Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხე-ადიგენის ოლქში 9 მაჟორიტარი კანდიდატია


ახალციხე – ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა ახალციხის 28-ე უბანზე მისცა.

გიორგი კოპაძე საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ხმა საქართველოს მომავალსა და იმ ძალას მისცა, რომლისაც სჯერა. 28-ე უბანშივე საკუთარი პოზიცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა შალვა გოგოლაძემაც დააფიქსირა.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ხმა ანდრია წმინდის მე-13 უბანზე მისცა. ამბობს, რომ დარღვევები არჩევნების წინა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ღირსეული წევრები შეირჩევიან. არჩევნების მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობაზე ლაპარაკობს „ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ბესიკ ხითარიშვილი. დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის თქმით, იმის ილუზია, რომ რომელიმე მათგანი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, არავის უნდა ჰქონდეს. „თოფაძე – მრეწველების“ კანდიდატმა, ტარიელ ხაჩიძემ, ხმა აგარის მე-12 უბნის გახსნისთანავე მისცა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა სიკეთესა და ცვლილებებს მისცა. ნუგზარ პარუნაშვილმა ყურადღება საჯარო მოხელეებისეულ დარღვევებზე გაამახვილა. დარღვევებზე ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, რომელმაც ხმა ვალეს მეცხრე უბანში მისცა. ვაჟა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ არჩევანი ქვეყნის წინსვლისა და ცვლილებებისთვის გააკეთა.

„ჩვენები - სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზურაბ პაქსაძემ საკუთარი პოზიცია თბილისში დააფიქსირა, ხოლო „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ წარდგენილმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. გოდერძი კუბლაშვილმა, მოქალაქეობრივი ვალის მოხდის ნაცვლად, მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა. თქვა, რომ ხმის მიცემას საკუთარი თავისთვის არ აპირებდა, საკუთარ ერთ ხმას კი დარჩენილ 8 კანდიდატზე ვერ გადაანაწილებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG