Accessibility links

თეატრალურ თუ, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში (რაც, ალბათ, ერთი და იგივეა, რადგან თეატრალურობა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი თვისებრივი მახასიათებელია) გავრცელებულია სენტიმენტალური მითი, რომ ძველი თაობის რეჟისორებს ყოველთვის ახალი თაობის რეჟისორები აძევებდნენ თეატრებიდან, და რომ ეს, პრინციპში, ლოგიკური და რაღაცნაირად ცხოვრებისეულ-პროფესიული პროცესის ბუნებრივი შემადგენელი იყო.

ამ დროს, არასდროს ყოფილა ასე: სამხატვრო ხელმძღვანელების მდევნელი ოდითგანვე ხელისუფლება იყო საქართველოში.

ეს კი საბჭოური პრაქტიკაა, რომელიც დღემდე წარმატებულად ხარობს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მართალია, სხვადასხვა ეპოქებია (და "სისხლიც", შესაბამისად, სხვადასხვანაირად დაღვრილა), მაგრამ პოლიტიკის ან პოლიტიკოსის გარეშე თითქმის არასდროს არაფერი შეცვლილა მეტნაკლებად მსხვილ თეატრალურ დაწესებულებაში.

ცხადია, აქ არც ისტორიულ ეპოქებს ვადარებ ერთმანეთს, არც პოლიტიკოსებს და არც რეჟისორებს, მაგრამ შედარებისთვის იმის გახსენებაც კმარა, ვინ როგორ ქმნიდა მოხსნა-განდევნის საბჭოურ ტრადიციას.

ბოლოდრონდელმა ამბავმა, თუ როგორ ხსნიან ერთ-ერთ ცნობილ და პოლიტიკურად თუ ყველანაირად ხმაურიან რეჟისორს ერთ-ერთი ცნობილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, არა უახლოესი წარსული, არამედ ერთმნიშვნელოვნად დიადი საბჭოური დრო გამახსენა, უფრო სწორად, პრაქტიკა, რომელიც ჩვენში ლავრენტი ბერიას "ნოუჰაუდ" დამკვიდრდა.

მსახიობ აკაკი ვასაძისა და რეჟისორ სანდრო ახმეტელის ისტორია ამ მხრივ ყველაზე ტრაგიკული და ნიშანდობლივია. ახმეტელის საქმის მთავარი მოწმე (ანუ მამხილებელი) სწორედ ამ რეჟისორის რჩეული მსახიობი - აკაკი ვასაძე იყო. მაგრამ აკაკი ვასაძე მხოლოდ შემსრულებელი გახლდათ, მსხვერპლიც კი, რომელსაც ხელისუფლების (ბერიას) წესებით უწევდა თამაში. ახმეტელის დახვრეტიდან ოცი წლის შემდეგ, როცა ოცდაათიან წლებში დახვრეტილების, მათ შორის, რეპრესირებული რეჟისორის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო ("რეაბილიტაცია" - საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი ცინიკური ტრაგიკომედია), მსახიობმა ჯერ კიდევ ოცი წლის წინანდელი შეშინებულობით აღიარა, რომ ის ლავრენტი ბერიას წაქეზებით მოქმედებდა (რომელიც უკვე თავადაც დახვრეტილი იყო, როგორც ხალხის მტერი) და არავითარ შემთხვევაში საკუთარი ნებით... მისი ნება, საერთოდ, ვისღა აღელვებდა!

ესე იგი, რა გამოვიდა, მსახიობი არა თავისი, არამედ "ხელისუფლების სიბრაზით" ბრაზობდა თეატრიდან განდევნილ რეჟისორზე...

შესაძლოა ბევრს უადგულოდ მოეჩვენოს ეს მსგავსებები, მაგრამ როცა მოვისმინე, თუ როგორ "ბრაზობდა" ერთ-ერთი არტისტ-ქალბატონი თავის ყოფილ მხატვრულ ხელმძღვანელზე, სწორედ ძველი დროის "მამხილებელი" მსახიობი გამახსენდა, კაცი, რომელსაც უბრძანეს, რომ შეუბრალებელი და სასტიკი ყოფილიყო...

თუმცა, ვეჭვობ, რომ ამ შეთხვევაში არც "ბრაზიანი" სამინისტრო ბრაზობს კრისტალურად ავთენტური სიბრაზით და ის სწორედ იმ ავტორიტეტული (თუ უჩინრად ავტორიტარული) სუბიექტის რისხვის გამომხატველია, ვისაც, ალბათ, უკვე აუტანლად აწუხებენ წესებით თუ უწესოდ მოთამაშე და მუდმივი თხოვნა-შეწევნა-ფერების სურვილით შეპყრობილი ძველსაბჭოური თუ პოსტსაბჭოური, ან ნეოქართველური მოდელის ხელოვან-აქტივისტები.

მართალია, სუპერმდიდარ ჩრდილოვან მმართველსა და სუპერმოწუწუნე და სუპერანგარებით მადლობების მთქმელ ხელოვან-აქტივისტებს შორის დადებული ხელშეკრულება სწორედ იმას გულისხმობდა, რომ დიდ მომფერებელს ყოველთვის რაც შეიძლება მეტი უნდა გაეცა სიყვარულის სანაცვლოდ, მაგრამ ისიც ხომ გვახსოვს "ფაუსტიდან", რომ ბოლოს შესაძლოა მეფისტოფელსაც ყელში ამოუვიდეს პრობლემური სულის ლოლიავი?!

მით უმეტეს, როცა უკვე ვიცით, რომ ტიპაჟი, რომელიც უფრო კლდიაშვილისეულია, ვიდრე გოეთესი, მუდმივად ელოდება იმ განუმეორებელ წამს, როცა ნაყიდი სული დაუშვებს შეცდომას: "შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!"

ოდესმე ყველამ უნდა დააბრუნოს თავისი ვალი, რომლის ავანსიც კეთილმა მეფისტოფელმა გასცა, მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, ვინ როდის და როგორ დააბრუნებს ამ ვალს, ანუ როდის და როგორ დაუშვებს შეცდომას.

ერთხელ ნაყიდი სული კი აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, რადგან, ჯერ ერთი, ავანსი სწორედ შეცდომის დაშვებისთვის, უფრო სწორად, შეცდომების კონტროლისთვის იქნა გაცემული და მეორეც, იქ ყოველთვის დაიშვება შეცდომა, სადაც აუტანლად ყალბია სიყვარული - სადაც კი ეფერებიან და თავადაც ითხოვენ მოფერებას, მაგრამ, სინამდვილეში, ისე უყურებენ უჩინარ ხელმძღვანელს, როგორც "ჩამორჩენილ დემონს" (ისევ "ფაუსტი"), როგორც იმ რუსს გალაქტიონ ხოსოლიანის სუფრიდან - როგორც ბაკულას დამაფრთხობელს 2012 წლის არჩევნებზე, როგორც არა "ტაძრების ამგებსა და შიმშილისგან გადამრჩენელს" (ეს, საერთოდ, ვის აინტერესებს, აქტივისტ-ინტელიგენტის ტელერიტორიკის ნაწილია და სხვა არაფერი), არამედ როგორც ფულის ტომარას, როგორც "გააზნაურებულ მდაბიოს", რადგან რამდენიც არ უნდა უმღერონ სახოტბო სიმღერები, მევალე არასდროს არავის შეუყვარდება...

ასე რომ, ვინც ახლა სხვისი სიბრაზით ბრაზობს, იმას ისიც უნდა ახსოვდეს, რომ შაილოკი ოდესმე მასაც (ან მათაც) მოსთხოვს ვალის დაბრუნებას, რადგან მთავარი შეცდომა უკვე დაშვებულია - ხელშეკრულებაზე ხელია მოწერილი, სული გაყიდულია, ერთ შეცდომას კი აუცილებლად მოჰყვება ის მთავარი - მეორე...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG