Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხის მოუგვარებელი პრობლემა – ამერიკული თეთრი პეპელა


განადგურებული მცენარეები სოფელ დარჩელში, 2011 წელი
განადგურებული მცენარეები სოფელ დარჩელში, 2011 წელი
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო ღონისძიებებს უშედეგოდ მიიჩნევენ სამეგრელოს სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მავნებელს, რომელიც 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს, გადაშენება, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ უწერია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში მცხოვრები ქეთევან ღვინჯილია ამბობს, რომ მავნებლის შესაწამლად სახელმწიფოს მიერ დარიგებული შხამ-ქიმიკატები მის მიწის ნაკვეთებს არათუ მთლიანად, ნახევარსაც არ ჰყოფნის.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ, 20 მილიგრამი წამალი დარიგდა, რომელიც 20 ლიტრ წყალში უნდა გაგვეხსნა. ეს ჩვენი მიწის ნაკვეთის ნახევარსაც არ ეყოფა. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი ჰექტარი მიწა აქვს, ყველას თანაბარი რაოდენობის წამალი მისცეს“, – ამბობს ქეთევან ღვინჯილია.
დაგვესია მატლები და არიგებენ ახლა 13 მილიგრამ წამალს. თქვენ მოწამლეთო, გვითხრეს. ჩვენ რითი უნდა მოვწამლოთ? ჩიტები ხომ არ ვართ, რომ ვიფრინოთ. შარშან ქუჩები შერჩევით შეიწამლა. ჩვენთან არავინ არ შემოსულა. შეიწამლა მხოლოდ ცენტრალური ტრასა...
ნარგიზა კანკია

უკმაყოფილოა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მცხოვრები მოსახლეობაც. სოფლის მკვიდრის, ნარგიზა კანკიას თქმით, მოსახლეობას თეთრ პეპელასთან გამკლავება ამჯერადაც საკუთარი ძალებით მოუწევს, რადგან დარიგებული ხსნარი საკმარისი არ არის. მოსახლეობის თქმით, მავნებლის წინააღმდეგ არაეფექტური იყო სახელმწიფოს მუშაობა გასულ წელსაც.

„დაგვესია მატლები და არიგებენ ახლა 13 მილიგრამ წამალს. თქვენ მოწამლეთო, გვითხრეს. ჩვენ რითი უნდა მოვწამლოთ? ჩიტები ხომ არ ვართ, რომ ვიფრინოთ. შარშან ქუჩები შერჩევით შეიწამლა. ჩვენთან არავინ არ შემოსულა. შეიწამლა მხოლოდ ცენტრალური ტრასა“, – ამბობს ნარგიზა კანკია.

მავნებლის საწინააღმდეგოდ 15 მილიგრამი ხსნარი დარიგდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში. თუმცა აქ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მცხოვრებლებს უთხრეს, რომ ხსნარის დარიგების პარალელურად სპეციალური მანქანების საშუალებით მცენარეთა თერმული შეწამვლაც იგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო ხსნარი მისი გავრცელების ინტენსივობის მიხედვით რიგდება.

„ხსნარი მოქალაქეებს ჰექტრების რაოდენობის მიხედვით არ ურიგდება. სადაც ძლიერ არის გავრცელებული, იმ სოფლებში რიგდება მეტი. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას დაურიგეთ წამალი, ჩვენ ის გადავეცით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც. გადავეცით ასევე შემასხურებელი ზურგსაკიდი ტექნიკა. სადაც პრეპარატები დარიგდა, იქ ჩვენი მანქანა არ იმუშავებს და სადაც არ დარიგებულა პრეპარატები, იქ ჩვენი მანქანა იმუშავებს“, – ამბობს ზურაბ ლიპარტია.

თავის მხრივ, მოსახლეობა აცხადებს, რომ თეთრი პეპელა მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურია და მისი უარყოფითი შედეგები აუცილებლად აისახება შემოდგომაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხარისხსა და გლეხის ფინანსურ შემოსავალზე.
XS
SM
MD
LG