Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მიტინგის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში გამართული საპროტესტო აქცია დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაშალეს, აქციის მონაწილეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი აუშენებელი სახლების სანაცვლოდ ფულის გადახდას მოითხოვდა. საპროტესტო აქციაში 20–მდე ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად - ქალები. ისინი აქციაზე ტრანსპარანტებით გამოვიდნენ და კოკოითის ხელისუფლებას იმ ფულის მიცემა მოსთხოვეს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მათი სახლების აღდგენისთვის გადმორიცხა.

უკვე მესამე წელია ცხინვალელების ერთი ნაწილი კარვებში ცხოვრობს და სახლების აღდგენას უშედეგოდ ელოდება. აქციის ორგანიზატორმა, უსახლკაროთა კომიტეტის თავმჯდომარემ ინარა გაბარაევამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ხალხი სამი წლის განმავლობაში კარვებში ცხოვრებით დაიღალა და აღარავისი სჯერა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის დამნაშავე, იმიტომ რომ არ ვიცით დაფინანსების პროცესს ვინ ხელმძღვანელობს. ერთადერთი ჩვენს საკუთარ სახლებში შესვლა გვინდა. სამი წელია ერთი და იგივე ტყუილი გრძელდება, დავიღალეთ მისი მოსმენით. ჩვენ მათ (ხელისუფლებას) უკვე აღარ ვენდობით“, – განაცხადა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ინარა გაბარაევამ.

როგორც ცხინვალელი ბლოგერი მარია პლიევა იუწყება, აქციამდე ორი დღით ადრე ინარა გაბარაევასთან სამი პირი მივიდა მუქარით და, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოსთხოვა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩაერიოს და საქმიანობა შეწყვიტოს. ამ მუქარის მიუხედავად, ცხინვალში საპროტესტო მიტინგი მაინც გაიმართა. აქციის ერთ–ერთი მონაწილის, ლიანა თედეევას თქმით, მომიტინგეებს თავდაპირველად მილიციელებმა შემოარტყეს წრე, შემდეგ კი ადგილზე სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ.

"ჩვენ ის ახალგაზრდები დაგვესხნენ თავს, რომლებიც ინარა გაბარაევას ემუქრებოდნენ. ისე გვაგინებდნენ, მანამდე ასეთი სიტყვები არსად გამიგია. უფლებადამცველ ბესარიონ ასეევს წიხლებით სცემეს. დააპირეს ჩემთვისაც დაერტყათ, მაგრამ ქალებმა დამიცვეს", - განაცხადა თედეევამ.

ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცხინვალელმა უფლებადამცველმა ბესარიონ ასეევმა განაცხადა, რომ აქციის დასაწყისში მასთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თემურ გასეევი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მას ფოტოების გადაღებას უკრძალავდნენ და წიხლებს ურტყამდნენ. ასეევი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჩივილი უაზრობაა, რადგან ჟურნალისტ თემურ ცხოვრებოვისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ოთარ გასიევის ცემის ფაქტებზე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები არ აღუძრავს. რადიო თავისუფლება ბესარიონ ასეევს დაუკავშირდა. მან ჯერ თქვა, რომ მიტინგზე ინციდენტი მართლა მოხდა, შემდეგ კი, მოულოდნელად, განაცხადა, ტელეფონით ინტერვიუს ვეღარ გავაგრძელებო.

კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ვინც მათი თანამოზრე არ არის, ყველას უსმენენ. ბლოგერ მარია პლიევას ინფორმაციით, ასეთი სიტყვებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის ორგანიზატორ დინარა გაბარაევას მიმართეს და იგი თბილისთან ხშირ კონტაქტში დაადანაშაულეს.

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინება, მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და დაპატიმრება კოკოითის ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. რეპრესიები ცხინვალში მუდმივად ხორციელდება. უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, ვინც პროტესტს გამოთქვამს, კოკოითის ხელისუფლება მოსკოვში არსებული ოპოზიციის ლიდერის ალბერტ ჯუსოევის მიერ მართულად მიიჩნევს. მიმდინარე წლის ნოემბერში დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. უსახლკაროდ დარჩენილებს მიტინგზე პოლიტიკური მოთხოვნები არ დაუყენებიათ, ისინი მხოლოდ სახლების აღდგენას ან ამ საქმისთვის გამოყოფილი ფულის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აქციის დარბევისა და ძალით დაშლის შესახებ დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიტინგი არასანქცირებული იყო.

ცხინვალში აღდგენითი სამუშაოების ნელი ტემპი უკვე რამდენიმე საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსკოვმა ცხინვალს 2008-2009 წლებში 10 მილიარდი რუბლი, წელს კი 7 მილიარდი რუბლი გამოუყო. დაზარალებულებს აინტერესებთ, სად მიდის ეს ფული. დე ფაქტო რესპუბლიკაში რომ კორუფციის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება, ამას კოკოითის ხელისუფლებაშიც ვეღარ მალავენ. მიტინგის მონაწილეები კი პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG