Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას ყოფილი თანაპარტიელები „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს


დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და გიორგი ცაგარეიშვილი
დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და გიორგი ცაგარეიშვილი

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები -ზურაბ აბაშიძე, დავით ონოფრიშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მართალია, 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმები არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ, წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, გამორიცხული არ არის, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის ყოფილი წევრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ვიხილოთ. ყოფილ თანაგუნდელებს უკვე ღიად აკრიტიკებენ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში. რა ხდება ირაკლი ალასანიას მიერ დაფუძნებულ პარტიაში, ვინ რა პრინციპით მოქმედებს და რამდენად დააზარალებს პოლიტიკურ ძალას ბოლოდროინდელი განხეთქილება – ამ საკითხებს ლელა კუნჭულია განავრცობს.

„გულსატკენი იყო, რომ საზოგადოებამ მაინც ორპოლუსიანობა არჩია და ნაკლებად იყო მხარდაჭერილი ისეთი მესამე ალტერნატიული ძალა, როგორიც იყო „თავისუფალი დემოკრატები“, – განაცხადა 25 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის აწ უკვე ყოფილმა წევრმა დავით ონოფრიშვილმა. და რადგანაც ხალხმა მესამე ძალას არ დაუჭირა მხარი, ონოფრიშვილი ახლა ისევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის საჭიროებას ხედავს:

„აქ ალტერნატივა ნამდვილად არ არსებობს და ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. რადგანაც ჩემთვის, პირადად მიღებელია, რა მიზეზით, რა საფუძველზე და რის გამოც შეიძლება რომ მხარი არ აეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო, მინიმუმ, ოპოზიციაში და შეიძლება – პოლიტიკიდანაც“.

მეორე ტურში სხვა პარტიის და, მითუმეტეს, – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არც გიორგი ცაგარეიშვილსა და ზურაბ აბაშიძეს წარმოუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ლიდერთან – ირაკლი ალასანიასა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ისინიც ხმაურით გაემიჯნენ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ფაქტია, რომ მათ სიმპატიებს ახლა ისევ „ქართული ოცნება“ იმსახურებს. მეტიც, ზურაბ აბაშიძეს ამ ეტაპზე უკვე ეჭვიც აღარ ეპარება, რომ – საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული მწარე გამოცდილების მიუხედავად, სულ სხვაგვარად იქნება ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში და ღირს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი ხალხმა სწორედ ამ პარტიას მიანდოს:

„გამოვთქვამ იმედს, რომ, კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში, ეს საკითხი, თუ მოხდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, არ იქნება ბოროტად გამოყენებული და იქნება მიმართული ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის ინტერესებისათვის“.

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

თუკი აქამდე თავშეკავებას ამჯობინებდნენ, ყოფილი თანაპარტიელების მიერ გაკეთებული განცხადებები 25 ოქტომბერს უკვე ღიად დაგმეს „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში. როგორც ჩანს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ზურაბ აბაშიძის მიერ 24 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ გაკეთებული კომენტარი, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. სხვათაშორის, ეს კომენტარი გაკეთდა, 24 ოქტომბერს, როცა ზურაბ აბაშიძე, დავით ონოფრიშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი ერთად შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მოლოდინი სწრაფად გაჩნდა მას შემდეგ, რაც, 10 ოქტომბრიდან მოყოლებული, „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები არაერთმა ლიდერმა დატოვა. იყო ეტაპი, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მაღალ თანამდებობას უწინასწარმეტყველებდა ირაკლი ალასანიასაც, თუმცა პარტიის აწ უკვე ფორმალურმა თავმჯდომარემ – საჯარო სამსახურში მუშაობის პერსპექტივა კატეგორიულად გამორიცხა. ასეთ პერსპეტივას პარტიის მთავარ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ნინო გოგუაძეც:

„ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგანაც ჩვენ პრინციპულ ოპოზიციაში წავედით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან – ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, „კაბელების ბიჭების“ სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო (ამ ხელისუფლებამ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა), რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და, არჩევნების დასრულების შემდეგ, ალბათ, კიდევ ვიხილავთ ამ შტევას... ასე რომ, ჩვენ ვართ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია“.

ასეთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ დარტყმებს 4%-იანი კი არა, ძალიან ძლიერი პარტიაც ვერ გაუძლებს. თუკი ამომრჩეველმა ერთხელ გული აიცრუა, მისი უკან მობრუნება, ფაქტიურად, შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება...
ვახტანგ ძაბირაძე

ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ახლა საზოგადოებისთვის სრულიად ნათელი გახდა, თუ რატომ გაიყო „ამ ადამიანებისა და თავისუფალი დემოკრატების გზები“. თუმცა, ამ კუთხითაც არ არის პოზიცია ერთგვაროვანი, რადგანაც, როგორც დავით ონოფრიშვილმა განაცხადა 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პირადად ის არ აპირებს „პოლიტიკაში ჩართვასა“ და „რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას“. რაც შეეხება მხარდაჭერას მეორე ტურზე, მართალია, „თავისუფალი დემოკრატები“ ღიად ლაპარაკობენ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე, მაგრამ, როგორც ნინო გოგუაძე ამბობს, პარტია კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოწოდებებისგან შეგნებულად იკავებს თავს. ერთადერთი მხარდამჭერი მოწოდება ისმის „თავისუფალი დემოკრატების“ ერთადერთი მაჟორიტარი კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის მისამართით, რომელიც ჭიათურაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება. სხვათაშორის, ეს აქცენტი პარტიის ყოფილი წევრების მიერ 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზეც დაისვა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი თითქმის არ ეპარება იმაში, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, თვითონ პარტიის აწმყოსა და მომავალს დააზარალებს. როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში, პარტიის რეიტინგი უკვე მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული:

„ასეთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ დარტყმებს 4%-იანი კი არა, ძალიან ძლიერი პარტიაც ვერ გაუძლებს. თუკი ამომრჩეველმა ერთხელ გული აიცრუა, მისი უკან მობრუნება, ფაქტიურად, შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ მგონია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ძალიან მძიმე დღეები უდგათ – იმაზე უფრო მძიმე დღეები, ვიდრე, დავუშვათ, ევროპული ტიპის სხვა პარტიებს, რომლებსაც გაცილებით დაბალი რეიტინგი ჰქონდათ, – ვთქვათ, იმავე „რესპუბლიკელებს“.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად დაუფასდებათ „თავისუფალი დემოკრატების „ყოფილ წევრებს, თუკი ისინი ხელისუფლების რიგებში გადაბარგდებიან, რადგანაც გადაბარგებულების მისამართით იშვიათია ხოლმე გულწრფელი დამოკიდებულება და ყოველთვის იქნება მათი „განდევნის“ მცდელობა, რადგანაც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დიდი კონკურენციის პირობებში, „ქართული ოცნება“ მაინც თავისი სტაბილური მოკავშირეების ინტერესებს დაიცავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG