Accessibility links

„გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანის საფრთხისგან“ – აქცია „ჯაჭვის ხიდზე“


აქცია „ჯაჭვის ხიდზე“

„არა დიდ ჰესებს!“, „ნუ ჩაგვძირავთ!“, „მზე და ქარი ჰესების ალტერნატივად!“, „გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანის საფრთხისგან!“ - ამ ლოზუნგებით გაიმართა ქუთაისში, „ჯაჭვის ხიდზე“, აქცია, რომელიც ორგანიზატორებმა საგანგებოდ დაამთხვიეს მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 14 მარტს.

აქცია ჰესების წინააღმდეგ

  • დიდი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის საპროტესტო აქციას შეუერთდრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  • ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, უარი თქვას დიდი ჰესების მშენებლობაზე და ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის დანერგვაზე იზრუნოს.
  • ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ მუშაობს.

აქციის მონაწილეებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, წყალტუბოსა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების 14 სოფლის ტერიტორიაზე ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში დაიტბორება რამდენიმე სოფელი და მოიმატებს ტენიანობა, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, მიკროკლიმატს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვაზის ადგილობრივ ჯიშებს და გააუარესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

აქციის მონაწილის, მალხაზ მურუსიძის, ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტით ორ საფეხურზე იგეგმება კაშხლის, წყალსაცავის, წყალგამტარი გვირაბების, ჰესის შენობის, ქვესადგურისა და სხვა ობიექტების მშენებლობა. მურუსიძისავე განცხადებით, ნამახვანი-ჟონეთის ჰესმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა მოიცვას 111 მეტრი სიმაღლის კაშხალი და წყალსაცავი, დაახლოებით, ხუთას ჰექტარ ფართობზე, რის შედეგადაც დაიტბორება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყე და სამი სოფელი: მოლეკულა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა. „ტვიში ჰესის“ მოწყობა კი დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც წყლის ქვეშ აღმოჩნდება, დაახლოებით, 100 ჰექტარი ფართობი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

დიდი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის საპროტესტო აქციას შეუერთდრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის, ხვიჩა ვაშაყმაძის, განცხადებით, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში საფრთხე ექმნება მდინარე რიონის ხეობის 14 დასახლებული პუნქტის ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობის ურბანულ არეალებს, კულტურულ ლანდშაფტსა და არქიტექტურულ ნიმუშებს, რომლებიც ნაწილობრივ დატბორვის ზონაში მოჰყვება.

ქუთაისში, „ჯაჭვის ხიდზე“, გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჰესების კასკადის მშენებლობა უარყოფით გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, ასევე საფრთხე შეექმნება ყურძნის უნიკალურ ჯიშებს ხვანჭკარას, უსახელაურსა და ტვიშს, რომლებიც საპროექტო არეალშია გავრცელებული.

მდინარე რიონი
მდინარე რიონი

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, უარი თქვას დიდი ჰესების მშენებლობაზე და ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის დანერგვაზე იზრუნოს. ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ მუშაობს. მისმა წარმომადგენლებმა გასულ თვეში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რასაც რამდენიმე სოფლეში ადგილობრივ მცხოვრებთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება და დაპირისპირება მოჰყვა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელება 2019 წლიდან იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 738 მილიონი დოლარი იქნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG