Accessibility links

მოსახლეობა დიდი ჰესების შენების წინააღმდეგ


14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა. აქციაში მონაწილეობდნენ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის მცხოვრებლები, გარემოს დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, არ დააფინანსონ დიდი ჰესების სამშენებლო პროექტები.

აქცია „აზიის განვითარების ბანკთან“ დაიწყო და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ დამთავრდა:

აქციის მონაწილეებმა ფინანსურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, არ დააფინანსონ მსხვილი ჰესების მშენებლობა.

მანანა საღლიანი: „ამჟამად მიმდინარეობს მესტია-ჭალაჰესის და ნესკრაჰესის მშენებლობა, სამწუხაროდ, და დაგეგმილია 50-ზე მეტი ელექტროსადგურის მშენებლობა მთელი ენგურის ხეობაში. და რაღა დარჩა სვანეთისგან?!“

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტები საფრთხეს უქმნის გარემოს და არ პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს.

დავით გულბანი: „დღევანდელ მსოფლიოში ჯანსაღი გარემო ბევრად უფრო მეტ მატერიალურ ღირებულებას წარმოადგენს და პერსპექტივაში უფრო მზარდია მისი ფასეულობა, ვიდრე აშენებული კაშხალი და დაძირული ათასობით ჰექტარი ან მილებში მოქცეული ბუნება, თუნდაც იგივე მდინარეები“.

14 მარტს აქციები გაიმართა ასევე ჭუბერში, ნაკრაში, ხაიშში, მესტიასა და ქუთაისში.

არა ონის კასკადს, არა გვირაბებს და არა დაძირვას ჩვენი რაჭისას. არ გვინდა, არაფერი სასარგებლო მაგას ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიისთვის არასდროს მოუტანია და არც მოუტანს...
თამაზ მეტრეველი

ლაშა ჩხარტიშვილი: „მადლობა ღმერთს, ადგილობრივი მოსახლეობა არ აპირებს ხელისუფლებას დაუთმოს ის, რაც დასათმობი არ არის. საკუთარი კუთხე-კუნჭულის დატბორვა - ეს არის რეალური პრობლემა და ტრაგედია, რომლისთვისაც წირავს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ყველა კუთხეს“.

მოქალაქეებმა მიმართეს მთავრობასა და პარლამენტსაც:

თამაზ მეტრეველი: „არა ონის კასკადს, არა გვირაბებს და არა დაძირვას ჩვენი რაჭისას. არ გვინდა, არაფერი სასარგებლო მაგას ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიისთვის არასდროს მოუტანია და არც მოუტანს“.

მორიგი აქცია 7 აპრილს ონში იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG