Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას 41 წლის პატრიარქი ჰყავს


უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი სვიატოსლავ შევჩუკი
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი სვიატოსლავ შევჩუკი
უკრაინის ფორმით კათოლიკურ, ხოლო შინაარსით მართლმადიდებლურ ეკლესიას უძველესი და წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორია აქვს. ერთი თვის წინ, 25 მარტს, მომხდარმა ფაქტმა კი მთელი უკრაინის ყურადღება მიიპყრო. ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქად მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი, უწმინდესი სვიატოსლავ შევჩუკი აირჩიეს.

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ახალი პატრიარქის, 41 წლის სვიატოსლავ შევჩუკის ინტრონიზაცია 28 მარტს კიევში გაიმართა. აღსაყდრების ცერემონიას ბერძენ კათოლიკეთა მთავარ საკათედრო ტაძარში - ქრისტეს აღდგომის სახელობის ეკლესიაში - ათასობით მორწმუნე, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ყველა ეპარქიის მღვდელმთავარი და უკრაინის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სვიატოსლავ შევჩუკს პატრიარქად კურთხევა პირადად მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, ხოლო ინტრონიზაციის კადრები უკრაინის ყველა ეროვნულმა ტელეარხმა აჩვენა. ინტრონიზაციამდე მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა სვიატოსლავმა რადიო თავისუფლების უკრაინის სამსახურს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას „გლობალური მნიშვნელობის“ ეკლესია უწოდა.

„აზრი, რომ ჩვენ ვართ რეგიონალური ეკლესია - აბსოლუტურად აღარ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ უკვე გლობალური ეკლესია ვართ. ჩვენ გალიჩინის ფარგლებიდან ძალიან შორს ვართ გასულები - არა მხოლოდ აღმოსავლეთ ან დასავლეთ, არამედ ჩრდილოეთ და სამხრეთ უკრაინაშიც. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ დღევანდელი მოვლენა ფართოდ გაშუქდა უკრაინის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეკლესია მთელი უკრაინელი ხალხის თვალში, მათი კონფესიური იდენტურობისა და ამა თუ იმ ადამიანის მრწამსის მიუხედავად.“

პატრიარქ სვიატოსლავ შევჩუკის ასეთ შეფასებას იზიარებენ რელიგიათმცოდნეები. მიუხედავად უკრაინის კონფესიური მრავალფეროვნებისა, როგორც მოსკოვის, ისე საკუთრივ კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენისა, - უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი დღითი დღე იზრდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ ყოვლისა, ეს არის აღნიშნული ეკლესიის დიდი და რთული წარსულიო, ამბობს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიმომხილველი მარია შჩური. ჩემს კოლეგას მხედევლობაში აქვს ისტორიული წყაროები, რომელთა თანახმად, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც „უნიატურსაც“ უწოდებენ, საფუძველი ჩაეყარა ვლადიმირ დიდის დროს, როდესაც რუსეთი გაქრისტიანდა:

„ამის შემდეგ ეკლესიის ისტორიაში დიდ თარიღად ითვლება 1596 წელი, როდესაც მან მიიღო ე.წ. უნია, გაერთიანების შეთანხმება რომთან. ანუ მან აღიარა რომის პაპის უზენაესობა და კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთი დოგმატი. ამასთან, ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ სრულიად შეინარჩუნა საკუთარი სტრუქტურა, როგორც აღმოსავლურ-ბიზანტიური ყაიდის ეკლესიამ.“

უნიატური - ანუ ბერძნულ-კათოლიკური - ეკლესიის მრევლი მსოფლიოში 5 მილიონს უახლოვდება. ყველაზე დიდი მრევლი უნიატურ ეკლესიას ჰყავს დასავლეთ უკრაინაში, შემდეგ კანადასა და ამერიკაში, სადაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი ემიგრანტი ცხოვრობს. ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ძლიერი „მორალური ავტორიტეტის“ საფუძვლად მარია შჩური ასახელებს წინა თაობის ბევრი მღვდელმსახურის მოწამებრივ ქედუხრელობას, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც უნიატური ეკლესიის ხელმძღვანელობამ უარი თქვა რომთან კავშირის გაწყვეტაზე:

„ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, 1945 წლის აპრილში, დაიწყო საბჭოთა ხელისუფლების ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის გაერთიანებას. ოპერაციას სათავეში ედგა ლავრენტი ბერია, თუმცა მის განხორციელებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. მაგრამ ომის დასრულების შემდეგ, უკვე 1948 წელს მოხდა ამ გეგმის რეალიზება. ის მღვდელმსახურები, რომლებიც არ დასთანხმდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგებში გადასვლას, ფიზიკურად გაანადგურეს. ეკლესიის მეთაური, პატრიარქი იოსებ უსინათლო, რომელმაც უარი თქვა ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე ვატიკანთან, 18 წელი დაყო საბჭოთა ბანაკებში. იგი მხოლოდ 1963 წელს, რომის მაშინდელი პაპისა და პრეზიდენტ კენედის ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.“

მაგრამ როგორია უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება ქვეყნის ხელისუფლებასა და ქვეყანაში მოქმედ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებსაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ორი ცენტრი აქვთ - ერთი მოსკოვის საპატრიარქოს სახით და მეორე კიევის საპატრიარქოსი? უნიატური უკრაინული ეკლესიის მიზანია დიალოგი ხელისუფლებასთან და დიალოგი უკრაინულ ეკლესიებთან. ასეთ დიალოგს და ერთგვარი ალიანსის იდეას მხარს უჭერს ლიუდმილა ფილიპოვიჩი - რელიგიური ინფორმაციისა და თავისუფლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

„ბერძნულ-კათოლიკური ღვთისმეტყველება "დავაჟკაცდა". იგი გახდა სერიოზული, დამოუკიდებელი. დღესდღეობით ყოველივე საეროსთან „გამკლავება“ ანდა ურთიერთგაგების მიღწევა მუსულმანურ თუ სხვა რელიგიებთან ერთი რომელიმე კონფესიის, ერთი რომელიმე ეკლესიის ძალისხმევით შეუძლებელია. ალიანსის იდეა ძალიან მომწონს. უფრო სწორად, არავინ კარგავს თვითმყოფადობას, თითოეული ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას, ავტოკეფალურობას - ისინი, უბრალოდ, ერთიანდებიან ასეთი დიადი მიზნის მისაღწევად.“

ეკლესიათა შორის დიალოგსა და ურთიერთქმედებაზე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ახალმა პატრიარქმა, 41 წლის სვიატოსლავ შევჩუკმა, საკუთარი ინტრონიზაციის დროსაც გაამახვილა ყურადღება. თუმცა ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მისმა უწმინდესობამ ისაუბრა უნიატური ეკლესიის ყოველდღიურ დანიშნულებაზე იზრუნოს საკუთარ მორწმუნეებსა და მათი რაოდენობის გაზრდაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას და განვითარებას. და, უპირველესად, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მივცეთ სრულფასოვანი და ყოველმხრივი ეკლესიური მფარველობა ჩვენს ერთგულ მრევლს, რომელსაც ეს მფარველობა დღეს შესაძლოა არ ჰქონდეს. ასევე ვიქნებით ღია და თამამად ვიქადაგებთ სახარების მცნებას მათთვის, ვინც დღეს ჯერ კიდევ არ მიეკუთვნება არც ერთ ეკლესიას.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG