სამი ათეული წლის განმავლობაში ნელსონ მანდელა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი „სინდისის პატიმარი“ იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი თავისი ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ის იყო სიმბოლო აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლისა, სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. 1990 წელს, ციხიდან გამოსვლისას, მას გმირივით შეეგება მთელი ქვეყანა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ფრედერიკ დე კლერკთან ერთად ნიადაგს უმზადებდა აპარტეიდის ეპოქის დასასრულს. მათმა თანამშრომლობამ გზა გაუხსნა ქვეყნის პირველ, სრულფასოვან, დემოკრატიულ არჩევნებს. ამ მიღწევისთვის მანდელა და დე კლერკი ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს. 1994 წელს ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა ქვეყნის პირველ, მრავალრასობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. 5 დეკემბერს ნელსონ მანდელა გარდაიცვალა. ის 95 წლის იყო.
ნელსონ მანდელა - ცხოვრება სურათებში

1
ნელსონ მანდელა 1960-იანი წლების დასაწყისში, ვიდრე მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ საბოტაჟისთვის

2
აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტები, მათ შორის ნელსონ მანდელა, რომელთაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, დაუმორჩილებლობის ნიშნად, მუშტებს კრავენ (პრეტორია, 1964 წ.)

3
ნელსონ მანდელა და მისი მეორე ცოლი უინი ქორწინების დღეს (1957 წ.)

4
1990 წლის 11 თებერვალი, ნელსონ მანდელას გათავისუფლების დღე. ნელსონ და უინი მანდელები თანამემამულეებს ესალმებიან.

5
ნელსონ მანდელა 1990 წლის ივნისში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

6
ნელსონ მანდელა სიტყვას წარმოთქვამს პორტ ელიზაბეთში, ციხიდან გამოსვლიდან მცირე ხანში (1990 წ.).

7
ნელსონ მანდელა და სამხრეთ აფრიკის მაშინდელი პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი (მარჯვნივ) მათთვის ნობელის სამშვიდობო პრემიის მინიჭების ცერემონიაზე (1993 წ.).

8
ნელსონ მანდელა სტუმრად რობენის ციხეში, სადაც მან თავისი 27-წლიანი პატიმრობის უდიდესი ნაწილი გაატარა (1994 წ.).

9
ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველ მრავალრასობრივ არჩევნებზე ხმის მიცემისას, 1994 წლის აპრილში.

10
ნელსონ მანდელა ფიცს დებს პრეზიდენტად მისი კურთხევის ცერემონიაზე პრეტორიაში (1994 წლის მაისი).