Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან გაუქმებული ხელშეკრულება და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა
84 მომხრე, 0-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით გააუქმა 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რუსეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ბაზებისთვის პერსონალისა და სამხედრო ტვირთის ტრანზიტის ორგანიზების თაობაზე. რას ცვლის ხელშეკრულების გაუქმება სომხეთში მოქმედი რუსეთის სამხედრო ბაზისთვის და რატომ გახდა საჭირო ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

თავდაპირველად ვთქვათ, რომ, 2006 წლის 31 მარტით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სივრცე სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედი თავისი სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად. გიუმრის ბაზისკენ სწორედ საქართველოს გავლით ხდებოდა ტვირთების, სამხედრო ტექნიკისა თუ პირადი შემადგენლობის ტრანზიტი.
საქართველო საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, მაგრამ ეს ეხება სომხეთის ინტერესებსაც, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ბაზა ხომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს...

19 აპრილს, როდესაც ხსენებული ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა წარუდგინა პარლამენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაუქმება რუსეთის მხრიდან 2008 წელს და შემდგომ გამოვლენილი აგრესიით არის ნაკარნახევი და რომ ამ ნაბიჯის საფუძველი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა. მართალია, ხელშეკრულების მოქმედების 5-წლიანი ვადა ნოემბერში იწურება და საქართველოც ახლა წინასწარ იჭერს მისი არგაგრძელების თადარიგს, მაგრამ, როგორც ნინო კალანდაძე ამბობს, ხელშეკრულება უკვე თითქმის 3 წელიწადია მაინც აღარ მუშაობს:

”რუსეთმა 2008 წლის ივლისში მოგვმართა ბოლოს ნებართვაზე და საქართველოს ხელისუფლებამაც სწორედ მაშინ გასცა ბოლო ნებართვა. ხოლო შემდეგ მომართვაზე რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე უარი მიიღო. და მას შემდეგ რუსეთის ფედერაციას, როგორც ასეთი, აღარც მოუმართავს.”

რა ალტერნატიული გზები გამონახა 2008 წლის შემდეგ რუსეთმა და რა გზებით მარაგდება ამჟამად გიუმრის ბაზა, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ერევნელი ექსპერტი, ეროვნული და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მანველ სარქისიანი; მაგრამ იმას, რომ საქართველომ 19 აპრილს გადადგმული ნაბიჯით ხელშეკრულების ხელახლა ამოქმედების თეორიული შანსიც კი გააუქმა, სომეხი ანალიტიკოსი ”საკმაოდ სერიოზულ გადაწყვეტილებას” უწოდებს. მის მიერ მოხმობილი ლოგიკით, ამ ნაბიჯმა გარკვეულწილად სომხეთის ინტერესებიც დააზარალა:
ამ ღონისძიების მიზანია პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხება გიუმრის ბაზისთვის...

”მესმის საქართველოს ინტერესი, როდესაც რუსეთთან მიმართებით ახდენს ნიველირებას მსგავსი ნაბიჯებითაც. რა თქმა უნდა, საქართველო საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, მაგრამ ეს ეხება სომხეთის ინტერესებსაც, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ბაზა ხომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.”

გიუმრის ბაზის ამჟამინდელი მომარაგების გზებსა და მეთოდეზე არაფერს ამბობს, მაგრამ, სომეხი ანალიტიკოსის მსგავსად, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სიტუაციის გართულების კონტექსტში განიხილავს ცნობილი რუსი ანალიტიკოსი ალექსანდრ გოლცი:

“ცხადია, რომ ამ ღონისძიების მიზანია პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხება გიუმრის ბაზისთვის... ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ რუსეთის სამხედრო არმია დიდწილად წვევამდელებით არის დაკომპლექტებული. გამოდის, რომ პირადი შემადგენლობა ამ ბაზაზე 6-თვეში ერთხელ იცვლება და რთული შემთხვევა იქნება, თუკი ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდება...”

მსგავსი შინაარსის კომენტარების ფონზე, ბევრისთვის საეჭვოა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ვიზიტი სომხეთში დროში, უბრალოდ, დაემთხვა საქართველოს გადაწყვეტილებას გაეუქმებინა დიდწილად სწორედ სომხეთის ინტერესებში შემავალი ხელშეკრულება.

ასეთ ეჭვზე ლაპარაკობს ირაკლი ალადაშვილიც, სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი:

”შეიძლება ქართულმა მხარემ მოსინჯა, ერევნის რეაქცია როგორი შეიძლება ყოფილიყო ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ აქვთ დადებული ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს ომში.”

ირაკლი ალადაშვილი იხსენებს იმ ხელშეკრულების შინაარსს, რომელიც რუსეთმა და სომხეთმა 2010 წლის აგვისტოში გააფორმეს და რომლის მიხედვითაც, რუსეთის ბაზას მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა.

იმას, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ხელშეკრულების მოსალოდნელი გაუქმების თემაზეც აუცილებლად ილაპარაკებდნენ, ასევე ვარაუდობს ერევნელი ანალიტიკოსი მანველ სარქისიანი. თუმცა, მისი თქმით, ახალაიას ვიზიტის შესახებ სომხეთში ძალიან მწირი ინფორმაცია გავრცელდა. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის 19 აპრილის გადაწყვეტილებას, მას ჯერჯერობით არ მოჰყოლია სომხეთისა და რუსეთის მხრიდან ოფიციალური განცხადებები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG