Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბაჩო ახალაია მეორე საქმეში გაამართლა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სპეცრაზმელის წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად გასამართლებულ სხვა პირთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენით პროკურატურა უკმაყოფილოა, დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ დასაბუთებული და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული 4 საქმიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 ოქტომბერს მესამე საქმეზე გამოიტანა განაჩენი. შესაბამისად, სამი განხილული საქმიდან 2 საქმეში გამამართლებელი განაჩენი დადგა. კერძოდ, ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნეს ციხის ბუნტის საქმეში, გაამართლეს სამხედროების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და 7 სპეცრაზმელის წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმეებში. ამ უკანასკნელ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2012 წლის 18 აგვისტოს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7 თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე განცხადების თანახმად, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს, ბრალდების მხარემ კი ვერ შეძლო დანაშაულის კვალიფიცირებისთვის საჭირო მასალების წარდგენა.

“ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა“, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ბაჩო ახალაიას ადვოკატებისთვის, რომლებიც, იმავდროულად, არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ადვოკატმა გიორგი ონიანმა, მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ განუცხადა, რომ, „სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას მორალურად საწინააღმდეგო არაფერი ექნება, თუ პრეზიდენტი მას ქურდების მიერ გამოტანილ განაჩენზე შეიწყალებს“.

რა თქმა უნდა, ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. ბაჩო ახალაიას დანაშაული არ ჩაუდენია და არ აღიარებს დანაშაულს. თავისებური ფორმა არსებობს. პრეზიდენტს იმის მიუხედავად შეუძლია შეიწყალოს, აღიარებს თუ არ აღიარებს...
მალხაზ ველიჯაშვილი
პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნის შესახებ კომენტარი ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს ვთხოვეთ. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა შეწყალების თხოვნა დანაშაულის აღიარებას, ადვოკატმა გვიპასუხა:

“რა თქმა უნდა, ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს. ბაჩო ახალაიას დანაშაული არ ჩაუდენია და არ აღიარებს დანაშაულს. თავისებური ფორმა არსებობს. პრეზიდენტს იმის მიუხედავად შეუძლია შეიწყალოს, აღიარებს თუ არ აღიარებს. ყველაფრის მიუხედავად შეუძლია შეიწყალოს. ალბათ, ბაჩო ახალაია თუ მიმართავს, ამ კუთხით მიმართავს“.

პრეზიდენტს ბაჩო ახალაიას შეწყალების უფლებამოსილება იმ საქმესთან დაკავშირებით აქვს, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია. ასეთია ციხის ბუნტის საქმე, რომელშიც ბაჩო ახალაია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, დამნაშავედ 28 ოქტომბერს ცნეს და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ბაჩო ახალაია ამ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ პროცედურას პრეზიდენტის შეწყალების აქტმაც კი დაასწროს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს:

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების საკითხს. და თუ თქვენ კონკრეტულად გაინტერესებთ ჩემი პოზიცია აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, მე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს, მიმაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულებები...
დავით მესტვირიშვილი
“ბაჩო ახალაიას აქვს უკვე 4 საქმე. ორ საქმეზე ის არის გამართლებული, ერთზე მისჯილი აქვს, ერთი ახალი საქმეა, რაზეც უკვე გამამტყუნებელი განაჩენია გამოსული. იმასთან მიმართებაში აქვს შეწყალების უფლება პრეზიდენტს, თუმცა რჩება კიდევ ერთი საქმე, ახალი საქმე, სადაც მას პატიმრობა შეეფარდა და, შესაბამისად, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს, საპატიმრო დაწესებულებას ვერ დატოვებს მაინც“.

მეოთხე საქმე, რომელშიც ბაჩანა ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ოქტომბერს შეუფარდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ პირთა განაჩენის არასათანადოდ აღსრულების ბრალს უკავშირდება. კახა კოჟორიძის თანახმად, პრეზიდენტის შეწყალების შემთხვევაშიც კი ბაჩანა ახალაია სწორედ ამ საქმის გამო დარჩება საპატიმროში მაშინაც, თუ, პროკურატურის საჩივრების მიუხედავად, ზემდგომი ინსტანციები ბაჩო ახალაიას ორ გამამართლებელ განაჩენს ძალაში დატოვებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის პროკურატურას ერთთვიანი ვადა აქვს. პროკურორი დავით მესტვირიშვილი ამბობს, რომ ის სასამართლო გადაწყვეტილების ნახვის, კერძოდ, დასაბუთების თვალსაზრისით მისი შეფასების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს.

“ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების საკითხს. და თუ თქვენ კონკრეტულად გაინტერესებთ ჩემი პოზიცია აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, მე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს, მიმაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას“, ამბობს პროკურორი ეგრეთ წოდებული 7 სპეცრაზმელის საქმის თაობაზე.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესი კი 18 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG