Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველია


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

96 მომხრე და 5 წინააღმდეგი - ასეთია პარლამენტში კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმადაც, 8 დეკემბრიდან 5 წლის ვადით საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს ნინო ლომჯარია დაიკავებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ნინო ლომჯარიას, კონკურენტმა ომბუდსმენის პოსტზე, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დასახელებულმა გიორგი ფოფხაძემ 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 27-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველია
please wait

No media source currently available

0:00 0:04:41 0:00
გადმოწერა

ახალი სახალხო დამცველი

  • პარლამენტმა კენჭი უყარა ომბუდსმენის კანდიდატურას.
  • სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატი: ნინო ლომჯარია და გიორგი ფოფხაძე.
  • დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნინო ლომჯარიას.
  • ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტს მომდევნო 5 წლის ვადით დაიკავებს.

პარლამენტმა კენჭი უყარა ომბუდსმენის კანდიდატურას. სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ნინო ლომჯარიას, ერგო. მის საპროგრამო სიტყვას დეპუტატებმა 29 ნოემბერს მოუსმინეს, 30 ნოემბერს კი, კენჭისყრამდე, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს, უსმენდნენ.

მან სიტყვით გამოსვლისას თავის კარიერასა და დამსახურებებზე ილაპარაკა. აღნიშნა, რომ, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრია; 20 წელზე მეტია, ჟურნალისტად მუშაობს და ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს ევროპარლამენტის წევრებსა და სხვა ევროპულ სტრუქტურებთან. გიორგი ფოფხაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის წინაშე და აღნიშნა, რომ უთანასწორო პირობებში იყო ჩაყენებული ომბუდსმენობის მეორე კანდიდატთან შედარებით, ვინაიდან საპროგრამო სიტყვის მოსამზადებლად და წარსადგენად მხოლოდ 48 საათი ჰქონდა. მისი თქმით, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ის იქნებოდა ყველა ჯგუფის უფლებების დამცველი და არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ერთი ჯგუფის ინტერესების გამთვალისწინებელი. მისივე სიტყვებით, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატის ყოველწლიური ანგარიშები იქნებოდა უფრო მცირე ზომის და მეტი კონკრეტიკის შემცველი:

„ჩემი ძალისხმევით ადამიანის უფლებების საერთაშორისო ლიგამ 8 ქართველი პატიმარი - მათ შორის, მერაბ რატიშვილი, ნორა კვიციანი - პოლიტპატიმრებად აღიარა. ჩემი გავრცელებულია 26 მაისის კადრები ევროინსტიტუციებში და ცნობილი ფოტოგრაფების საქმე. ჩემი მიტანილია ევროსტრუქტურებამდე და საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, ვახტანგ მაისაიას, გურამ შარაძის, გოგიჩას და დემეს საქმეები“.

იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის ხედვა დიდწილად არის ადეკვატური, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი კანდიდატურის მხარდაჭერა პარლამენტში...
სალომე სამადაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას, კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო დასახელებული, მმართველ გუნდში ერთსულოვნება არ იყო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ერთ-ერთმა დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ, თავის პოზიციაზე ილაპარაკა:

„მინდა ქალბატონ ნინო ლომჯარიას წარმატება ვუსურვო, მაგრამ მე ვერ ვიღებ პერსონალურ პასუხისმგებლობას მასთან დაკავშირებით, მისი განცხადებების გამო. ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკაც იყო, როცა ის პრემიერი იყო და საუბრობდა „შავ-ბნელ ძალაზე“ და მხოლოდ ამ ტერმინებზე არ არის საუბარი. ჩემი წარმოდგენით, მსურს, რომ სახალხო დამცველი არა ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდეს, არამედ შინაგანი რწმენითაც და ადამიანური კატეგორიებით“.

უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა კი ნინო ლომჯარიას სრული ნდობა გამოუცხადეს და, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისგან ხელისუფლება მწვავე და საფუძვლიან კრიტიკას მოელის:

„გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ნინოს, ვუსურვებ, რომ ის იყოს სამართლიანი და ობიექტური. ის პროფესიონალი იურისტია და დარწმუნებული ვარ, გაამართლებს ამ ნდობას. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა კრიტიკული და ეს ასეც სჭირდება ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როგორც წინასწარვე ვამბობდით, მეამაყება „ქართული ოცნების“ გუნდის, ვინაიდან, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ის ყოველთვის ახერხებს შეჯერდეს საერთო პოზიციაზე და მიიღოს შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები“.

კენჭისყრამდე გიორგი ფოფხაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა კოლეგა დეპუტატებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვლიმა. მისი შეფასებით, ფოფხაძე ყველა კრიტერიუმით იმსახურებდა უპირატესობას კონკურენტ კანდიდატთან შედარებით:

„არ მესმის, რომელია ის კრიტერიუმი, რომლითაც ლომჯარიას კანდიდატურა აღემატება ბატონი გიორგის კანდიდატურას. გიორგი ფოფხაძე წარდგა ძალიან ღრმა და საინტერესო მოხსენებით და ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ის იყო ერთ-ერთი კომპეტენტური მომხსენებელი, რომელიც წარდგა ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებით“.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურას რომ დაუჭერდა მხარს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს პარტიის წარმომადგენელთა წინასწარ გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანდა. ამაზე მედიასთან 30 ნოემბერს, კენჭისყრამდე, კიდევ ერთხელ ილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა:

სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ამ პოსტზე დასახელებული და დამტკიცებული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, და იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის ხედვა დიდწილად არის ადეკვატური, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი კანდიდატურის მხარდაჭერა პარლამენტში“.

იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, სახალხო დამცველის პოსტზე წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დეპუტატებს.

ნინო ლომჯარია კი სახალხო დამცველის პოსტს მომდევნო 5 წლის ვადით 8 დეკემბრიდან დაიკავებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG