Accessibility links

გორში მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ


გორი

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამჟამად ისინი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, გელა კაპანაძის დაჯარიმებას მოითხოვენ. კაპანაძე სამუშაო საათებში პარტიის ოფისში ხშირად იმყოფება, ისე რომ შვებულება არ მოუთხოვია, მედიისთვის აკეთებს კომენტარებს და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, კოტე თავზარაშვილის, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. ”დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატი იოსებ სოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით „ქართული ოცნების“ წევრები კანონს არღვევენ და ამით სხვა პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებენ.

გელა კაპანაძის აქტიურობას „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოხელეების მონაწილეობას აგიტაციის პროცესში. კახნიაშვილის თქმით, კაპანაძემ კანონი უკვე არაერთხელ დაარღვია.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი კი აცხადებს, რომ გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები ხშირად ესწრებიან წინასაარჩევნო შეხვედრებს და ეს ყველაფერი სამუშაო საათებში ხდება. გარდა ამისა, ისინი არც შვებულებაში გადიან.

გელა კაპანაძემ ადგილობრივ ტელევიზიასთან კომენტარში განაცხადა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია და კანონს არ არღვევს, თუმცა კოდექსი განსაზღვრავს პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჩამონათვალს. ესენი არიან მერები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები და ა. შ. გამგებლის მოადგილეები ამ ჩამონათვალში ვერ ხვდებიან. გელა კაპანაძე ჩვენთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდება.

მოადგილის საქმიანობის შესახებ მოკვლევის ჩატარებას აპირებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილიც, რომელიც ცოტა ხნის წინ „შენების მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად წარადგინა. ონიაშვილი გაარკვევს, სად იმყოფება მისი მოადგილე სამუშაო საათებში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი კაპანაძის წინააღმდეგ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარსადგენად ემზადება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG