Accessibility links

მაიკ პენსი: აშშ რუსეთს „პასუხს მოსთხოვს მისი ქმედებებისათვის“


მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთს კვლავაც მოსთხოვს პასუხს მისი ქმედებებისათვის. ჩვენ „მტკიცე და უკომპრომისო“ უნდა ვიყოთ „არაპროგნოზირებადი ქვეყნისაგან აგრესიის“ პირისპირო, აღნიშნა პენსმა ჩერნოგორიაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტზე. ამ განცხადებით მან გააგრძელა მოსკოვის პოლიტიკის კრიტიკა, რომელიც წინა დღეს, 1 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დროსაც არაერთხელ გამოთქვა.

მაიკ პენსი ჩერნოგორიაში ვიზიტით ამთავრებს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც რეგიონში შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირეს ეწვია, საქართველოს ჩათვლით. 2 აგვისტოს მან ჩერნოგორია შეაქო „რუსეთიდან ზეწოლის“ მიუხედავად ნატოში გაწევრიანებისათვის. ჩერნოგორია, რომლის მოსახლეობაც სულ 620 ათასი ადამიანია, წელს ივნისში მიიღეს ალიანსში.

„ნატოში გაწევრიანებას განვიხილავთ ჩერნოგორიისათვის ისტორიულ მიღწევად და ამ ქვეყნის სიძლიერის დასტურად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 10 წლის შემდეგ. გილოცავთ თქვენ, თქვენს მთავრობას და მთელ ჩერნოგორიელ ხალხს ამ გამორჩეულ მიღწევას“, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჩერნოგორიაში. ეს ქვეყანა რუსეთს ადანაშაულებს შარშან სამხედრო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში, დასავლეთთან ჩერნოგორიის დაახლოებისათვის ხელის შესაშლელად. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას.

თუმცა ამავე ბრალდებამ 2 აგვისტოს კვლავ გაიჟღერა ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში, როცა „ადრიატიკის ქარტიის“ სამიტზე შეიკრიბნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბიისა და სლოვენიის - ლიდერები შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ერთად.

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი კვლავაც ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები. და აქ, დასავლეთ ბალკანეთში, რუსეთი მუშაობს რეგიონის დესტაბილიზაციისათვის, თქვენი დემოკრატიისათვის ძირის გამოსათხრელად, თქვენს ერთმანეთისაგან და ევროპის დარჩენილი ნაწილისაგან დასაშორებლად. რუსეთის ზრახვები გამოაშკარავდა გასულ წელს, როცა მოსკოვის მხარდაჭერით აგენტებმა სცადეს ჩერნოგორიაში არჩევნებისათვის ხელის შეშლა, თქვენს პარლამენტზე თავდასხმა და თქვენი პრემიერ-მინისტრის მოკვლაც კი, რათა ჩერნოგორიელი ხალხისათვის უარი ეთქმევინებინათ ნატოს ალიანსში გაწევრიანებაზე“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დღეს პოდგორიცაში გამოთქვა ასევე იმედი, რომ შეერთებული შტატები განავითარებს ურთიერთობას, რომელიც გააძლიერებს კავშირებს „ევროპის თანამეგობრობას, დასავლეთ ბალკანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“. მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი „დასავლეთშია“.

ჯერ კიდევ წინა დღეს, 1 აგვისტოს, როცა საქართველოში იმყოფებოდა,მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, რომელთაც მისი ტურნე აერთიანებს, - ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, საქართველოსა და ჩერნოგორიაში, - დონალდ ტრამპმა ერთნაირი მესიჯი გაატანა: ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად იდგება თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების გვერდით და ეს საქმითაც დამტკიცდება.ჩერნოგორიაში პენსმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები რუსეთს კვლავაც მოსთხოვს პასუხს მისი ქმედებებისათვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG