Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩერნობილი” 25 წლისაა


ჩერნობილის აკრძალული ზონა
ჩერნობილის აკრძალული ზონა
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე აფეთქება მოხდა. ბირთვული კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. რა ზეგავლენა იქონია საქართველოზე ”ჩერნობილის” აფეთქებამ და როგორ იხსენებენ საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი სალიკვიდაციო ჯგუფების წარმომადგენლები იმ დროს, როდესაც მათ რადიაციასთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევდათ.
კონსტრუქციულად დაზიანდა რეაქტორის გული. ამის შემდეგ იყო მთელი კასკადი შეცდომებისა - პერსონალის, ცვლის უფროსის ...

1986 წლის 26 აპრილს, ღამის პირველ საათსა და 5 წუთზე, ჩრდილოეთ უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის გეგმიური გაჩერება დაიწყო. ექსპერიმენტის ჩატარებაც სწორედ ამ მომენტისათვის დაიგეგმა. ექსპერიმენტის მიზანს კი წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა რაოდენობის ენერგიის მოხსნა შეიძლებოდა თავისუფალი განარბენის რეჟიმში რეაქტორის გაჩერებისას. თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში რეაქტორმა სწრაფად დაიწყო სიმძლავრის დაკარგვა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს რეაქტორის სიმძლავრის გაზრდა, რაც პირველი და მიუტევებელი შეცდომა იყო, - ასე იხსენებს „ჩერნობილის“ კატასტროფის დასაწყისს გია არაბიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, რომელიც იმ პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში ატომური სადგურების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო.

”კონსტრუქციულად დაზიანდა რეაქტორის გული. ამის შემდეგ იყო მთელი კასკადი შეცდომებისა - პერსონალის, ცვლის უფროსის... არ იყო კონტროლი”, - ამბობს გია არაბიძე.

ჩვენ გვითხრეს, რომ ზონასთან ახლოს არ უნდა ვყოფილიყავით, თუმცა შიგნით შეგვიყვანეს და ექვსი თვე ვიყავით ცხრა კილომეტრით დაშორებული იმ მეოთხე ბლოკიდან, სადაც აფეთქება მოხდა...
”ჩერნობილის” ავარიას მეშვიდე, ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით, უმაღლესი დონე მიენიჭა. საქართველომ უკრაინაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად სამი წლის განმვლობაში 2000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნა. მათგან უმეტესი სამხედრო ვალდებული იყო. ვაჟა ჩადუნელი, ”საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის” თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გაწვეულებს არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საშიშროებასთან მოუწევდათ ბრძოლა. აირწინაღებსაც კი არ ვიყენებდით. რადიაციას არც ფერი ჰქონდა და არც სუნი, ამიტომ აირწინაღების გარეშე უფრო გვიადვილდებოდა მუშაობაო:

”ჩვენ გვითხრეს, რომ ზონასთან ახლოს არ უნდა ვყოფილიყავით, თუმცა შიგნით შეგვიყვანეს და ექვსი თვე ვიყავით ცხრა კილომეტრით დაშორებული იმ მეოთხე ბლოკიდან, სადაც აფეთქება მოხდა. მეოთხე ბლოკს ფილტრები ჰქონდა და როდესაც მისი გამოცვლის დრო მოდიოდა, რაც კი ფრინველი იყო გარშემო, ყველა მიფრინავდა, ისინიც კი ერიდებოდნენ რადიაციას. სხივური დაზიანებები გვაქვს ყველას მიღებული და ორი მესამედი ”ჩერნობილელებისა” აღარ არის ცოცხალი”, - ამბობს ვაჟა ჩადუნელი.

არც ელენე კერესელიძისთვის გაუმხელიათ სიმართლე, როდესაც 1987 წლის პირველ ივნისს დიდი ეშელონით აზერბაიჯანის გავლით ჩერნობილის გზას გაუყენეს და სოფელ კოპაჩიში, მიტოვებული საბავშვო ბაღის შენობაში დაასახლეს. ის დღეს მეორე ჯგუფის ინვალიდია.

”ერთი კვირა გზაში ვიყავით. ჩაგვიყვანეს და გვეუბნებოდნენ, ”ბელაია ცერკოვში” მივდივართო, მაგრამ 30 კილომეტრიან ზონაში ამოვყავით თავი. სკოლის შენობაში გვქონდა გახსნილი ჰოსპიტალი და ჩვენი ნაწილიდან 170 ადამიანი ვმსახურობდით. იყვნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, თუმცა ქალები მარტო საქართველოს ჰყავდა გაგზავნილი. 40 გოგონა ვიყავით”, - ამბობს ელენე კერესელიძე.

დღესდღეობით ქართველი ”ჩერნობილელები” იმ შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ, რომლებითაც ისინი 2006 წლამდე სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება კომუნალური გადასახადების განახევრებული ტარიფი. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს, ჩერნობილში ნამსახურები ადამიანები დღესდღეობით ყოველთვიურად 55 ლარიან დახმარებას ღებულობენ.

საქართველო უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის შემდეგ იყო ის მეოთხე ქვეყანა, რომელზეც ჩერნობილში მომხდარმა აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, ამბობს გია არაბიძე. ”ჩერნობილის” აფეთქებიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში გადაუღებლად წვიმდა: ”მსუბუქი ელემენტებით გაჯერებულმა ღრუბლებმა საქართველოში წერტილოვანი დაბინძურება გამოიწვია. წერტილოვანი დაბინძურება კი ძალიან მძიმეა. ძირითადად ეს მოხდა აფხაზეთსა და გურიაში.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, ფიზიკოსი ედიშერ ფარქოსაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც უნივერსიტეტში დასავლეთ საქართველოდან ჩაი ჩამოიტანეს შესამოწმებლად. მას ქუჩაში ხმების შესაგროვებლად გასული რადიო თავისუფლება შემთხვევით შეხვდა: ”შემოიტანეს ჩაი. გვინდოდა შემოწმება, მაგრამ დეკანისგან მოვიდა ბრძანება და ჩაის შემოწმება აგვიკრძალეს, არ შეიძლებაო ”, - ჰყვება ედიშერ ფარქოსაძე.

როგორ იხსენებს საზოგადოება 25 წლის წინ აფეთქებული ”ჩერნობილის” ტრაგედიას და რა ინფომაცია ჰქონდათ მათ იმ პერიოდისათვის? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ ქუჩაში გამვლელებს:

- არ ვიცი, უცოდინარობა იყო თუ პანიკის ეშინოდათ, მაგრამ თავიდან დამალეს აფეთქების ფაქტი. მერე კი, როცა უკვე ევროპამაც გაიგო კატასტროფის შესახებ, იძულებულები გახდნენ, რომ ხმამაღლა განეცხადებინათ ამის შესახებ.

- როდესაც ”ჩერნობილის” ტრაგედია მოხდა, ბელორუსიაში ვიყავი. საქართველოს მოქალაქე ვიყავი. დამაკავა პოლიციამ, წამიყვანეს განყოფილებაში და მითხრეს, აქ რა გინდა, აგერ უკრაინაში ხალხს უჭირს და იქ უნდა წახვიდეო და ჩამწერეს გასაგზავნთა სიაში.
- ჩემი ბიძაშვილი წაიყვანეს ჩერნობილში. რომ ჩამოვიდა, კარგად იყო, მაგრამ მერე თანდათანობით ცუდად გახდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG