Accessibility links

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს. კობა გვენეტაძე ლარის ინფლაციას მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და მოსახლეობის არასწორი მოლოდინით ხსნის. ყველაზე მეტად რა ფაქტორმა გამოიწვია პანიკა საქართველოს მოსახლეობაში, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკული დოლარის ყველაზე მაღალი ფასი 2 ლარი და 70 თეთრი დაფიქსირდა. ახალციხეში ფიქრობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მათ ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო გააუარესებს.

კურსის მკვეთრი გაუარესებით ყველაზე მეტად ის მოქალაქეები ზარალდებიან, ვისაც კრედიტი ამერიკულ დოლარში აქვთ აღებული. ეკონომიკის საკითხების სპეციალისტ როინ თათეშვილის აზრით, მთავარია პროცესები ინფლაციაში არ გადაიზარდოს, რადგან პროდუქტების გაძვირება გარდაუვალი გახდება.

ლარის კურსის დაცემის გამო მგზავრობის ღირებულება 2 ლარით გაძვირდა საქალაქთაშორისო მარშრუტებში. მგზავრების ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი სერვისისა თუ პროდუქტის გაძვირება მათ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, მეორე ნაწილი კი შექმნილ ვითარებას ცდილობს გაგებით მოეკიდოს.

მძღოლები ირწმუნებიან, რომ მგზავრობის ფასის მომატება საწვავის გაძვირებამ და ეროვნული ვალუტის კურსის ინფლაციამ განაპირობა.

მიკროავტობუსის მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე მგზავრობა კიდევ 3 ლარით გაძვირდეს. ადგილობრივები პროდუქტების მომატებულ ფასებზეც ჩივიან. რა ნიშნულზე შეჩერდება ლარი, პროგნოზის გაკეთება უჭირთ როგორც ექსპერტებს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ეკონომისტების ნაწილი იმედოვნებს, რომ ლარის კურსის მცირედით გამყარება შესაძლებელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG