Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია უდეტალებოდ


სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში
სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში

გაბრიელ სალოსის გამზირზე თითქმის ოცსაათიანი სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბრის საღამოს დაადასტურა. უწყების პრესმდივნის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი და ლიკვიდირებულია სამი:

„ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან“.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი, რომელსაც დღის პირველ ნახევარში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმის განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობის გამო დაიღუპა:

„გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა-სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალას ფუძის მოტეხილობა. ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და, სამწუხაროდ, პაციენტი დაიღუპა“.

სპეცოპერაციისას დაიჭრა სპეცრაზმის კიდევ ორი თანამშრომელი. გარდა ამისა, დაჭრილია შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

ილია ნინუა მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ბინის ფანჯრებიდან ადევნებდა თვალს ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდინარე სპეცოპერაციას, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების დასაკავებლად დაიგეგმა. მისი სიტყვებით, ხუთ საცხოვრებელ სახლს სამართალდამცავებმა ამკრძალავი ლენტი 21 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 10 საათიდან შემოავლეს:

პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით...
გიორგი კვირიკაშვილი

„თავიდან გავიცინეთ, სერიოზული არაფერი გვეგონა. მერე, სადღაც 12 საათისათვის, უკვე სროლა დაიწყო. „ლიმონკების“ ხმა გავიგონეთ. დილის ხუთ საათზე ისევ გავიგეთ სროლის ხმა. ერთი საათი ისმოდა სროლის ხმა. დილის 10 საათისთვის ისევ დაიწყო სროლა. ძალიან მაგარი სროლა იყო. ისე მეგონა, ომი დაიწყო“.

პირველი ოფიციალური ინფორმაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თითქმის 15 საათის თავზე, 22 ნოემბერს, პირველი საათისთვის გაავრცელა. უწყების პრესმდივნის, ნინო გიორგობიანის, განცხადებით, თავდაპირველად სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლი გახსნეს:

„ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, და, ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ“.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის პროცესი გააკრიტიკა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამ პროცესს „უთავბოლოს“ უწოდებს და კითხვის ნიშნები აქვს ხელისუფლებასთან:

„რატომ არ მოხერხდა ადამიანების დროული ევაკუაცია, რომლებიც მოყვნენ ჯვარედინი სროლის ქვეშ? როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ტერორისტები თბილისის ცენტრში ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა კრიმინალურ დაზვერვას? რატომ შეუშვეს პატარა ბავშვები საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დილას და რატომ მოხერხდა მათი ევაკუაცია რამდენიმე საათის შემდეგ? რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა და არ მოუწოდა მოსახლეობას? რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას, რომ საზოგადოება კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს“.

სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში
სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში

კითხვები აქვს ხელისუფლებასთან შორენა ლორთქიფანიძესაც, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელს. მისი კითხვები ამგვარ სიტუაციაში მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეხება:

„სახელმწიფოს მოეკითხება, როგორ ინსტრუქტაჟს აძლევს ის მოქალაქეებს ასეთ სიტუაციაში. ძალიან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რას ეუბნება ის მოსახლეობას, როგორ ამშვიდებს, სად ათავსებს, როგორია ინსტრუქტაჟი ასეთი მოქმედებების დროს. მე დავინტერესდებოდი, რამდენად არსებობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში ამ ტიპის დოკუმენტები, რომლითაც ისინი ასეთ ვითარებაში ხელმძღვანელობენ“.

სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცავები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა, სადაც მან სპეცოპერაციის თაობაზე პირველი კომენტარიც გააკეთა:

„პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“.

სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში
სპეცსამსახურების წარმომადგენლები ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს თბილისში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი ცნობები გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ვინაობის თაობაზე უახლოესი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი.

თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობასა და თბილისის მერიას დაუკავშირდეს:

„ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, მერია მათ აუცილებლად უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG