Accessibility links

არასრულწლოვნები, სუიციდი და „ლურჯი ვეშაპი“


14 წლის სანდრო სასწაულებრივად გადარჩა, 13 წლის ელენე, საუბედუროდ, ვერა. ორივე ბავშვის მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვები ინტერნეტთამაშმა აიძულა სიცოცხლე თვითმკვლელობით შეეწყვიტათ.

თამაშამდე ან თამაშში ჩართვის დროს ოჯახის წევრები ამჩნევდნენ ცვლილებებს მოზარდების ქცევაში, ხასიათში, ჩაცმულობაშიც კი. ისინი თავს არიდებდნენ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ კომპიუტერთან - მათ შორის, ღამის საათებში, - გაურბოდნენ მშობლებთან კონტაქტს. ოჯახის წევრები ამ თვალსაჩინო ცვლილებებს ასაკობრივ თავისებურებებთან აკავშირებდნენ.

„გარდატეხის ასაკს ხომ ახასიათებს ეს ცვლილებები“, - ამბობს 13 წლის ელენეს დედა, ნანა ბერძენიშვილი. ელენემ გასული წლის 29 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. მისი ნივთები ისევ საგამოძიებო უწყებაშია, გამოძიებას პასუხი ჯერ არ აქვს. გამოძიების პარალელურად ელენეს დედა ეცადა შვილის ეს საქციელი თავად აეხსნა, კითხვებზე პასუხი თვითონ ეპოვა.

„ჩემითაც ვცდილობდი გამომერკვია რაღაც საკითხები, ველაპარაკე ელენეს მეგობრებს და ყველაფერს ისევ და ისევ ინტერნეტთამაშთან მივყავარ, სხვა ვერსიას ვერ დავასახელებ“, - ამბობს 13 წლის ელენეს დედა, ნანა.

მანამდე იყო სხვა ცვლილებები: „სოციალურ ქსელში ბოლო დროს ბევრ უცნაურ ადამიანს იცნობდა, ურთიერთობა გაწყვიტა ისეთ მეგობრებთან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება აკავშირებდა. პატარა ძმას გაუმხილა, რომ მისი მოკვლით ემუქრებოდნენ...
სალომე შონია

სახიფათო ინტერნეტთამაშთან აკავშირებს 14 წლის სანდროს და, სალომე შონია, თავისი ძმის მცდელობას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა:

„სხვა ვერსია, უბრალოდ, გამორიცხულია... ყველაფერი მხოლოდ თამაშის ინსტრუქციებზე მიანიშნებს. წინა დღეს ხელები ჰქონდა დასერილი. იმ დღესაც, სანამ აივნიდან გადახტებოდა, რამდენიმე წუთით ადრე მეგობრებს მისწერა, რომ ისინი უყვარს და სხვა, უცნაური ტექსტები“. მანამდე იყო სხვა ცვლილებები: „სოციალურ ქსელში ბოლო დროს ბევრ უცნაურ ადამიანს იცნობდა, ურთიერთობა გაწყვიტა ისეთ მეგობრებთან, რომლებთანაც მთელი ცხოვრება აკავშირებდა. პატარა ძმას გაუმხილა, რომ მისი მოკვლით ემუქრებოდნენ“.

სანდრო გადარჩა. მის საქმესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მისი ნივთებიც გამოძიების ორგანოებს აქვთ. სანდროს ოჯახის წევრები დაიკითხნენ.

17 წლის მოზარდი, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტთამაშს თამაშობდა. აჭარის ტელევიზიასთან საუბარში ის ამბობს, რომ თამაშით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა - არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, მის მერე აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებონ“, - აცხადებს არასრულწლოვანი.

მოზარდისვე თქმით, ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოახდინეს და მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას კავშირი ჰქონდა „ლურჯ ვეშაპთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება...
შსს-ს განცხადება

ცნობაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა, ვკითხულობთ:

„აჭარაში, ხელვაჩაურში, გასულ წელს მომხდარ მოზარდის სუიციდის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაიგზავნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მოზარდი ხელმეორედ გამოკითხა. არასრულწლოვანმა, როგორც გასულ წელს, კვლავ უარყო ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ რაიმე სახის კავშირი. მოზარდმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს ონლაინთამაშით დაინტერესება დაუდასტურა, თუმცა იქვე განმარტა, რომ აღნიშნულ თამაშში არასდროს ჩართულა. მოზარდისვე თქმით, ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოახდინეს და მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მას კავშირი ჰქონდა „ლურჯ ვეშაპთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს მოზარდთა თვითმკვლელობის და სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოიკითხა 100-ზე მეტი მოზარდი, ჩატარდება მათი საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებების კვლევა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლების მიერ შესწავლილ მასალებში სახიფათო ინტერნეტთამაშში მოზარდების მონაწილეობა ამ ეტაპზე არ იკვეთება“.

ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა: შსს-ს ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება ონლაინთამაშის - „ლურჯი ვეშაპის“ - შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მიმდინარე გამოძიების პროცესში პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას - მათ შორის, ნაკაწრის სახით - შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა...
შსს-ს განცხადება

სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება, თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაშ, რა თამაშს თამაშობენ მოზარდები? რატომ ვერ პოულობს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამაშის კვალს მოზარდების კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში, რატომ სჯერათ სუიციდის მცდელობის მქონე ან სუიციდის ჩამდენ არასრულწლოვანთა ოჯახის წევრებს, რომ საბედისწერო ინტერნეტთამაში მათი შვილების ბედს წყვეტს, რა არის „ლურჯი ვეშაპი“?

„ე.წ. „ლურჯი ვეშაპი“ კიბერბულინგის, გავლენის ფსიქოლოგიის ტექნოლოგიით მართული, ინტერნეტსივრცეში არსებული სოციალური მოვლენა უფროა, ვიდრე ერთი რომელიმე კონკრეტული თამაში“, - ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე. - „’ლურჯ ვეშაპად’ წოდებული ეს მოვლენა არ არის ტიპიური თამაში, რომელსაც გადმოვწერთ, ან რაიმე კომპაქტდისკით, ან რაიმე მატარებლით შევინახავთ და დავიწყებთ თამაშს. ეს უფრო მეტად არის სოციალურ ქსელში არსებული მოვლენა და კიბერბულინგის სახე. ის ორიენტირებულია დავალებების მიცემაზე, მაგალითად, რამდენად დიდხანს გაძლებს მოზარდი ფეხზე დამდგარი. ეს არის დასაწყისში, მოგვიანებით დავალებები იძენს სახიფათო შინაარსს და, შესაძლოა, დასრულდეს სუიციდის დავალებით“.

ანდრო გოცირიძე
ანდრო გოცირიძე

პროცესს მართავს სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადმინისტრატორი. მისი გამოვლენა, ადგილსამყოფლის დადგენა ძალიან რთული და დროში გაწელილი პროცესია. რაც შეეხება მოზარდისა და კიბერბულინგის განმახორციელებლის კომუნიკაციას, ის შეიძლება შედგეს როგორც მოზარდის მხრიდან, ასევე ადმინისტრატორის მხრიდან. ამ ხიფათის თავიდან აცილების მიზნით, ანდრო გოცირიძის თქმით, არსებობს მარტივი თავდაცვის მექანიზმი, რასაც კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება ჰქვია:

„მშობლებმა უნდა ამოწმონ და აკონტროლონ შვილის აქტივობა ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებში. უნდა ასწავლონ მათ უსაფრთხო ქცევა ინტერნეტში, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში გზაზე გადასვლის წესებს ასწავლიან. უნდა აუხსნან მათ, რომ არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელში თავიანთი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პერსონალური ინფორმაციის შემცველი ცნობები, დაუმეგობრდნენ მხოლოდ რეალურ ნაცნობებს, არ დამალონ ონლაინმეგობრის ქმედებით გამოწვეული დისკომფორტი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, შვილი რეალური სახელით არის რეგისტრირებული სოციალურ ქსელში თუ იყენებს ყალბ პროფილს. თუ ის იყენებს ყალბ პროფილს, ე.ი. რაღაცას მალავს“.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის ან თვითმკვლელობის მცდელობის ცალკე სტატისტიკა არ არსებობს. სულ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, შსს-ს 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, საქმე აღძრულია 126 შემთხვევაში, 2017 წლის სტატისტიკის თანახმად კი, - 161 შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში არ ჩანს, თუ რამდენ შემთხვევაში აღიძრა საქმე არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად, შსს-ს 180 შემთხვევაში აქვს საქმე აღძრული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დ 3 თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.

უძილობით დაღლილი მოზარდის გონება გარკვეული ტრანსის მდგომარეობაში გადადის, მას უჭირს გაცნობიერებული დასკვნების გამოტანა, ფერხდება ანალიზის უნარი და, შესაბამისად, მარტივდება მასზე გავლენის მოხდენა...
მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ჰყვება რამდენიმე შემთხვევაზე, როცა მასთან კონსულტაციაზე მისული მოზარდები სახიფათო ინტერნეტთამაშში მონაწილეობის შესახებ საუბრობდნენ. მათი უმეტესობა კომპიუტერთან ატარებდა ძალიან დიდ დროს, 8-დან 12 საათამდე:

„უძილობით დაღლილი მოზარდის გონება გარკვეული ტრანსის მდგომარეობაში გადადის, მას უჭირს გაცნობიერებული დასკვნების გამოტანა, ფერხდება ანალიზის უნარი და, შესაბამისად, მარტივდება მასზე გავლენის მოხდენა“.

მარინა კაჭარავას სიტყვებით, არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომლითაც მოზარდები დაცული იქნებიან სხვადასხვა ხიფათებისგან, ისევე როგორც არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელიც ყველა მოზარდს ერთნაირად გააძლიერებს.

„საჭიროა ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება, ბავშვის, ადამიანის პიროვნებად აღიარება, მისდამი პატივისცემის დამოკიდებულება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან და არა მისდამი მომხმარებლური დამოკიდებულება, როგორც საყვარელ თოჯინასთან. საჭიროა მისი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების, განხილვა. ასევე სახიფათოა ჰიპერმეურვეობა, გადაჭარბებული მეურვეობა, რაც ნიშნავს მის მაგივრად ცხოვრებას. მშობელი უნდა იყოს მზრუნველი, მაგრამ არ უნდა იღებდეს მის ნაცვლად ყველა გადაწყვეტილებას. ხშირად ჩვენ მოძალადეები ვართ, როცა მიგვაჩნია, რომ მას კარგს ვუკეთებთ, როცა გვგონია, რომ ის, რაც ჩვენ თავს ვერ გავუკეთეთ, მათ ვუკეთებთ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი ბავშვის თვალით - ჩვენ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, საზოგადოებამ“, - ამბობს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG