Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა სამდღიანი ამბასადორიალი


შვედეთის, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი (მარცხნივ), რადოსლავ შიკორსკი და გრიგორლ ვაშაძე თბილისის ამბასადორიალზე
შვედეთის, პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი (მარცხნივ), რადოსლავ შიკორსკი და გრიგორლ ვაშაძე თბილისის ამბასადორიალზე
თბილისში გაიხსნა სამდღიანი ამბასადორიალი, რომელშიც საზღვარგარეთ აკრედიტებული ელჩები და საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები მონაწილეობენ. შეხვედრა გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც საქართველოს ელჩებს მუშაობის პრიორიტეტები და ამოცანები განუსაზღვრა. ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან, ევროკავშირსა და მეზობელ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები. დღესვე საზღვარგარეთ აკრედიტებული ელჩები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით არიან მიწვეულნი შვედეთის, პოლონეთის, არგენტინის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამავე სტატუსით ელჩების შეხვედრას 6 სექტემბერს დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. იგი ამჟამად ერევანში იმყოფება, თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ კი ბაქოში გაემგზავრება.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ დორლანდი
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ დორლანდი
დღესვე საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. მან ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათის უწოდა და განაცხადა, რომ შეეცდებიან რწმუნებათა სიგელები საქართველოს პრეზიდენტს შემჭიდროებულ ვადაში გადაეცეს, რის შემდეგაც რიჩარდ ნორლანდი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას შეუდგება. აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მნიშვნელოვან ცვლილებებში უკეთ გარკვევა, პოლიტიკის, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელთან შეხვედრა და მოსმენა შეხედულებებისა იმის თაობაზე, თუ რა ხდება დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში. ელჩმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა კვლავ აწყდება გამოწვევებს მიღწევათა კონსოლიდირების საქმეში. ”ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება გავერკვე ამ პროცესებში უფრო ღრმად და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში” - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG