Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიგონეს დაუმარხავი ძმა


გახსოვთ სოფოკლეს "ანტიგონე"? ტრაგედია პატარა ანტიგონესა და ძლევამოსილი მეფე კრეონის დაპირისპირების შესახებ.

კრეონი ბრძანებას გასცემს, რომ დაუმარხავად დატოვონ ოიდიპოსის ერთ-ერთი ვაჟი (ანტიგონეს ძმა) და სიკვდილით დაისაჯოს ყველა, ვინც მის ბრძანებას არად ჩააგდებს და მიცვალებულს მიაბარებს მიწას.

ანტიგონეს დაუმარხავი ძმა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
გადმოწერა

მაგრამ ანტიგონეს სასჯელის არ ეშინია - ის თითქმის დაუფიქრებლად არღვევს კრეონის აკრძალვას და სრულიად მარტო თხრის საფლავს თავისი ღვიძლი ძმისათვის.

ანტიგონეს იჭერენ და კრეონთან მიჰყავთ, რადგან კანონის დამრღვევი მეფის დისშვილია.

კრეონი ბრაზობს, რადგან თუკი თავისი ბრძანების სიმტკიცის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, მაშინ საკუთარი დისშვილი უნდა დასაჯოს სიკვდილით.

კრეონი მორჩილებას ითხოვს ანტიგონესგან და სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობს კომპრომისის სანაცვლოდ, ანტიგონე კი ამბობს, რომ პირობის დადებას აზრი არა აქვს, რადგან როცა გადარჩება (თუკი გადარჩება), აკრძალვას ხელახლა დაარღვევს და ძმას ისევ მიაბარებს მიწას.

და აი, აქ იწყება მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ტრაგიკული პაექრობა, რომელიც ანტიგონეს სიკვდილით და კრეონის მარცხით სრულდება.

კრეონი მარცხდება, რადგან ის ვერაფერს უპირისპირებს ანტიგონეს ღირსებას - ის ვერც მის შეშინებას ახერხებს, ვერც დამცირებას და ვერც დაჩაგვრას...

რადგან ანტიგონე არაფერს სთხოვს კრეონს, არ ეხვეწება და ქედს არ უხრის!

რადგან თუკი თავს დაიმცირებს, დამარცხდება კიდეც.

კრეონს კი სწორედ ეს უნდა: რომ ყველა ხედავდეს, როგორ შეშინდა და შედრკა ანტიგონე, რა სუსტი ყოფილა ეს პატარა გოგო და როგორი მადლობელი იქნება, როცა დიქტატორი მას გამონაკლისის სახით უწყალობებს სიცოცხლეს.

გვამს კი ისევ არავის მისცემენ დასამარხად...

მართალია, სოფოკლეს კრეონი ბევრად უფრო ლმობიერი და ადამიანურია, ვიდრე დღევანდელი რუსეთი (და რუსეთისგან განსხვავებით, კრეონს აქვს არგუმენტი, თუ რატომ უნდა აღსრულდეს მისი ბრძანება), მაგრამ მიზანი ორივეს ერთი აქვს: კრეონს ანტიგონეს დამცირება უნდა, რუსეთს - საქართველოსი, კრეონის სამიზნე ანტიგონეს ინდივიდუალიზმი და ღირსებაა, რუსეთის სამიზნე - საქართველოს თავისუფლება, რაც სწორედ ღირსებისა და ინდივიდუალიზმის ერთგვარი სინთეზია.

რუსეთი მოკლული ქართველი კაცის ცხედარს არ გვაძლევს - ფაქტობრივად, ომში მოკლულის, რადგან რამდენიც არ უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ვილაპარაკოთ და ვილოცოთ ორმხირივი სიყვარულით აღტყინებულებმა, არსებულ რეალობას ვერსად წაუვალთ - რუსეთი ორასწლიან ომშია ჩაბმული საქართველოსთან და ხურჩაში, ხელოვნურ საზღვართან თუ ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველები სწორედ ამ ისტორიულ ომში დაღუპული ადამიანები არიან.

ღირსება მნიშვნელოვანია, რადგან სოფოკლეს კრეონის ისტორიული სუროგატის - პოლიტიკური რუსეთის ერთ-ერთი არცთუ შეფარული მიზანიც ისაა, რომ ღირსება დავკარგოთ უსუსური და თითქმის მონური ხვეწნა-მუდარის დროს.

რადგან სსრკ-ის იდეოლოგიური მემკვიდრე პუტინის რუსეთისთვის დიდ მორალურ პრობლემას არ წარმოადგენს ცხედრის დაპატიმრება თუ საერთოდ გაქრობა - მილიონობით ადამიანი გაუქრიათ საბჭოურ ეპოქაში და მოკლული კაცითაც იმდენ ხანს ივაჭრებენ ჩვეული პოლიტიკური სადისტურობით, სანამ სისაწყლემდე არ გავფლანგავთ თავმოყვარეობის ნარჩენებს.

მერე კი, როცა საბოლოოდ შეგვრცხვება ერთმანეთის და როცა უხერხულად გაღიმებასაც კი ვერ შევძლებთ სიტყვა ღირსების გაგონების დროს, აი სწორედ მაშინ გამოიჩენენ "დიდსულოვნებას" და უკვე თავსლაფდასხმულებს, მაგრამ "უზომოდ მადლიერებს" გვიწყალობებენ "საჩუქარს", რათა ამითღა დავრჩეთ კმაყოფილები და აღარც მოგვინდეს, შეგვეშინდეს ან უბრალოდ შეგვეზაროს თუნდაც მხოლოდ ლაპარაკი მკვლელებზე...

ამიტომ თავს ნუ დაიმცირებთ ხვეწნა-მუდარით!

თქვენი ხმა სხვაგან უნდა ისმოდეს. და ბევრად უფრო მკაფიოდ, ვიდრე დღეს ისმის.

იხმაურეთ!

ამხილეთ!

როგორც კრეონი ამხილა ანტიგონემ...

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG