Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა თეთრმა პეპელამ თხილნარი და ყანები გაანადგურა


ამერიკული თეთრი პეპელა 200-მდე სახეობის ერთწლიან და მრავალწლიან მცენარეს ანადგურებს. მწვანე ფერის, ბეწვიანი მუხლუხი ჭამს ფოთოლს, რაც კულტურების ნაყოფიერებას ამცირებს და ხელს უწყობს მცენარეების ხმობას.
ჩვენს სოფელში სულ შეჭამა მცენარეები. ახლა ჭუპრის დადების პერიოდი აქვს და სახლებში შემოდიან, ვმალავთ საკვებს, რომ არ შეესიოს...

თხილნარის განადგურების შემდეგ, მავნებელი სიმინდის ყანებს შეესია სოფელ განმუხურში, დარჩელსა და ანაკლიაში. ადგილობრივი გლეხების დაკვირვებით, შარშანდელთან შედარებით, მავნებელი წელს 3-ჯერ მეტია.

„ჩვენს სოფელში სულ შეჭამა მცენარეები. ახლა ჭუპრის დადების პერიოდი აქვს და სახლებში შემოდიან, ვმალავთ საკვებს, რომ არ შეესიოს. სიმინდის ყანაში მოსავლის მესამედი უკვე შემიჭამა“, – წუხს განმუხურის მკვიდრი.

„წინა წლებში, კომუნისტების მმართველობისას, ყანებსა და თხილნარს ვერტმფრენით წამლავდნენ და ეს შველოდა. ახლა ხალხიც გაიღებს ფულს, ოღონდ ერთიანად მოხდეს შეწამვლა. მე რომ შევწამლო, მეზობლის ეზოდან შემოვა და რა აზრი აქვს. სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარება, რადგან გლეხის შემოსავალი თხილი და სიმინდია“, – ამბობს სოფელ დარჩელის მცხოვრები.
ჩვენ არ გვევალება მოსახლეობის კუთვნილი ფართობების შეწამვლა. 100 ათას ოჯახს რომ კარმიდამო შეუწამლო, ჩვენი სამსახური კი არა, არმია სჭირდება...


ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ ზუგდიდის სოფელ კორცხელის მცხოვრებლებიც. აქ მავნებელმა, მცენარეების განადგურების შემდეგ, სახლებში შეაღწია. ადგილობრივები მწერს სასმელ წყალში, საჭმელსა და ტანსაცმელშიც პოულობენ. სოფლის მკვიდრ ციური ქობალიას თქმით, მოსახლეობამ დახმარებისთვის სოფლის ადმინისტრაციას მიმართა. იქ მათ განუცხადეს, რომ ოჯახებმა თავად უნდა იზრუნონ მავნებლის მოსასპობად ან სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

სოფელ კორცხელის რწმუნებული ვარადებულ ლაშხია აცხადებს, რომ წელს მხოლოდ ერთი ავტომანქანა გამოყვეს სოფლის ერთ-ერთი უბნის, ბაშის შესაწამვლად, თუმცა, პრეპარატის უკმარისობის გამო, სამუშაოები სანახევროდ ჩატარდა. სწორედ ამიტომ ურჩიეს მოსახლეობას, ამერიკულ თეთრ პეპელას ინდივიდუალურად გამკლავებოდნენ. შარშანდელთან შედარებით, წელს ამ მავნე მწერების მკვეთრად მატებას არ უარყოფს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია. მისი თქმით, მავნებლის მეორე თაობა, ნალექიანი ზაფხულის გამო, წელს გვიან გამოიჩეკა და შემოდგომაზე ერთიანად შეესია კულტურებს. ზურაბ ლიპარტიას ცნობით, სააგენტოს მოვალეობაა, შეწამვლოს მხოლოდ გზის პირი, პარკები, სკვერები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

„ყველა სოფელში ვიყავით და ცენტრალური გზები შევწამლეთ. ჩვენ არ გვევალება მოსახლეობის კუთვნილი ფართობების შეწამვლა. 100 ათას ოჯახს რომ კარმიდამო შეუწამლო, ჩვენი სამსახური კი არა, არმია სჭირდება. „მცენარეთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, მიწით მოსარგებლე იურიდიული თუ ფიზიკური პირი ვალდებულია, გაატაროს საკარანტინო ობიექტების წინააღმდეგ ღონისძიებები თავის საკარმიდამო ნაკვეთში. რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწამლოს საკარმიდამო ნაკვეთი?! ეს მათი მოვალეობაა“, – აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია.

ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე მუშაობს ამერიკული თეთრი პეპლის ბიოლოგიური მტრის საქართველოში შემოსაყვანად. მტაცებელი მწერი, სახელად ჩუიო ია ქუნია, მავნებლის ჭუპრს ანადგურებს და ხელს უშლის მის გამრავლებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩუიო ია ქუნიას პოპულაციისათვის საჭირო გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ჩინელი მეცნიერები.
XS
SM
MD
LG