Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში არაერთი საკითხი მოექცა - მათ შორის, ლიბიაში მიმდინარე შეტაკებები, ფინეთის არჩევნების შედეგები და მექსიკის ყურეში დიდძალი ნავთობის ჩაღვრის გამომწვევი ავარიის წლისთავი.

ორშაბათს ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში ფინეთში წინა დღით ჩატარებული არჩევნები და მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ჭეშმარიტი ფინელების“ მიერ მოპოვებული წარმატება - ხმათა 19 პროცენტი და მესამე ადგილი - მოექცა. ევროპის პრესა გამოთქვამდა შიშს, რომ ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკით ცნობილი პარტია საერთო ვალუტის - ევროს - სტაბილიზაციას შეუქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ყოველდღიური გაზეთი „კორიერე დელა სელა“ 18 აპრილის ნომერში წერდა, ეს მთელი ევროპისთვის შემაშფოთებელი სიგნალიაო. „მთავრობების უუნარობამ ერთიანი ვალუტისთვის მყარი სტრუქტურა შეექმნათ არა მხოლოდ ფინეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გააღვივა საფუძველი ანტიევროპული პოპულიზმისთვის“, - ვკითხულობთ გაზეთში. სტატიის თანახმად, ფინელების უკმაყოფილება მხოლოდ ევროს კრიზისით არ არის გამოწვეული, თუმცა აქ მაინც დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური პრობლემებით შექმნილი საყოველთაო გაღიზიანება, რაც სულ უფრო მეტად აფერხებს ევროპის გაჭირვებაში მყოფი სახელმწიფოების გადარჩენას ფინანსური დახმარების გზით. „სწორედ ამიტომ ჰელსინკსა და ჰააგაში მსხდომ მთავრობებს ახლა მანევრირებისთვის ცოტა საშუალება დარჩათ, რაც დავალიანებით შექმნილი კრიზისის გაფართოების საფრთხეს აძლიერებს - ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ პოპულიზმს უწყობს ხელს. სანამ დროა, ეს სპირალი უნდა შეწყდესო“, - წერდა იტალიაში გამომავალი „კორიერე დელა სელა“ 18 აპრილის ნომერში.

სამშაბათს - 19 აპრილს - უნგრეთის პოლიტიკური ცხოვრება იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ქვეყნის პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობას - ორ მესამედს - მმართველი ალიანსი წარმოადგენს, ორშაბათს ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. ევროპის პრესის ფურცლებზე ზოგიერთი ანალიტიკოსი გამოთქვამდა აზრს, რომ ეს კონსტიტუცია ნაკლებად ემყარება ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ძალაუფლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. სხვები კი აცხადებდნენ, რომ ის შესაძლებელს გახდის ქვეყანა უკეთესად იმართოს. ამ უკანასკნელთა რიცხვში იყო გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, რომელიც 19 აპრილის ნომერში წერდა: „დასავლელ ექსპერტებს პრეამბულა შეიძლება მოძველებულად მოეჩვენოთ, მაგრამ უნგრეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები უნგრელების დიდი უმრავლესობისთვის „ეროვნული კრედო“ და „უნგრეთის წმინდა გვირგვინი“ ისეთივე კონსტიტუციური ღირებულებებია, როგორიც ღმერთისი და ქრისტიანობის პირდაპირ ხსენება ან შეხედულება, რომ ქორწინება და ოჯახი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ქვაკუთხედია. სხვაგან არსად გვხვდება იმის ნიშანი, რომ ცვლილებები „ჰარმონიაში არ არის ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებთან“. როგორც ორბანის ოპონენტები ირწმუნებიან, პირიქით - რამდენიმე მუხლი საკმაოდ ბუნდოვან კონსტიტუციურ კანონებს უფრო გასაგებს ხდის, რითაც უფრო ეფექტიანი მართვისთვის ნიადაგი იქმნება.“

20 აპრილს მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიიდან ერთი წელი შესრულდა. „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ობიექტზე ნავთობის ჭაბურღილზე აფეთქებას ასობით მილიონი ლიტრი ნავთობის ჩაღვრა მოჰყვა წყალში. ავარიის წლისთავზე დასავლეთის პრესის ფურცლებზე დაბეჭდილ ბევრ სტატიაში წაიკითხავდით, რომ პოლიტიკისა და ნავთობმრეწველობის სტრუქტურებმა ამ კატასტროფიდან შესამაბისი გაკვეთილი ვერ გამოიტანეს. სტატიებში გამოთქმული იყო მოწოდებები კონტროლის გამკაცრებისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. ესპანეთში გამომავალი „ვანგარდია“ წერდა: „ნავთობმრეწველობის წარმომადგენლებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი აქამდე იყო დაბინძურების მასშტაბის შემცირება, რაც შეიძლება ცოტა საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია შეცდომა და კატასტროფის რაც შეიძლება სწრაფად დავიწყება. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მექსიკის ყურეში ბურღვა აღადგინეს“, - წერდა ეპანეთის „ვანგარდია“ 20 აპრილის ნომერში და დასძენდა: „ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულების შესამცირებლად ზომებს თუ არ შევიმუშავებთ, გავაგრძელებთ ნედლი ნავთობისთვის ნებისმიერი საფასურის გადახდასო.“

ლიბიაში მიმდინარე პროცესები დასავლეთის პრესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რჩება. ლიბიელმა მეამბოხეებმა ნატოს მოუწოდეს ლიბიაში სახმელეთო ჯარებიც გაგზავნოს. თუმცა საფრანგეთს, ბრიტანეთს და იტალიას ჯერჯერობით მხოლოდ სამხედრო მრჩევლების მივლინება სურთ. ევროპელი ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ გაეროს მანდატის გარეშე სახმელეთო თავდასხმის დაწყება ისტორიული შეცდომა იქნება. სხვები კი წერენ, ეს ლიბიაში ომის დამთავრებისთვის ერთადერთი გზააო. დანიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „“ილანდს პოსტენი”“ 21 აპრილის ნომერში წერდა: „სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ ჰაერიდან წარმოებული ოპერაციები არ მოიტანს. კადაფის მხრიდან სამხედრო ქმედებების და თავდასხმების შესაწყვეტად სახმელეთო ჯარი უნდა იქნეს გამოყენებული. შესაძლოა ბრიტანეთის და საფრანგეთის გადაწყვეტილება იქ ოფიცრების მცირე ჯგუფის მრჩევლებად მივლინების თაობაზე მიუთითებდეს, რომ ეს მოხდება. აქამდე საფრანგეთი ამგვარი ქმედების წინააღმდეგ გამოდიოდა. ლიბია სულ უფრო და უფრო აშკარად ხდება იმის ტესტი, რამდენად შეუძლია ნატოს ისეთი მისიის შესრულება, რომელსაც აშშ არ უდგას სათავეში.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG