Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელის ფეირინგის "სრულქმნილი ღვინო"


დიდი ხანია ქართულ ენაზე ღვინის ლიტერატურა არ თარგმნილა. არადა, ბოლო წლებში ღვინის მწერლობამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია და ისეთი მრავალფეროვანი გახდა, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ქართველი გამომცემლები მის თარგმნასაც მიაქცევენ ყურადღებას. ბოლოს და ბოლოს, ღვინის აკვნის ტიტულის მატარებელი ქვეყანა ვართ და წელიწადში 3-4 ასეთი წიგნის თარგმნა, სხვა თუ არაფერი, იმაში მაინც დაგვეხმარება, რომ დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ვადევნოთ თვალი და ამ კონტექსტში საკუთარი თავიც წარმოვიდგინოთ.

ელის ფეირინგის ეს წიგნიც, სახელწოდებით "სრულქმნილი ღვინო", რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა საინიციატივო ჯგუფმა "ბლექ სი გრუპის" ფინანსური მხარდაჭერით, მოგვითხრობს სწორედ ყველაზე თანამედროვე ტენდენციების შესახებ მსოფლიო მეღვინეობაში, უფრო კონკრეტულად კი, ნატურალური მიმართულების შესახებ, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს და მიმდევარს პოულობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უნდა ითქვას, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამ მოძრაობაში. სხვათა შორის, ელის ფეირინგის ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ ნატურალური ღვინოების ბარ "ვინო ანდერგრაუნდში" გაიმართა, გალაკტიონ ტაბიძის №15-ში. ჩემმა სტუმარმა, შესანიშნავი ხაშმური საფერავის ავტორმა მალხაზ ჯაყელმა, სწორედ ეს საღამო გაიხსენა:

"ძალიან კარგად მახსოვს ამ წიგნის პრეზენტაცია - სულ ორიოდე კვირის წინ ჩატარდა „ვინო ანდერგრაუნდში“, ნატურალური ღვინის ბარში... თვითონ ელის ფეირინგიც იყო ჩამოსული. კარგად მახსოვს იმიტომ, რომ მომიწია რთვლის გაწყვეტა ერთი დღით, რათა ჩამოვსულიყავი და კიდევ ერთხელ შევხვედროდი ელისს, რომელსაც პირველად შევხვდი "ქვევრის ღვინის სიმპოზიუმზე". ეს სიმპოზიუმი ალავერდის მონასტერში ჩატარდა შარშან, 2011 წელს, და ელისი იზაბელ ლეჟერონმა გამაცნო მაშინ. ეს პატარა, ჩია, წითური ქალბატონი არის უაღრესად დიდი ენერგიის მქონე და ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც წერს ღვინოზე როგორც ბლოგებს, ასევე რამდენიმე წიგნიც აქვს უკვე გამოცემული... თუ არ ვცდები, ეს მესამეა".

ელის ფეირინგი აღიარებული ავტორია, წერს ღვინოზე მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, არის გარკვეული ღირებულებების ძალზე პრინციპული დამცველი და პროპაგანდას უწევს სუფთა, ნატურალური ღვინოების ფილოსოფიას:

"ერთი-ორი სიტყვით მინდა გითხრათ იმის შესახებ, თუ რას შეეხება ელისის წიგნი... ელისი ამ შემთხვევაში და, საერთოდ, ზოგადად, არის ნატურალური ღვინის მაქებარი და მოყვარული. მისი ეს წიგნი, პირველ რიგში, შეეხება ასეთ ღვინოს. წიგნის სათაური ქართულად, მართალია, თარგმნეს როგორც "სრულქმნილი ღვინო", მაგრამ ინგლისურ ვარიანტში, მინდა გითხრათ, ელისის წიგნს ჰქვია Naked Wine, ანუ შიშველი ღვინო. ეს ტერმინი ეკუთვნის ცნობილ ფრანგ ენოლოგს, ჟიულ შოვეს, რომელიც ითვლება ამ ნატურალური მეღვინეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად. არის ამ წიგნში კამათიც იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნატურალური ღვინო და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო დეფინიცია, რომელიც მე მომეწონა, ასე ჟღერს: "არაფერი დაუმატო, არაფერი ამოაკლო", ანუ ყურძნისგან მიიღე ის, რის საშუალებასაც გაძლევს ყურძენი".

წიგნის სათაურზე მეც მინდა გითხრათ ორი სიტყვა. მიუხედავდ იმისა, რომ მთარგმნელი ნათია მენაბდე და კონსულტანტი ჯონ ვურდემანი თავიანთ წინასიტყვაობაში ცდილობენ დამაჯერებლად ახსნან, თუ რატომ თარგმნეს Naked, ანუ შიშველი, "სრულქმნილად", მაინც მიმაჩნია, რომ სათაურის ასე გადმოტანა გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. ღვინის სიშიშვლე, პირველ რიგში, მის პირდაპირობაზე, სიმართლეზე და, გნებავთ, დაუცველობაზეც მეტყველებს; ეს შიშველი, დედიშობილა ღვინო უბრალოებასაც გულისხმობს, სრულქმნილში კი, პირიქით, მუდმივი დახვეწა და სრულყოფილებამდე მიყვანა იგულისხმება. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ქვეტექსტი შეიძლება ამ წიგნს მოუძებნო. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებს ჩემს შთაბეჭდილებას წიგნის ავტორი, მაგრამ გასულ წელს, როდესაც ეს წიგნი აღმოვაჩინე amazon.com-ზე, სათაურის წაკითხვისთანავე ჰიპსტერული მოძრაობა გამახსენდა, თავად წიგნი კი ხუმრობით ბიტ თაობის ყველაზე ცნობილ რომანს, უილიამ ბეროუზის "შიშველ საუზმეს" (Naked Lunch) შევადარე.

ზემოთ ფილოსოფია ვახსენე და წიგნში ეს ფილოსოფიური პლანი ღიად თუ ფარულად განუწყვეტლივ იკითხება - წიგნს შესანიშნავი ფრანგი მოაზროვნის, სიმონა ვაილის სიტყვები უძღვის წინ, სხვადასხვა თავების ეპიგრაფებში კი შეხვდებით ტომას სტერნზ ელიოტის, ჰენრი ჯეიმსის, ემანუილ კანტის, ალბერტ აინშტაინის და სხვათა სიტყვებს. ფილოსოფიური პლანის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საკვანძო აბზაცი წიგნის მეორე თავშია, სადაც ავტორს ნატურალური ღვინის მოძრაობის სათავეებთან მივყავართ და ასეთ უმნიშვნელოვანეს რამეს ამბობს: "ჩემი აზრით, ნატურალური ღვინის მოძრაობა კლასიკური ფრანგული წარმოშობისაა. ამ ქვეყანაში მომწონს ის, რომ აქ იდეებს და არგუმენტებს ჯერ კიდევ დიდი ყურადღება ექცევა". რა თქმა უნდა, დეკარტეს, მონტენისა და პოლ ვალერის ქვეყანა ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს გვაძლევს და თუკი კარგად დავუკვირდებით ამ სიტყვებს, მიხვდებით, თუ რატომ დაიღუპა საბჭოთა პერიოდში ქართული მეღვინეობა და რატომ უჭირს ასე თანამედროვე ქართულ მეღვინეობას სწორ გზაზე დადგომა: იმიტომ, რომ იდეები და არგუმენტები არ არსებობდა ათწლეულების განმავლობაში, მოაზროვნე ადამიანები მოაკლდა სფეროს. გაიხსენეთ გეგმიური ეკონომიკის წლები, გაიხსენეთ თუნდაც ბოლო, ემბარგოს შემდგომი პერიოდი, როდესაც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მხოლოდ ერთი ადამიანის იმპრესიონისტული ვნებების მიხედვით წყდებოდა მთელი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ბედი. ეს წიგნი ადვილად დაგარწმუნებთ, რომ იდეათა ჭიდილი, აზროვნება, ძიებები, არგუმენტები, პრინციპულობა და გარკვეული ღირებულებების ერთგულება უმნიშვნელოვანესია ღვინის სამყაროში. სხვანაირად ღვინო შეიძლება ერთ რიგით მომწამვლელ სითხედ იქცეს და არა სამკურნალო თვისებების მქონე ღვთაებრივ სასმელად.

ამ კუთხით ძალზე საინტერესოა თავად ტერმინის - "ნატურალური ღვინის" - ისტორიაც, რომელზეც ძალიან ბევრს წერს ავტორი. იყო დრო, როცა "ნატურალური საკვები" განიხილებოდა როგორც საშიში ცნება, ნატურალური პროდუქტის მოყვარულები კი რომანტიკული შეხედულებების მსხვერპლად გამოჰყავდათ, ადამიანებად, რომლებიც რაღაც კონცეფციებმა აცდუნა და არა გემომ. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ საპირისპიროსაც კი გულისხმობდა ცნება "ნატურალური". აი, მაგალითად, აშშ-ს ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს საგადასახადო და ვაჭრობის ბიურო "ნატურალური ღვინის" 2011 წლის განსაზღვრებაში სრულიად შესაძლებლად მიიჩნევდა წყლის, შაქრის, ხილის კონცენტრირებული წვენის, მალოლაქტიკური ბაქტერიების, საფუარის, მასტერილიზებელი და დამლექი საშუალებებისა და სხვა ნივთიერებების დამატებას ამ ე.წ. ნატურალური ღვინის წარმოებაში.

ეს წიგნი სტილურადაც ძალზე საინტერესოა. ხანდახან ნამდვილ პროზას კითხულობთ, რომელიც რბილად გადადის ჟურნალისტურ ნარკვევში, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევაში. აქვე წაიკითხავთ თავებს ნატურალური ღვინის თეორიისა და პრაქტიკს შესახებ. ბევრია საცნობარო შენიშვნებიც, პოეტური და იუმორისტული პასაჟები. ავტორი ზოგჯერ ზედმიწევნით ზუსტია და საკითხის ამოწურვას ცდილობს, ხანდახან კი ღიად ტოვებს თემას, ერთგვარ პოეტურ ნისლოვანებაში.

წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება თავად ავტორის, მთხრობელის პერსონაა, რომელიც კარგად მოჩანს წიგნში. მას უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ხანდახან მესამე პირშიც კი ახსენებს ელის ფეირინგს, ხშირად აღწერს თავის უცნაურობებს, პრინციპებს, ხან კეკლუცობს, ხანაც პირდაპირია, ერთგან თუ ამაყია, მეორეგან თვითირონია ხდება განმსაზღვრელი და ა.შ. მთავარია, რომ ელის ფეირინგი ცდილობს მართალ ღვინოზე წეროს და მართალი ღვინის ამბავი მიიტანოს მკითხველამდე. მით უმეტეს, არ დაგვავიწყდეს, რომ სიყალბის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც, თავის მხრივ, შემდეგს გულისხმობს: "რაც უფრო მეტია სიყალბე, მით უფრო მეტია მოთხოვნა ნამდვილზე." კარგია, რომ ეს მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება.
XS
SM
MD
LG