12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ინიციატივით დაწესებული ეს დღე 1999 წლიდან აღინიშნება. წელს გაერო ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად სიღარიბეს მიიჩნევს, რადგან, ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ახალგაზრდა სიღარიბეში ცხოვრობს და ძირითად მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. რა პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს საქართველოში და როგორია სახელმწიფოში ახალგაზრდული პოლიტიკა?
რადგან საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა არ არის, ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიკა ბანძელაძე, რომლის თქმითაც, საქართველოში გაეროს ტექნიკური დახმარებით ახალგაზრდული პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა შემუშავდა. ამ გეგმის მიხედვით, ქალაქებსა და რეგიონებში უნდა შეიქმნას პირობები საიმისოდ, რომ ახალგაზრდებისთვის თანაბრად მისაწვდომი გახდეს საგანმანათლებლო თუ სხვა რესურსები:
„დასაქმება თუ ცნობიერების ამაღლება თუ სერვისების ხელმისაწვდომობა - ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას და რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდი უწყობს ხელს თავისი პროგრამის ფარგლებში“.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, რევაზ ჯაველიძის, თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის დროს ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ მეტად იაქტიურონ, საჭიროების შესაბამისი პროგრამები წარმოადგინონ, გამოკითხონ ახალგაზრდები და მათგან გაიგონ, რა სჭირდებათ. შეხვედრაზე, რომელიც ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ და რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, ახალგაზრდობის სფეროს მდგრადი განვითარებისთვის რა ნაბიჯები იდგმებაო, რაზეც რევაზ ჯაველიძემ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები ჩამოთვალა. ამასთან, ისაუბრა ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერის კანონპროექტზე, რომელშიც წარმოდგენილია ახალგაზრდობის განვითარების სახელმწიფოებრივი ხედვა:
„ეს არის ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასეთი შეიძლება იყოს საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარება და, მეორე მხრივ, ახალგაზრდული ცენტრების განვითარება, აქ ლაპარაკია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ათვისებაზე. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არის ბავშვებისა და ახალგაზრდობის სასახლეები, სადაც ავად თუ კარგად რაღაც პროექტები ხორციელდება, მაგრამ მათი დატვირთვა კიდევ უფრო მეტად შეიძლება. ასევე მინდა ვახსენო ბიბლიოთეკები, ასევე იუსტიციის სამინისტროს სივრცეები, რომელიც გვაქვს, ანუ სახელმწიფომ უკვე ჩადო გარკვეული ინვესტიცია და მისი გამოყენება მიზანშეწონილი კი არა, აუცილებელია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ (Helping Hand) , ახალგაზრდებთან მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაზე მუშაობს. თინათინ მესხი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ახალგაზრდა, დაახლოებით, 15 პროცენტია სულ ჩართული სამოხალისეო საქმიანობაში. არადა, ეს ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა სხვადასხვა უნარების და კომპეტენციის ასამაღლებლად. თუმცა ერთია სურვილი და მეორეა, რას სთავაზობს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მოხალისეებს, ამ მხრივ კი შეზღუდული არჩევანია.
საკმარისი დაფინანსების პირობებში შესაძლებელია შეიქმნას ახალგაზრდული ცენტრები. ეს არ არის მხოლოდ თავშეყრის ადგილები, ეს არის თავშეყრის, საგანმანათლებლო და განვითარებაზე მიმართული საკოორდინაციო წერტილები, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდებმა ერთად თავი მოიყარონ...ეკა ჟვანია
ახალგაზრდების განვითარებისა და მხარდაჭერის სფეროში აქამდე მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივები ხორციელდებოდა, რაც სისტემურ ცვლილებას არ იძლეოდაო, ამბობს „World Vision - საქართველოს“ დირექტორი ეკა ჟვანია:
„საკმარისი დაფინანსების პირობებში შესაძლებელია შეიქმნას ახალგაზრდული ცენტრები. ეს არ არის მხოლოდ თავშეყრის ადგილები, ეს არის თავშეყრის, საგანმანათლებლო და განვითარებაზე მიმართული საკოორდინაციო წერტილები, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდებმა ერთად თავი მოიყარონ“.
რა მიაჩნიათ განვითარებისთვის ხელის შემშლელ მთავარ პრობლემად და რას ისურვებდნენ თავად ახალგაზრდები? - ამ კითხვით თბილისის ქუჩებში შემხვედრ ახალგაზრდებსაც მივმართეთ. პასუხები ასეთი იყო:
„ახალგაზრდები არ არიან რეალიზებული, პრობლემაა დასაქმება“;
„მე მგონი, უფრო განათლება და გართობაა პრობლემა“;
„მოგზაურობის ნაკლებობა, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამაა და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ ხდება ახალგაზრდებისთვის“;
„განათლების შემდეგ დასაქმებაა პრობლემა. მინდა, რომ სტუდენტური ქალაქები არსებობდეს, ეს სწავლისთვის უკეთეს ატმოსფეროს ქმნის“.