Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის დონორთა კონფერენციის მონაწილეები ათმილიარდდოლარიან დახმარებაზე შეთანხმდნენ


ბან კი მუნი
ბან კი მუნი

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მიესალმა დაპირებას, სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე, რომელიც ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გამოითქვა. ბან კი მუნის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთ დღეში არასოდეს შეუგროვებია ასეთი დიდი თანხა − ათ მილიარდ დოლარზე მეტი. აქედან ექვსი მილიარდი 2016 წლის განმავალობაში უნდა გამოიყოს. კონფერენციის ფონი იყო სირიაში რუსეთის საჰაერო იერიშების გახშირება და ჟენევაში მიმდინარე წინასწარ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გამოცხადებული „დროებითი პაუზა“. კონფერენციის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, გამოვიდა 1,75 მილიარდი დოლარის გამოყოფის დაპირებით დღევანდელ დღესა და 2020 წელს შორის. აშშ-ის დელეგაციამ, რომელსაც სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ დამატებით გამოყოფს 900 მილიონ დოლარს. ამით სირიის დასახმარებლად აშშ-ის მიერ დახარჯული თანხა 5,1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. გერმანიამ განაცხადა, რომ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 2018 წლამდე 2,5 მილიარდს გაიღებს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა 3 თებერვალს „ტვიტერით“ დაწერა, სირიისთვის დახმარების გამოყოფაზე მსჯელობა რთულია, როცა მოლაპარაკებას სირიის მთავრობა არ ესწრებაო. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა“ გააკრიტიკა რუსეთი და სირიის პროცესებში ჩართული სხვა ქვეყნები იმისთვის, რომ ისინი არ ეხმარებიან კონფლიქტის მსხვერპლთ. კონფლიქტს ემსხვერპლა, სულ ცოტა, 250 ათასი ადამიანი, მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG