Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობამ გადაიფიქრა მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისება


მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილს ეკონომიკის სამინისტრო აღარ გაასხვისებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვის სანაპიროს 6 500 კვ/მ ფართობს კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად ითხოვდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა პლაჟი კერძო საკუთრებაში არ გადაცემულიყო და ინვესტორს უარი უთხრა:

გადმოწერა

„რადგანაც, იყო მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს პლაჟი დაიკეტოს და საზოგადოებიდანაც იყო შიშიც, ვარაუდიც, რომ ეს იქნება კერძო პლაჟი, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სარგებლობაში არ გადაგვეცა, ხოლო მის მოვლა-პატრონობაზე ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ“.

მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

მწვანე კონხცის პლაჟის მოვლა-პატრონობა, ქალაქის დანარჩენი სანაპიროს მსგავსად, ბათუმის მერიას ევალება, თუმცა პლაჟის ეს მონაკვეთი, რომელიც ბოტანიკური ბაღის სანაპიროს ნაწილია, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში რჩება და უწყება მის დაბრუნებას ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის არ აპირებს.

გაიყიდა და ივანიშვილმა იყიდაო, ასე ვიცი, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება! არ ვიცი, როგორი იქნება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. საერთოდ, რაც მოსახლეობისთვის იქნება კარგი, ისე უნდა იყოს!...

მწვანე კონცხზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მდებარე 1 300 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 6 500 კვ/მეტრი პლაჟის ტერიტორია, 49-წლიანი იჯარით ინვესტორისთვის გადაცემის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ მისცა. მიმდინარე წლის 31 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 4 დეპუტატი წავიდა. მათ შორის იყო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი ითხოვენ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების გაბათილებას და მწვანე კონცხის პლაჟის ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხის სანაპირო აჭარის მთავრობას უკანონოდ გადაეცა:

„პლაჟი განუსხვისებელი ტერიტორიაა და მისი საკუთრებაში გადაცემა კანონით არის აკრძალული. თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, განუსხვისებელი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა საკრებულოს წევრთა შემადგენლობის 2/3-ის ხმა, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში კი 17 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, რომ სხვისთვის გადაეცა საკუთრებაში“.

ბევრი ბრაზდება, რატომ შეისყიდაო, მაგრამ მოუვლელი რომ იყო?! მთავარია იყოს სისუფთავე და ტურისტი მოიზიდოს და ადგილობრივმაც შეძლოს შესვლა, ხელმისაწვდომი ფასები იყოს...

ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო მუნიციპალური საკუთრების, მწვანე კონცხის პლაჟის, აჭარის მთავრობისთვის გადაცემის კანონიერების საკითხს დაადგენს, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ პლაჟის გასხვისება გადაიფიქრა და ინვესტორ კომპანიას მიწის ნაკვეთები მწვანე კონცხსა და მახინჯაურში გადასცა. ხელშეკრულება 3 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ 7 944 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელი გახდა. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურშია, ხოლო დანარჩენი მწვანე კონცხზე მდებარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტი გელა ცინცაძე ინვესტორ კომპანიასთან რაიმე სახის კავშირს ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან არ ადასტურებს და ლაპარაკობს საინვესტიციო ვალდებულებაზე, რაც უწყებამ კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ ხელშეკრულებაში პირობად ჩაუდო:

„კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზის, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო სადგურის მშენებლობას. ეს საბაგირო სადგური ზღვის სანაპიროსა და მოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს დააკავშირებს ზედა შესასვლელთან. 36 თვეში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საბაგირო გზის ფუნქციონირება, ასევე, კონტრაქტის თანახმად, უნდა განახორციელოს 2 500 000 ლარის ინვესტიცია“.

მწვანე კონცხის საბაგირო
მწვანე კონცხის საბაგირო

მწვანე კონცხზე მცხოვრები გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები შეიქმნება, ნაწილი კი ტერიტორიების კერძო საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგია:

„...არაფერს არ ვფიქრობ... თუ არის გაყიდული, მივესალმები ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც მწვანე კონცხზე განხორციელდება...“

„...გაიყიდა და ივანიშვილმა იყიდაო, ასე ვიცი, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება! არ ვიცი, როგორი იქნება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. საერთოდ, რაც მოსახლეობისთვის იქნება კარგი, ისე უნდა იყოს!“

„თუ რამე გაკეთდება ახალი და საინტერესო, თუ ხალხი დასაქმდება, მისაღები იქნება ჩვენთვის. თუ კერძო ობიექტად გადაიქცევა, მაშინ ჩვენთვის არ იქნება მისაღები, იმიტომ რომ კერძო პირი შეიძლება მოვიდეს, შემოიღობოს თავისი ტერიტორია და შეზღუდოს ჩვენი უფლება თუნდაც თავისუფლად გადაადგილების კუთხით. ეს ჩვენთვის მიუღებელია“.

„ბევრი ბრაზდება, რატომ შეისყიდაო, მაგრამ მოუვლელი რომ იყო?! მთავარია იყოს სისუფთავე და ტურისტი მოიზიდოს და ადგილობრივმაც შეძლოს შესვლა, ხელმისაწვდომი ფასები იყოს...“

„არაფერი არ ვიცი, ჩვენ ვინ გვეტყვის რამეს? კაციშვილმა არ იცის, აქ ვისი რა არის, ვერ გაიგებ. ანარქიაა და არავითარი გამჭვირვალობა. თავიდან აქ დასასვენებელი სახლი, ყვავილნარი და ბაღნარი იყო. ადგილობრივებისთვის მიეცათ, ვინც ხეირს დააყრის და გასწვდება. ყველაფერი ერთი კაცის იყოს და დანარჩენი არავისი არაფერი იყოს, ასე არ გამოვა. ახლა იქ კი გაკეთდება მაგარი რაღაცები, მაგრამ ჩვენ რა?!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG