Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვა თუ არა ჩიხიდან ხელისუფლებისა და ”რვიანის” მოლაპარაკებები


გაეროს ოფისი თბილისში
გაეროს ოფისი თბილისში
აუცილებელია განახლდეს და შედეგით დასრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, - დაახლოებით ასეთი იყო იმ შეხვედრის მთავარი მესიჯი, რომელსაც 20 აპრილს გაეროს წარმომადგენლობა მასპინძლობდა. მოლაპარაკების პროცესზე, რომელიც ერთ თვეზე მეტია, რაც ჩიხში შევიდა, ოთხშაბათს ოპოზიციური ”რვიანისა” და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მომავალი არჩევნების მისამართით უპრეცედენტო ინტერესს იჩენს.
აუცილებელია ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მომავალ წელს შესაძლებლობას გააჩენს, გაიმართოს სამართლიანი არჩევნები...

20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური ”რვიანის” სახელით სამი პარტიის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ: რესპუბლიკური პარტიიდან - ვახტანგ ხმალაძე, „ახალი მემარჯვენეებიდან“ - მამუკა კაციტაძე და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ - ირაკლი ჩიქოვანი. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დაახლოებით 20 წარმომადგენელი - მათ შორის, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის ელჩები - ყურადღებით ისმენდა ოპოზიციონერთა მოსაზრებებს ხელისუფლებასთან წარმოებული მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზებისა და მისი განახლების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს ჩვენთან საუბრისას, ელჩები ისედაც საკმაოდ კარგად იყვნენ ინფორმირებული და ისინი მხოლოდ მოსმენით არ შემოიფარგლნენ:
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე

”აღნიშნეს, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, ვინაიდან აუცილებელია ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მომავალ წელს შესაძლებლობას გააჩენს, გაიმართოს სამართლიანი არჩევნები.”

იმას, რომ მომავალი არჩევნების მისამართით საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლო დროს განსაკუთრებით დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს, კარგად აცნობიერებს 20 აპრილის შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, პარტია ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი. ელჩების დაინტერესებაც ნატოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა თუ შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებების ფონზე აღიქმება:

”საერთაშორისო მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა, ვინაიდან ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო თანამეგობრობიდან ასე ღიად და ასე პირდაპირ არასოდეს საუბრობდნენ. დღეს საქართველოსთვის, მისი დემოკრატიული არჩევანისთვის უმთავრესი გახდა საარჩევნო გარემოს ცვლილება. ეს არის, გარკვეულწილად, ლაკმუსის ქაღალდი - სურს თუ არა ხელისუფლებას საქართველო რეალურად მიიყვანოს დემოკრატიულ ოჯახში, ევროპულ ოჯახში...”

20 აპრილის შეხვედრაზე, ბუნებრივია, ვერ გაეცა პასუხი შეკითხვას - განახლდება თუ არა და როდის განახლდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. გავიხსენოთ, რომ საარჩევნო გარემოს დასახვეწად შექმნილმა ინტერპარტიულმა ჯგუფმა მუშაობა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო 5 თვეში პროცესი ჩიხში შევიდა. ასეთ შედეგის გამო სახელისუფლო და ოპოზიციური მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„რვიანი“ მზად არის ხელმეორედ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, თუმცა, როგორც მემარჯვენე მამუკა კაციტაძე ამბობს, ამისათვის ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს ”რვიანის” მიერ 5 აპრილს წარმოდგენილი წინადადებების პრიორიტეტული პრინციპები:
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე

”პირველი, ეს არის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება პრინციპით - ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა და, მეორე, ეს არის საარჩევნო სისტემა, სადაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ორი პრინციპი, რასაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც ითხოვს: ერთი მხრივ, მანდატის წონის თანაბრობა იყოს უზრუნველყოფილი დაშვებული ცდომილების ფარგლებში და, მეორე მხრივ, მიღებული ხმებისა და მიღებული მანდატების რაოდენობა იყოს ურთიერთშესაბამისი.”

ოპოზიციური ”რვიანის” მიერ პრიორიტეტულად დასახელებული ამ პრინციპების მიღება-არმიღების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მოლაპარაკებების განახლებისა და შედეგით დასრულების იმედი 19 აპრილს სატელევიზიო ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა გამოხატა:
პარტიებთან კონსულტაციები გაგრძელდება, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და, ბუნებრივია, იმედი გვაქვს შეთანხმების, საბოლოო ჯამში, მთავარ საკითხებზე. არ მგონია, რომ ჩვენ ყველაფერზე მოვახერხოთ შეთანხმება...

”იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან სხვადასხვა თემის თაობაზე. მათ აქვთ წინადადებები და შეგვიძლია ამ წინადადებებზეც ვისაუბროთ - პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე... პარტიებთან კონსულტაციები გაგრძელდება, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და, ბუნებრივია, იმედი გვაქვს შეთანხმების, საბოლოო ჯამში, მთავარ საკითხებზე. არ მგონია, რომ ჩვენ ყველაფერზე მოვახერხოთ შეთანხმება...”

ასეთი განცხადებების მიუხედავად, კონკრეტული შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია ოპოზიციურ ”რვიანს”. ხელისუფლების მზადყოფნას განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი დაინტერესებით ხსნის, რასაც ზოგჯერ ”წნეხსაც” კი უწოდებს. თუმცა ხელისუფლება თვლის, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება და რომ საერთაშორისო საზოგადოება წინა არჩევნებითაც ასევე ძლიერ იყო დაინტერესებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG