Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლო წელი სიახლის მოლოდინით


ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს მასშტაბით, 2085 სკოლაში სწავლა დაიყო. რა სიახლეებით ხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს და რა მოლოდინი აქვთ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს?

ახალი სასწავლო წელი სიახლის მოლოდინით
please wait

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00
გადმოწერა

თბილისის 143-ე სკოლაში სწავლის პირველი დღის მანიშნებელი ზარი დილის 9 საათზე დაირეკა. პირველ ზარს და სწავლის დაწყების დღეს ელოდა მეხუთეკლასელი ნიკოლოზ კურატაშვილი:

„კარგი სკოლაა და ძალიან მიყვარს ეს სკოლა, სხვაგან გადასვლაც არ მინდა. ცოტა კი მეზარებოდა სწავლის დაწყება, მაგრამ მერე შევეჩვევი ნელ-ნელა“.

საქართველოში სწავლას, წელს პირველად, 56 ათას 300 მოსწავლე შეუდგა. სულ კი სკოლებში 575 ათასი მოსწავლე ირიცხება. ყვავილებით ხელში, საზეიმო განწყობით დაიწყო სწავლა 143-ე სკოლაშიც, სადაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც მიულოცა.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წელი დაიწყო

„მე რომ მოსწავლე ვიყო, ასეთ სკოლაში გამიხარდებოდა მისვლა. ისეთში, რომელშიც არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან. ჩვენმა პედაგოგებმა ძალიან ხშირად ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღეს და ეს ხალხი არის თავდადებული თავისი საქმისთვის, არც კვალიფიკაცია აკლიათ და არც მოტივაცია. მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც მეგობრობის და თანამშრომლობის ატმოსფეროა და ძალიან ბევრ სკოლაში და, მათ შორის, ამ სკოლაში, არის ასეთი თანამშრომლობა და მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც სახალისოა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეები და სკოლა მარტო სწავლა არ არის, სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაკვეთილისა და დავალების გარდა, რას გთავაზობს სკოლა და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ხდება მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად“.

უკვე ტრადიციულად, პირველკლასელებს მერხებზე სახელმძღვანელოები და სასკოლო კომპიუტერები დახვდათ. სწავლის დაწყებას, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მღელვარებით ველოდებითო, გვითხრა პირველი კლასის დამრიგებელმა ნატო ქუშაშვილმა მას შემდეგ, რაც საკლასო ოთახში მოსწავლეები თავიანთ კუთვნილ მერხებს მიუსხა.

„სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლისთვისაც ყოველთვის მღელვარებითაა მოცული, მასწავლებელი ღელავს იმიტომ, რომ ახალ ბავშვებს უნდა შეხვდეს და უნდა შეეჩვიოს, ამისთვის მასწავლებელი მომზადებულია – ეს არის ინვენტარი, საკლასო ოთახი, ბავშვებისთვის საჩუქრების მომზადება, რომ ბავშვები სიხარულით შეხვდნენ. ამას მასწავლებელიც განიცდის და ღელავს, თვითონ ბავშვები როგორ შეხვდებიან და შეეჩვევიან ახალ მასწავლებელს“.

​განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში, სულ, 2085 საჯარო სკოლაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე, სასწავლო წლისთვის ერთი ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი ხუთი სკოლის მშენებლობა დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, დამთავრებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

143-ე სკოლის დირექტორის, თამარ ჭარბაძის თქმით, სასწავლო წელი სკოლის ადმინისტრაციისთვის 15 სექტემბერს არ იწყება, მთელი ზაფხული ისინი მოსწავლეების დასახვედრად ემზადებოდნენ:

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის, ყველა დროში ასე ყოფილა და ასეა ახლაც, მასწავლებლები და სკოლა დიდი სიხარულით ელოდება ბავშვებს, ამისთვის მთელი ზაფხული ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ ახლებურად, განვაახლეთ სასწავლო პროგრამები და წინ ბევრი წარმატების იმედი გვაქვს“.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წელი დაიწყო

მას შემდეგ, რაც სკოლაში სამი შვილი გაუშვა, ზარის დარეკვის შემდეგაც სკოლის ეზოში კარგა ხანს იდგა მშობელი გიგლა ალიხანაშვილი. განსაკუთრებული დღეა და სკოლის დაწყების დღეს მშობლებს ერთმანეთისთვის აზრის გაზიარებაც გვინდაო, გვითხრა –

„მხოლოდ საუკეთესო მოლოდინი მაქვს, ყველა პირობაა, რომ ბავშვმა ისწავლოს. დანარჩენი უკვე ბავშვებზე, მის აღზრდაზე და მშობელზეა დამოკიდებული. უდიდესი სიხარულია სწავლის დაწყება, განსაკუთრებით, პირველ დღეს. ეს განსაკუთრებული დღეა“.

წელს სკოლის ცხოვრებაში რამდენიმე სიახლეა: განათლების მინისტრის ბრძანებით, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება – საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში, საპილოტე რეჟიმში, სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, თამაშები ისტორიული მოვლენების შემეცნებისათვის, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და სხვ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG