Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის თემის ბიუჯეტის პროექტს ,,ენმ“ მხარს არ დაუჭერს


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის თემი ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტს, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. როგორც თემში განმარტავენ, დოკუმენტში შენიშვნები არ შესულა არც საკრებულოს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მხრიდან. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარდა.

ახალციხის თემის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 4 მილიონ 441 ათასი ლარით განისაზღვრა. 25 დეკემბრამდე პროექტი, პირველადი ვერსიით, საკრებულოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. ახალციხის თემის მტკიცებით, დოკუმენტის საჯარო განხილვა ორჯერ მოეწყო, რომელსაც მესამე სექტორი, მოსახლეობა და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი ყველა მხარემ მოიწონა. კითხვაზე, რატომ არ ჰქონდა საკრებულოს შენიშვნები მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ დოკუმენტზე წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა ერთობლივად იმუშავეს. შესაბამისად, თანხის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებისას დეპუტატების განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა.

ახალციხის თემის ბიუჯეტის კიდევ ერთი განხილვა, რომელსაც ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო პორტალ „სამხრეთის კარიბჭის“ ინიციატივით, რედაქციის ოფისში გაიმართა. დამსწრეებმა იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს, რომლებიც მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაიწერა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მათი პარტია 2016 წლის ახალციხის თემის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თანხები ძირითადად მუნიციპალიტეტში გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის, მელიორაციის სისტემის მოწესრიგებისთვის, გამგეობაში თანამშრომელთა შტატების გაზრდისა და სახელფასო ანაზღაურებისთვის დაიხარჯება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ შეხვედრა და დისკუსია იყო ჯანსაღი და კომპეტენტური, ხოლო ბიუჯეტი - მისაღები.

თემის ჩასწორებული ბიუჯეტი გამგეობიდან ისევ საკრებულოს გადაეგზავნა და ის, საბოლოო სახით, დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG