Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას ბრალდება დაუმძიმდა


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეჭვით დაკავებულ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, უფლებამოსილების გადამეტების გარდა, ბრალი ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის უფროსსა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურს, მათ ბრალდება არ დამძიმებიათ.

ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავს ბრალი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს. ბაჩო ახალაიას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, დაკავების მიზეზს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, დაემატა სხვა, უფრო მძიმე, ბრალდება, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით:

„ახალი ბრალდება ესაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ანუ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი. მტკიცებულებები ახლა გადმოგვეცა, ჯერჯერობით არ გავცნობივართ. ახალაია აცხადებს, რომ ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მსგავსს ადგილი არ ჰქონია“.
საშინელი სურათი იყო. ჩემი მეღლის გვამი ისე იყო დასახიჩრებული, რომ ცნობა გაგვიჭირდა. ჩემმა შვილმა რომ ნახა, თავიდან თქვა, რომ მამაჩემი არ არისო ...
ნანა თეთრაძე

7 ნოემბერს, ბრალის ოფიციალურ წაყენებამდე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროკურატურამ დაკითხა მოწმეები, რომლებიც ამყარებენ ხუთი დაზარალებული სამხედრო მოსამსახურის მიერ მიცემულ ჩვენებებს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ივარაუდა, რომ, გამოძიების შედეგად, ბრალდება დაუმძიმდება ბაჩო ახალაიას 2006 წელს ციხის ბუნტის დროს მომხდარი მკვლელობითა და სერგო თეთრაძის საქმის მასალებით:

„სამხედრო პოლიციამ დააკავა, შინიდან წაიყვანა და რამდენიმე დღეში უკან მიასვენეს გარდაცვლილი. მის დაკითხვაში მონაწილეობდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა და, როგორც ჩვენი ინფორმაციის წყარო ამბობს, სერგო თეთრაძე შემოაკვდათ. თეთრაძის მეუღლემ შემოიტანა ბაჩო ახალაიას და სხვების წინააღმდეგ საჩივარი...“

იუსტიციის მინისტრის მიერ ნახსენები სერგო თეთრაძე შარშან,17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. 6 დღის შემდეგ, 2011 წლის 23 სექტემბერს, ოჯახს აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, ამგვარი ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე, დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი წამების შედეგად გარდაიცვალა:

„საშინელი სურათი იყო. ჩემი მეღლის გვამი ისე იყო დასახიჩრებული, რომ ცნობა გაგვიჭირდა. ჩემმა შვილმა რომ ნახა, თავიდან თქვა, რომ მამაჩემი არ არისო. რამდენიმე ზომით პატარა, სხვისი ტანისამოსი ეცვა. ბოტასები თავისი იყო, მაგრამ სისხლის წვეთები ეტყობოდა ზედ. სახეზე შეშუპებები ჰქონდა, ცემის კვალი ეტყობოდა. აშკარა იყო, რომ მძიმე საგნის დარტყმით მიაყენეს დაზიანებები, რაც მთელ ტანზეც ემჩნეოდა“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ყოფილი პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. სააგენტო „ინფო-9“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა აღშფოთება გამოთქვა გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავების ფორმასთან დაკავშირებით:
გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იქნა დაკავებული, მაგრამ ისიც ყველასათვის ცხადია, რომ დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული ...
ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის სამარცხვინო, კაგებეშნიკური მეთოდი. ქართულ ჯარში ქართველი გმირი გენერლის დაკავება ღამის სამ საათზე მინისტრის კაბინეტში ამაზრზენი საქციელია“.

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორთან დაკავებულთა მხარდასაჭერად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ შორის იყო დეპუტატი ნუგზარ წიკლაურიც, რომლის თქმითაც, ბრალი წაუყენეს სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია კრიმინალის დამარცხება და მაფიურ კლანებთან ბრძოლა.

საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, კატეგორიულად უარყოფოფს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იქნა დაკავებული, მაგრამ ისიც ყველასათვის ცხადია, რომ დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული. ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, დაველოდოთ გამოძიებასა და სასამართლოს, რომელიც გვეტყვის, ეს პირი არის დამნაშავე თუ არა“.

თუმცა, ვიდრე გადაწყვეტს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესი 9 ნოემბერს, დღის ბოლომდე გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG