Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილის თვითმმართველ თემში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 93,04 % მოიპოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ კი, რომელიც, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენში მაინც იყო შეტანილი, ხმათა 6,96 % დააგროვა.

დათვლილია 39-ვე უბანი. მოსულია 12 629 ამომრჩეველი. დანელიამ მიიღო 859 ხმა. ეს არის 6,96 %. ალექსანდრე გრიგალავამ მიიღო 11 480 ხმა. ეს არის 93,04 % ...
გრიგოლ ბართაია

მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიას თვითმმართველი თემის 39-ვე უბნიდან შემოსული ბიულეტენები უკვე ღამის თორმეტ საათამდე ჰქონდა დათვლილი. კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას განცხადებით, როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად ჩაიარა:

„დათვლილია 39-ვე უბანი. მოსულია 12 629 ამომრჩეველი. დანელიამ მიიღო 859 ხმა. ეს არის 6,96 %. ალექსანდრე გრიგალავამ მიიღო 11 480 ხმა. ეს არის 93,04 %. ბათილია 283 ბიულეტენი. ნამდვილი ბიულეტენის რაოდენობაა 12 339”.

მარტვილი
მარტვილი

გრიგოლ ბართაიასავე ინფორმაციით, მარტვილში კენჭისყრის დღეს მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დარღვევა სოფელ გურძემში მდებარე მე-12 უბანზე დააფიქსირა:

„საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირადობის მოწმობის გარეშე გაატარეს ამომრჩეველი, რომელმაც მისცა ხმა“.

ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა მარტვილის მერი გავმხდარიყავი...
ალექსანდრე გრიგოლავა

სანამ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს შეაჯამებდა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერებმა წარმატება ავტომობილების მსვლელობით აღნიშნეს. ისინი საყვირებითა და პარტიის დროშებით გადაადგილდებოდნენ ქალაქის ცენტრში. განცხადება ასევე წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე გააკეთა თავად ალექსანდრე გრიგალავამაც. მისი თქმით, მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კონკურენტ კანდიდატთან, რომლის სახელი და გვარი, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მაინც ეწერა ბულეტენში:

„ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა მარტვილის მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა”, - თქვა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მარტვილი ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. აქ კანდიდატებმა პირველ ტურში 50 %-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

XS
SM
MD
LG