისი დაკვირვებით, საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ენის უცოდინრობითაა გამოწვეული:
კვლავ რჩება პრობლემა სახელმწიფო ენის შესწავლისა, ანუ მეთოდოლოგიის, კადრების... პრობლემაა კვალიფიციური პედაგოგების მომზადება ...

„იმისათვის, რომ ვიყოთ ბოლომდე ინტეგრირებულები და გვქონდეს დასაქმების შესაძლებლობა, ამისათვის საჭიროა სახელმწიფო ენის ცოდნა.“

სახელმწიფო ენის შესასწავლად უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური პროგრამები გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ხორციელდება, თუმცა, როგორც ზაურ ხალილოვი, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, რევოლუციურ წინსვლას ადგილი არ ჰქონია.

„კვლავ რჩება პრობლემა სახელმწიფო ენის შესწავლისა, ანუ მეთოდოლოგიის, კადრების... პრობლემაა კვალიფიციური პედაგოგების მომზადება... ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა რუსულენოვანი სკოლები, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ და სადაც, პრინციპში, პოტენციური მიგრანტები იზრდებიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაურ ხალილოვმა, რომლის თქმითაც, უკეთესობისკენ ვითარების შეცვლა დაიწყო უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტები დაწესდა, ხოლო ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქართული ენის სახლები გაიხსნა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა გაზრდის როგორც სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობას, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხს.

მიხეილ სააკაშვილი მარნეულის რაიონში
მიხეილ სააკაშვილი:
„ჯერ ერთი, კურსი ავიღოთ იმაზე, რომ მომავალი წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი ისწავლებოდეს ქართულად. მეორე - თუკი ბაკალავრები, რომლებსაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურთ, წავლენ და ქართულის მასწავლებლად იმუშავებენ რეგიონებში, იმის გარდა, რომ მიეცემათ 500-ლარიანი ხელფასი, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლას სრულად აუნაზღაურებს. ე.ი. ახალგაზრდები დასაქმდებიან კიდეც და მაგისტრატურაში სწავლასაც სახელმწიფო დაუფინანსებთ.

მესამე - დოქტორანტურის ყველა სტუდენტს კრედიტებში ჩაეთვლება ქართული ენის სწავლება. ყველა ადგილობრივი მასწავლებელი კი, ვინც საგნებს ორ ენაზე ასწავლის, მაგალითად, მათემატიკას ასწავლის ქართულად და აზერბაიჯანულად, მიიღებს 200-ლარიან დანამატს. ეს პედაგოგები გაუთანაბრდებიან მათ, ვინც ატესტაციას გადის და ეს მათაც ატესტაციის ჩაბარებად ჩაეთვლებათ.“
არავინ არ გაიძულებს საკუთარი ეთნიკური ჯგუფის დავიწყებას, თვითმყოფადობის დაკარგვას. უბრალოდ, სახელმწიფო ენა არის ქართული და ის ყველამ უნდა იცოდეს ...

პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ინიციატივას წინ უსწრებდა სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ანა ქებაძის თქმით, ყველაზე ეფექტიანი ეგრეთ წოდებული კვოტირების სისტემის შემოღება გამოდგა:

„200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა სახელმწოფოს მხრიდან. უმაღლესმა სასწავლებლებმა შესთავაზეს სპეციალური პროგრამა: 1 წლის მანძილზე გადიან ქართული ენის ინტენსიურ კურსს და შემდეგ 4 წელი აგრძელებენ არჩეული სპეციალობის შესწავლას.“

სპეციალისტები გარკვეულწილად ამ სიახლის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვემო ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის როგორც მცოდნეთა (40 პროცენტით), ასევე შესწავლის მსურველთა (90 პროცენტით) რაოდენობა. ამასთან, მარი მიქოიანის თქმით, უსაფუძვლოა იმის შიში, რომ სახელმწიფო ენის შესწავლით ეთნიკური უმცირესობები თვითმყოფადობას დაკარგავენ:

„არავინ არ გაიძულებს საკუთარი ეთნიკური ჯგუფის დავიწყებას, თვითმყოფადობის დაკარგვას. უბრალოდ, სახელმწიფო ენა არის ქართული და ის ყველამ უნდა იცოდეს.“

მარი მიქოიანის მსგავსად, სახელმწიფო ენის ცოდნას სავალდებულოდ მიიჩნევს ალი ბაბაევიც, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „საქართველო ჩემი სამშობლოა“. მისი თქმით, აზერბაიჯანმა ეს პრობლემა ჯერ კიდევ 15 წლის წინ გადაჭრა.

„აზერბაიჯანში 1997 წელს ალიევის ბრძანებით გაუქმებულია აზერბაიჯანულის გარდა ყველა სხვა ენაზე საქმის წარმოება სახელმწიფო სტრუქტურებში. აქაც რაღაც დრო უნდა მიეცეთ ენის შესასწავლად. თუ მოხელემ არ იცის სახელმწიფო ენა, არ უნდა იყოს თანამდებობაზე! არ იცის ქართული, არ უნდა იყოს დეპუტატი! ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალი ბაბაევმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ენის არმცოდნეთა სიმრავლე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში ენის სწავლებას აზრს უკარგავს. შესაბამისად, საჭიროა თვისებრივად ახალი მიდგომის გამომუშავება. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მთავრობა სპეციალურ პროგრამას ორ თვეში წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG