Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში


ანდრო ბარნოვი
ანდრო ბარნოვი
შიდა ქართლის უკვე ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, დღეს დილით კი ოფიციალურად დადასტურდა. ამ თანამდებობაზე ბარნოვმა დავით ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც, პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს. ანდრო ბარნოვმა რეგიონის ხელმძღვანელად 4 თვის განმავლობაში იმუშავა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში შეძლო კომუნიკაცია დაემყარებინა სამოქალაქო სექტორსა და მოსახლეობასთან. მისი აზრით, არაერთი პრობლემატური თემა წამოსწია წინ და ახალი ხელისუფლების რეაქციას აკვირდებოდა. გული სწყდება, რომ რეგიონში ღვინის ფესტივალის ჩატარება ვერ მოასწრო, მაგრამ აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის განვითარებას ახალი სამსახურიდანაც ხელს შეუწყობს.

ანდრო ბარნოვის მოღვაწეობას რეგიონის პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აფასებენ. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი სოსო ბორცვაძე მიიჩნევს, რომ ანდრო ბარნოვი ყველა წინამორბედზე განათლებული იყო, მაგრამ პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის განწყობა იმდენად ნეგატიური იყო, რომ სახელს და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს.

ბარნოვის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი თამაზ შიოშვილი. მისი აზრით, ანდრო ბარნოვი რეგიონში წასვლაზე თავიდანვე არ უნდა დათანხმებულიყო, რადგან ეს წამგებიანი ნაბიჯი იყო მისთვის. შიოშვილი ამბობს, რომ თუ ახალი გუბერნატორის კანდიდატურაც არ იქნება შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან, ისიც, წინამორბედის მსგავსად, უფუნქციო მოხელედ დარჩება.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ყოფილმა გუბერნატორმა საზოგადოებას თავი კომუნიკაბელურობით დაამახსოვრა, მაგრამ ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა გაუჭირდა.

პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე შიდა ქართლში უკვე 11 გუბერნატორი შეიცვალა. ეს პოსტი ერთგვარ ტრამპლინად ითვლებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სამინისტორებისკენ მიმავალ გზაზე. ყოფილი გუბერნატორების დიდი ნაწილი სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებაში აგრძელებდა კარიერას. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ბარნოვის შემცვლელი რეგიონის ბოლო გუბერნატორი იყოს, რადგან, თვითმმართველობის კონცეფციის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რეგიონის მეორე დონის თვითმმართველობა სამხარეო საბჭო იქნება.
XS
SM
MD
LG