Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევამ საკუთარი პარტია დააფუძნა


ცხინვალში ალა ჯიოევამ პარტია „ოსეთი – თავისუფლების მოედანი“ დააფუძნა. ასობით ადამიანი მერიის დიდ დარბაზში შეიკრიბა და ამით გამოხატა საკუთარი ლიდერისადმი მხარდაჭერა. ჯიოევას პარტიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ადგილობრივმა და კრემლის მოხელეებმა არ აღიარეს, ხალხი კი ოპოზიციის ლიდერის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდა. ექსპერტების აზრით, ჯიოევამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და, დღევანდელი განწყობების მიხედვით, მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვა. რუსტემ ჯიოევი პარტიის ყრილობაზე ზნაურიდან ჩავიდა. მისი აზრით, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნებს.

ერთ–ერთი დელეგატის, ვლადიმერ იკაევის აზრით, ახალ პარტიას შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინოს და სამხრეთ ოსეთი ააღორძინოს.

ჯიოევას პარტიის დაფუძნებაზე ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ნათესავები და ყოფილი თანამებრძოლებიც გამოჩნდნენ. პარტია „ედინსტვოს“ ყოფილმა წარმომადგენელმა, ტარზან კოკოითიმ, ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის დამფუძნებელ მამათა შორის მოიხსენია.

ოსი პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა საზოგადოება უფრო აქტიურია, ვიდრე არჩევნებამდე იყო. მისი აზრით, წლის ბოლომდე შიდაპოლიტიკური ვითარება საბოლოოდ დაიწმინდება და, პოლიტიკური პარტიების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაჩნდება.

ალა ჯიოევას ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი ზასეევიც შეუერთდა, თანამებრძოლებთან ერთად. არადა, ცოტა ხნის წინ თვითონ ზასეევს ჰქონდა გადაწყვეტილი პარტია შეექმნა. ალა ჯიოევამ დარბაზში შეკრებილებს მოკლე სიტყვით მიმართა. მისი აზრით, საზოგადოება მოითხოვს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს, ამიტომ ამ ყველაფრის მისაღწევად პარტია მაქსიმუმს გააკეთებს. ყრილობაზე ჯიოევამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ოპოზიცია აღარ არის და ახალ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსავლის საკუთარ ხედვას შესთავაზებს. ექსპერტების აზრით, ახალ პარტიაში მთავრობის არაერთი წარმომადგენელი აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG