საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების თარიღად 2015 წლის შემოდგომას ასახელებს და ინვესტორებს პორტის მშენებლობის მიმართ ინტერესთა გამოხატვისაკენ მოუწოდებს. 10 ივლისს თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ანაკლიაში დაგეგმილია ღრმაწყლოვანი მულტიფუნქციური პორტის მშენებლობა, რომელიც დიდი ტევადობის გემებს მოემსახურება. ინტერესთა გამოხატვის პროცედურა 1 ოქტომბერს დასრულდება.
პირველი ოქტომბრისთვის იმ კომპანიის სახელი უნდა გახდეს ცნობილი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს განახორციელებს. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია ეს პორტი კერძო კაპიტალით აშენდეს. ეკონომიკის მინისტრის გათვლებით, ტექნიკური და ფინანსური რესურსის მობილიზებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. მინისტრი ამბობს, რომ ღრმაწყლიანი პორტის განვითარება რამდენიმე ფაზას მოიცავს და პირველი, სამწლიანი ფაზა საქართველოს გადაზიდვების პოტენციალის გაორმაგებას გულისხმობს. პორტის საბოლოო სიმძლავრემ, წინასწარი მონაცემებით, 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს:
„წინასწარი გათვლებით, პორტის ღირებულება 700 მილიონიდან 800-900 მილიონ დოლარამდე იქნება, მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამდენიმე მილიარდიანი პროექტია, რომელიც საქართველოს შემდეგ 10 წელიწადში ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს“.
ეს პორტი თავისი მასშტაბით ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციას და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და, პირიქით, ტვირთების საქართველოსკენ მოზიდვას...
გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიაში აშენდება ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი, რომელსაც არა მხოლოდ საპორტო, არამედ სასაწყობო და საწარმოო დანიშნულებაც ექნება, ხოლო მომავალში ეს ტერიტორია შესაძლოა თავისუფალ ეკონომიკურ ზონადაც გამოცხადდეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც პროექტი ბიზნესმენებს წარუდგინა, ასევე განაცხადა, რომ, ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, ეს პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც:
„ეს პორტი თავისი მასშტაბით ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციას და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და, პირიქით, ტვირთების საქართველოსკენ მოზიდვას. ასევე, ანკლიის პორტი იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. მაგალითად, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელების შედეგად ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“.
ეს კონცეფცია გულისხმობდა საქართველოს გადაქცევას ისეთი ტიპის რეგიონალურ ჰაბად, როგორიც არის, მაგალითად, დუბაი ან სინგაპური. კარგია, რომ დღეს მთავრობამ წინა ხელისუფლების დაწყებული ეს პროექტები გააცოცხლა...ზურაბ ჯაფარიძე
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პორტის მშენებლობისათვის საუკეთესო ლოკაციის შესარჩევად მდინარე ენგურსა და ჭოროხს შორის 10 ლოკაცია შეისწავლეს, რომელთაგან სწორედ ანაკლია შეირჩა. კოვზანაძის შეფასებით, ანაკლიის პორტის სახით საქართველო მიიღებს კიდევ ერთ ახალ პორტს, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის, როლს კიდევ უფრო გაზრდის.
ხელისუფლების ამ ინიციატივას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ. პარტიის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, მაგალითად, აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წინა ხელისუფლების უფრო ფართო კონცეფციის ნაწილია, რომელსაც ახალი მთავრობა აკრიტიკებდა:
„ეს კონცეფცია გულისხმობდა საქართველოს გადაქცევას ისეთი ტიპის რეგიონალურ ჰაბად, როგორიც არის, მაგალითად, დუბაი ან სინგაპური. კარგია, რომ დღეს მთავრობამ წინა ხელისუფლების დაწყებული ეს პროექტები გააცოცხლა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ პროექტს რაიმე პერსპექტივა გააჩნია“.
საინტერესოა, საბოლოო ჯამში, ვისი ფულით აშენდება ეს - რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობით, სახელმწიფოს დაკვეთით, თუ ერთ კომპანიას მიჰყიდიან და ის პორტს აიშენებს?...პაატა შეშელიძე
ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს. მათგან მთავარია, ვისი ფულით აშენდება ეს ობიექტი:
„საინტერესოა, საბოლოო ჯამში, ვისი ფულით აშენდება ეს - რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობით, სახელმწიფოს დაკვეთით, თუ ერთ კომპანიას მიჰყიდიან და ის პორტს აიშენებს? თანაც, მხოლოდ პორტი ხომ არ იქნება, ალბათ, ინფრასტრუქტურაც არის გასათვალისწინებელი... თუ ამისთვის ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ არ მგონია ეს კარგი იდეა. თუ კერძო პირი დახარჯავს ამაში ფულს, ის პერსპექტივასაც დაინახავს და ააშენებს კიდეც პორტს“.
მთავრობაში აცხადებენ, რომ დაინტერესება უკვე გამოხატეს ამერიკულმა, ევროპულმა და ჩინურმა კომპანიებმა, თუმცა კონკრეტული ინვესტორის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.