Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეზოსთან დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. იქვე იყო გაშლილი ორი თეთრი კარავი. ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეები „რუსთავი 2“-ის მფლობელობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ და ხელისუფლების ჩარევაზე აკეთებდნენ აქცენტს.

აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად
please wait

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
გადმოწერა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო საზოგადოება დილიდან ტელევიზიის ეზოსთან შეიკრიბა, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი კი შენობაში საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში იღებდა მონაწილეობას. როგორც საკოორდინაციო საბჭოს შეკრებიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, ქართულ პოლიტიკაში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილმა „პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ“ ახალი რეალობა გააჩინა. შესაბამისად, მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განიხილებოდა ის ღონისძიებები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი ერთობლივად გეგმავს ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოსახატად:

„სავარაუდოდ, საუბარია აქციების ორგანიზებაზე, მრავალათასიანი აქციების ორგანიზებაზე, სამოქალაქო პროტესტის სხვა ფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს პიკეტირებასაც, რეგიონებში გასვლასაც, ხალხთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას და მათში საპროტესტო მუხტის გაღვივებას და ა.შ.“

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ტელევიზიის შენობასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

„რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად ტელევიზიაში მისული ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ ხელმძღვანელის, ქეთევან ხუციშვილის, სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესი დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილოთ.

„ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ერთდროულად მიმავალ პროცესს. ერთი მხრივ, ეს არის დავა „რუსთავისათვის“, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ და უცნაურ პროცესებს საზოგადოებრივ ტელევიზიაში, სადაც ახალი მენეჯმენტი, ფაქტობრივად, ცდილობს ყველა წამყვანი და მნიშვნელოვანი გადაცემის დახურვას და ამას, მე მგონი, თავისთავად სახელი უნდა დაერქვას და კიდევ ერთი პროცესი - რამდენიმე კერძო ტელევიზიის გაერთიანება, ჯერ კიდევ გაუგებარია, ვისი ქოლგის და ვისი საკუთრების ქვეშ - აი, სწორედ ეს ყველაფერი ერთად გვაფიქრებინებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი“.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ თამარ კეკენაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, შემთხვევითი არ არის, რომ ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხელისუფლების ჩარევით სასამართლომ მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან მეორე დღესო:

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ მას არ უნდა მოისმინოს კრიტიკული აზრი და არ დაუშვებს ასეთი მედიასაშუალებების არსებობას. მან კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახვა ის, რომ სრულად აკონტროლებს სასამართლოს ყველა ინსტანციას და ძალიან ღიად დაიწყო ე.წ. დიქტატორულ-ავტორიტარული რეჟიმით მართვა და ასეთი ქვეყნების ადგილი არც ნატოშია და არც ევროკავშირში“.

ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია იმის გამო მივიდა, რომ, მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება კრიტიკული აზრის თავისუფლად გამოთქმა:

„დღეს ამ გარემოში, რომელიც ამ ხელისუფლებამ შექმნა, „რუსთავი 2“-მა ბევრად სხვა მნიშვნელობები შეიძინა და, პრინციპში, წამებულად აქცია ამ ხელისუფლებამ არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი იყო, არამედ იმიტომ რომ ალტერნატიული და მძაფრად კრიტიკული მოსაზრებების გამტარებელი და გამავრცელებელი მედიაორგანიზაციაა და იმედი მაქვს, რომ იქნება. დღეს აქ წყდება არა ერთი მედიის და ტელევიზიის ბედი, რომელიც მოგვწონს ან არ უნდა მოგვწონდეს, აქ წყდება მედიასივრცეში კრიტიკული მოსაზრების არსებობა-არარსებობის საკითხი“.

„რუსთავი 2“-ის ეზოსთან მისული მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მაყურებელს კრიტიკული აზრის მოსმენის საშუალებას უხშობს, რის წინააღმდეგაც სამოქალაქო ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვითხრა ნინო ცისკარიშვილმა, რომელიც ტელევიზიის მხარდასაჭერად „რუსთავი 2“-ის ეზოში რამდენიმე მეგობართან ერთად იყო მისული:

„მე დღეს აქ ვარ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის დასაცავად. დღეს თუ „რუსთავი 2“ წაიღო ბიძინა ივანიშვილმა, - აქ არავითარი ხალვაში არ არსებობს, ხალვაში არის სიცრუე, - ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში, რომლის ნგრევასაც მე მოვესწარი და მე არ მინდა ჩემმა შვილმა იცხოვროს ასეთ საქართველოში“.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნულ პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 19 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ:

„შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%). როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტურ მედიაგარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პროვოკაციებისა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებისგან.

ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ტელევიზია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ტელევიზიისა, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს. მათივე განცხადებით, მედიაპლურალიზმს და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG