Accessibility links

საკეტს გასაღები მოარგო, კარი შეაღო და ნათელი ოთახი დაინახა. ცრემლები წამოუვიდა. ამ დღეს ციალა კაპანაძე 26 წელი ელოდა. 26 წლის წინ დატოვა მან საკუთარი სახლი ცხინვალში. მას შემდეგ გორის ტურბაზაში ცხოვრობდა, ხის კოტეჯში. კოტეჯი ყოველწლიურად იშლებოდა. კაპანაძეების ოროთახიანი ბინა 5- სართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა.

კაპანაძეების მსგავსად, დღეს გორში ახალი ბინების გასაღები კიდევ 21-მა ოჯახმა მიიღო, მალე კიდევ 8 ოჯახი გაიხარებს. გასაღებებთან ერთად მათ ქოთანში ჩარგული ბზის ნერგიც გადასცეს. ეს ნერგები მოგვიანებით ყველამ ფანჯარაში გამოდგა. მაყვალა გამგებელი ამბობს, რომ ახალი ბინის მოლოდინში დაბერდა, მაგრამ ბედნიერია, რომ ამ დღეს მოესწრო.

გორის გარეუბანში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსი თავდაცვის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს გადასცა. სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ კორპუსში 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდებიან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში გორის ტურბაზაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ხის კოტეჯები ინგრეოდა, შესაბამისი დასკვნა ექსპერტიზამაც დადო, ამიტომ ამ ადამიანებს ეს ბინები ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე გადაეცათ. ირმა რომელაშვილს მესამე სართულზე ოროთახიანი ბინა შეხვდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიულოცა. მან კორპუსის მიმდებარე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დევნილებთან ერთად ნერგებიც დარგო. ერთმა კაცმა ჩაილაპარაკა, ბინა მივიღეთ, ხე დავრგეთ, ახლა კი გამრავლების დროაო. სოზარ სუბარმა ახალი ბინები დაათვალიერა და განაცხადა, რომ გორში განსახლების პრობლემა წლის ბოლომდე მაღალი პროცენტით შესრულდება, რადგან ზაფხულში კიდევ 480 დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას.

კომბინატის დასახლებაში ამჟამად 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ბინები, კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე გაჭირვებულ დევნილებს გადაეცემათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG