Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების ოჯახმა ენგურის ხიდზე აქცია გამართა


დაკავებულების ოჯახის წევრების აქცია ენგურის ხიდზე
დაკავებულების ოჯახის წევრების აქცია ენგურის ხიდზე

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზუგდიდის სოფელ რიყის მკვიდრი მამა-შვილის ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდზე მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ამ დრომდე არ იციან ერთი კვირის წინ დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების ზუსტი ადგილსამყოფელი. აქციის მონაწილეებისავე განმარტებით, არ ფლობენ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

როგორც გატაცებულთა ოჯახის წევრმა დარეჯან როგავამ განაცხადა, მათ დაუკავშირდნენ სახალხო დამცველისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. მისი მტკიცებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები დაკავებულების საქმეზე სასამართლოს 21 აპრილს გამართავენ.

„21-ში არისო სასამართლო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა ამისი. ჩვენ 20-ში გავაკეთებთ მასშტაბურ აქციას და გავალთ ხიდზე. მოვიცდით, 20-მდე რას იტყვიან და რას გვაცნობებენ. ის მაინც გაგვაგებინონ, სად არიან, თუ არადა, დავიყენებთ ჩვენს შვილებს და გადავალთ ხიდზე. თუ არ გაგვიშვეს, წყლით მაინც გავალთ“, - ამბობს პაატა როგავას და.

ამასთან, ოჯახი იმედოვნებს, რომ დაკავებულების შესახებ დეტალურ ცნობებს მიიღებენ 25 აპრილს გალში დაგეგმილი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების“ მორიგი შეხვედრის შემდეგ.

საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე მანამდე ორჯერ გამართეს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა. 12 აპრილს ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთანაც იმყოფებოდნენ არჩიკო როგავას ცოლი, შვილი და შვილიშვილი, თუმცა ისე მობრუნდნენ, არავის გასაუბრებიან. არჩიკო როგავას ცოლმა, ნანული ჭოჭუამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აფხაზეთში გადასვლასაც აპირებს:

„სადაც არიან, იქ მინდა მივიდე. თუ მომცემენ ნებას, კარგი, მადლობლები ვიქნებით, მაგრამ თუ არა, სადმე გადავიპარებით“, - თქვა მან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. ოჯახის წევრების ცნობით, შემთხვევა 6 აპრილს მოხდა, საღამოს, როცა მამა-შვილი ცხენს ეძებდა. ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთიათ. 6 აპრილს საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მამა-შვილის დაკავებაზე ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. როგორც სუს-ში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მუშაობს ცხელი ხაზი და ყველაფერი კეთდება მათ გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG