Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ევრობონდების გამოშვება


ლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა
გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი "ევრობონდები" - იგივე ობლიგაციები - განათავსა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფასიანი ქაღალდებით უკვე დაინტერესდა 49 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია. საქართველოს მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 500 მილიონიანი ვალის აღების მთავარ მიზნად ძველი, 5 წლიანი ობლიგაციებით ნასესხები 500 მილიონის გასტუმრებას ასახელებს. ევრობონდების გამოშვებით მიღებული კაპიტალის გასტუმრების ვადა 2021 წელს დგება, მანამდე კი საქართველომ ყოველწლიურად ამ თანხის 6.9 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ამას დიდ წარმატებად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
სახელმწიფომ აიღო ვალი და არც ერთ ინვესტორს არ უხარია, რომ სახელმწიფო არის ვიღაცის მევალე. ამის მაგალითია საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია და სხვა ქვეყნები, რომლებიც დეფოლტის წინაშე არიან...

”ძალიან მნიშვნელოვანი რამ წარმატებით განხორციელდა. მთავრობამ, პრაქტიკულად, ძალზე დიდი დროით გადაავადა საქართველოს სახელმწიფო ვალი. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ჩვენ ამ ვალის ძირითადი ნაწილი გადასახდელი არ გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს ფული ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე დავხარჯოთ და არა ძველი ვალების გასტუმრებასა და დაფარვაზე. საქმე, მართლაც, მოსალოცად გვაქვს, რადგან ეს ძალიან დიდი ნდობაა საერთაშორისო ინვესტორების მხრივ, თანაც იმ ფონზე, როდესაც საბერძნეთი ჩამოიშალა, პორტუგალიაში ასეთი პრობლემებია, ასევეა ირლანდიასა და ისლანდიაში.”

საქართველოს პრეზიდენტის ასეთ ოპტიმიზმს არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი აზრით, ქვეყანა ვალების აღებას უნდა მოერიდოს. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა:

”არავითარი პირდაპირი კავშირი არ არსებობს ახალი ვალის აღებასთან და დამატებითი ინვესტიციების მოლოდინთან. სახელმწიფომ აიღო ვალი და არც ერთ ინვესტორს არ უხარია, რომ სახელმწიფო არის ვიღაცის მევალე. ამის მაგალითია საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია და სხვა ქვეყნები, რომლებიც დეფოლტის წინაშე არიან, რადგან ვერ ისტუმრებენ მსგავს ვალებს. ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოდის ასეთი ოპტიმიზმი.”

პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია ახალი ევრობონდების გამოშვება ძველი ფასიანი ქაღალდების გასასტუმრებლად.

საქართველოს ევრობონდების ისტორია

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვალის პრობლემა მოგვეშორებინა უფრო ადრე და მშვიდად, წყნარად გვეძებნა ის მომენტი, როდესაც ყველაზე დაბალი იქნებოდა საპროცენტო განაკვეთი...
პირველად საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7.5 პროცენტიანი ევრობონდები 2008 წლის აპრილში 5 წლით განათავსა. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდებოდა, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ვალი მომავლის ფონდში აკუმულირებისთვის სჭირდებოდა. ევრობონდებს საქართველოსთვის ასევე ერთგვარი ინდექსის როლიც დაეკისრა. მოგვიანებით, რუსეთ-საქართველოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მომავლის ფონდის თანხები ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტას მოხმარდა. სწორედ ამ ვალის გასტუმრებისთვის გამოუშვა საქართველოს მთავრობამ ახალი ევრობონდები. თუ რატომ ახლა, ამ კითხვაზე პასუხს იძლევა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი. მისი განცხადებით, უშუალოდ ვალის გასტუმრების ვადის დადგომისას, 2013 წელს, ახალი ობლიგაციების გამოშვება საქართველოსთვის არახელსაყრელი პირობებით მოხდებოდა:

”ნებისმიერი ინვესტორი და იგივე ძველი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტდა, ასე ვთქვათ, ახალ ვალში ძველის გადაცვლას, აუცილებლად ჩვენ, უხეშად რომ ვთქვა, წიხლს დაგვაჭერდა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მაღალ პროცენტს მოგვთხოვდა ახალი ვალის სანაცვლოდ. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვალის პრობლემა მოგვეშორებინა უფრო ადრე და მშვიდად, წყნარად გვეძებნა ის მომენტი, როდესაც ყველაზე დაბალი იქნებოდა საპროცენტო განაკვეთი და რაც მოხდა, ეს არის სახეზე.”

ნიკო მჭედლიშვილის აზრით, ვალის გადავადებასთან ერთად, ევრობონდების მეშვეობით საქართველოს ეკონომიკას ერთგვარი ინდექსი გაუჩნდება. ინდექსის უქონლობას, ანუ საქართველოს ბიზნესის გაზომვის ინსტრუმენტების სიმწირეს, ბევრი საერთაშორისო ექსპერტი აღნიშნავს.

მთავრობის მეორე არგუმენტი ისაა, რომ 2013 წელს ვალის გასტუმრების შემთხვევაში ამ საქმეს ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის 20 პროცენტი დასჭირდებოდა, რაც სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს მოაკლდებოდა.

ექსპერტები მთავრობის არგუმენტებს არ იზიარებენ

მიუხედავად მთავრობის მიერ დასახელებული მიზეზებისა, ეკონომიკის ექსპერტები მაინც გაუმართლებლად მიიჩნევენ ძველი ვალის 2021 წლამდე გადავადებას. ამ პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ლიდერი მერაბ ჯანიაშვილიც:

ამ ვალის გასტუმრება, თუკი მოვინდომებთ მის დაფარვას, უპრობლემო იქნება საერთოდ...
”ასეთი პროგნოზია გაკეთებული, რომ საქართველოს მომავალი 20 წლის მანძილზე ეკონომიკის საშუალოდ 4 პროცენტიანი ზრდა ექნება. როდესაც სესხს იღებ 7 პროცენტიანს და ეკონომიკის ზრდა გაქვს 4 პროცენტიანი, ეს ნიშნავს, რომ წაგებაზე მუშაობ. სესხის აღება არის გამართლებული, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე დაბალ პროცენტად იღებ სესხს, რათა ამონაგები თანხით გაისტუმრო.”

ექსპერტთა ამგვარ მოსაზრებებს არ იზიარებს საქართველოს მთავრობა, რომლის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მასშტაბები ვალის უმტკივნეულოდ გასტუმრების საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, ვალის გასტუმრების მომენტისთვის საქართველოს ეკონომიკა გაორმაგებული იქნება:

”10 წლის შემდეგ, თუ ასე დინამიურად განვითარდა საქართველოს ეკონომიკა, მინიმუმ ორჯერ გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი და, შესაბამისად, ამ ვალის გასტუმრება, თუკი მოვინდომებთ მის დაფარვას, უპრობლემო იქნება საერთოდ”, აღნიშნა ნიკო მჭედლიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამჟამად საქართველოს საგარეო ვალი თითქმის 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG