Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინ-აბაშიძის შეხვედრის შედეგი


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა თბილისში ექსპერტებმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრის შემდეგ რუსი დიპლომატის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთისათვის კვლავინდებურად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

ზურაბ აბაშიძემ 5 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განხილული იქნა ის საკითხები, რომლებზეც მუშაობა ექვსი თვის წინ გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ლაპარაკია სავაჭრო ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ზურაბ აბაშიძის თქმით, მან შეხვედრაზე ასევე დასვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხიც:

„ბატონმა კარასინმა ადრე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს ვერ შევძლებდით, რადგან ჩვენი ფორმატი ამ თემას არ ითვალისწინებს, რომ ეს ჟენევის ფორმატის პრობლემატიკაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია“.

ეს კანონი საფრთხეს უქმნის რუს ტურისტებს, რომლებმაც ცხინვალსა და სოხუმში იმოგზაურეს. მართალია, კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ქმედების გამეორების შემთხვევაში ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ კანონის გაუქმება იქნებოდა...
გრიგორი კარასინი
ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება გრიგორი კარასინმა მოსკოვში გმართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, თუმცა რუსმა დიპლომატმა მაინც ილაპარაკა ჟენევის ფორმატის საკითხებზე, ანუ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებაზე. საინფომაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად ითხოვს გაუქმდეს საქართველოში მოქმედი ოკუპაციის შესახებ კანონი:

„ეს კანონი საფრთხეს უქმნის რუს ტურისტებს, რომლებმაც ცხინვალსა და სოხუმში იმოგზაურეს. მართალია, კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ქმედების გამეორების შემთხვევაში ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ კანონის გაუქმება იქნებოდა“.

რუსი დიპლომატის ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყება არ იღებს ინსტრუქციებს ბატონი კარასინისგან და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა ტიპის კანონებს მიიღებს და განახორციელებს კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებით. გრიგორი კარასინის გაცხადებაზე კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემაც გააკეთა:

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მუშაობს და ის არის შემაკავებელი ფაქტორი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლასთან დაკავშირებით. უკანონოდ საზღვრის გადმოკვეთა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ისჯება მკაცრად, რადგანაც საზღვარი ნებისმიერ ქვეყანაში არის წმიდათაწმიდა და მას დაცვა სჭირდება“.

თუმცა, ოპოზიციისაგან განსხვავებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ კარასინის ეს წინადადება ვერანაირად ვერ შეცვლის საქარველოს მიზანს, მიაღწიოს ქვეყნის დეოკუპაციას:

საქართველომ თუ სწორად გამოიყენა ეს შეხვედრები, მაშინ ბევრი წარმატება გვექნება არა რუსეთთან ურთიერთობაში, არამედ იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია...
თენგიზ ფხალაძე
„თუ ვიღაცას არ მოსწონს ოკუპაციის შესახებ კანონი, როგორც ფორმა, მაშინ ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემებს უქმნის ერთმანეთს და, პრობლემებიდან გამომდინარე, ვეცადოთ კომპრომისული ვარიანტები შევარჩიოთ“.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ პოლიტიკის ექსპერტთა ერთმა ნაწილმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია მეტი სიფხიზლე გამოიჩინოს რუსეთთან ურთიერთობაში. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატის განცხადება იმის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ რეალობაზე თვალის დახუჭვით შედეგი არ მიიღწევა. ხოშტარიას თქმით, სირბილე უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ საშუალება სტრატეგიულად სწორი მიზნის მისაღწევად და თუ ხელისუფლებას დაავიწყდება, რა არის ეს მიზანი, მაშინ საქართველო დაიღუპება. „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე კი ამბობს, რომ ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის მიმდინარეობს მიზნებისა და სტრატეგიების ომი, რომელშიც წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქართული მხარის მართებულ ძალისხმევაზე.

„საქართველომ თუ სწორად გამოიყენა ეს შეხვედრები, მაშინ ბევრი წარმატება გვექნება არა რუსეთთან ურთიერთობაში, არამედ იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ თავი დაიმკვიდროს როგორც აბსოლუტურად რელევანტურმა და საიმედო პარტნიორმა, რომელიც ცდილობს მუდმივად ახალი სამშვიდობო ინიციატივების დაყენებას“, უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG